Belive

WTA Wuhan - მიმოხილვა (კონტავეიტი-ვანგი; საბალენკა-ბარტი)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

ანეტ კონტავეიტი VS ჩიან ვანგი

გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრები ჩინეთში WTA-ტურის ფარგლებში მიმდინარე ვუჰანის ტურნირზე, რიგით პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ანეტ კონტავეიტი და ჩიან ვანგი დაუპირისპირდნენ. სპეციალისტების აზრით შეხვედრის ფავორიტად ადგილობრივი, მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერი ჩიან ვანგი მოიაზრებოდა, თუმცა მატჩის მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. პირველ სეტში ანეტ კონტავეიტმა, რომელიც რეიტინგის 27-ე პოზიციაზე იმყოფება, დამაჯერებლად 2-ბრეიკიანი უპირატესობით გაიმარჯვა. საწყისი ორი გეიმის წაგების შემდეგ მან მიჯრით მოახერხა 6 გეიმის მოგება, შესაბამისად სეტის ანგარიში - 6:2 გახლდათ. მეორე სეტში მხოლოდ 3 გეიმი გაიმართა, სამივე გეიმში ბრეიკი შესრულდა, თუმცა სამწუხაროდ ტრავმის გამო ჩიან ვანგმა შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ფინალის საგზური ესტონელ ანეტ კონტავეიტს დარჩა.  

არინა საბალენკა VS ეშლი ბარტი

მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი არინა საბალენკა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, აგრძელებს მოგებების სერიას და ვუჰანის ტურნირის ფინალის საგზურისათვის რეიტინგის მე-17 ნომერ ეშლი ბარტის დაუპირისპირდა. შეხვედრის ფავორიტად ბელორუსი მიიჩნეოდა, პირველ სეტში ჩოგბურთელები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, თუმცა შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან ბარტიმ, რომელიც ანგარიშით 5:4-ზე სეტის მოსაგებად აწვდიდა, საბოლოოდ პირველ სეტში მაყურებელმა ტაი-ბრეიკი იხილა, რომლის გამარჯვებული საგრძნობი უპირატესობით არინა საბალენკა გახდა. მეორე სეტის პირველივე გეიმში არინა საბალენკამ მეტოქეს საკუთარი მოწოდება მოუგო და სწორედ ამ ბრეიკის ხარჯზე ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ასეთია: 7:6(2), 6:4.

სხვა სტატიები