Belive

ვირტუალური ტურნირი მოულოდნელი ფინალითა და კიდევ უფრო მოულოდნელი დასასრულით

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო ყველანაირი სპორტული ღონისძიება შეჩერებულია, მათ შორის საჩოგბურთოც, Tennis TV-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინა ვირტუალური ტურნირი, რომელში მონაწილეობასაც 64 მოქმედი და ყოფილი ჩოგბურთელი მიიღებდა.

ვარსკვლავურ ტურნირში ნიკოლოზ ბასილაშვილიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა ქართველი ჩოგბურთელი პირველივე ეტაპზე დავიდ ფერერთან "დამარცხდა", ამ უკანასკნელს ხმის მიცემის პერიოდში დაბადების დღეც ჰქონდა, რამაც მის წისქვილზე წყალი დაასხა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ტურნირი Twitter-ზე ხმის მიცემით ტარდებოდა, საქართველოში კი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებგამოყენებადი სოციალური ქსელი სწორედ Twitter-ია.

საინტერესო გამოდგა ტურნირის მიმდინარეობა, სადაც საფინალო შეხვედრა როჯერ ფედერერსა და მარსელო რიოსს შორის შედგა. ცნობილი ფაქტია, რომ ჩილე სოციალური ქსელების გამოკითხვებში საკმაოდ დიდ მხარდაჭერას უცხადებს საკუთარ თანამემამულეებს, სწორედ ამის ხარჯზე მარსელო რიოსი ფინალში გავიდა.

ჩილელების კიდევ ერთი წარმატება 1/4-ფინალურ ეტაპზე კრისტიან გარინის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხება გახლდათ, რაც ცხადია არარეალურია. ცნობისთვის, ნახევარფინალურ ეტაპზე როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის დუელიც შედგა, სადაც შვეიცარიელმა ხმების 66% მიიღო.

საფინალო შეხვედრაც მარსელო რიოსზე მეტად ჩილელებმა მოიგეს, მათ თანამემამულეს როჯერ ფედერერის წინააღმდეგ 2 სეტში გაამარჯვებინეს, შესაბამისად ვარსკვლავური ტურნირის გამარჯვებულის სტატუსიც რიოსს მიენიჭა. ამრიგად, რეალობაში ვერდამარცხებული ფედერერი (მათ შორის 2 შეხვედრა გაიმართა, ორივე მათგანში ფედერერმა იმარჯვა), რიოსმა ვირტუალურად დაამარცხა.

მარსელო რიოსის პროფესიონალური კარიერა 10 წელს გრძელდებოდა - 1994 წელს დაიწყო და 2004 წელს დასრულდა, რა დროშიც მან ერთეულთა თანრიგის 18 ტიტულის მოგება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალური კარიერის დაწყებიდან 4 წელიწადში რიოსი მსოფლიო რეიტინგის სათავეში მოექცა. აქვე გეტყვით, რომ ჩილელი ჩოგბურთელის მონაგარში არცერთი დიდი სლემის ტიტული არ შედის.

სხვა სტატიები