10-კაციანმა დილამ ექს-ჩემპიონთან ქულა გადაარჩინა და ლიდერობა შეინარჩუნა 

ამ სეზონში უკვე მესამედ მოხდა, რომ 10-კაციანმა გორის “დილამ” თამაშის სცენარის შემობრუნება მოახერხა. თელავში, ადგილობრივ გუნდთან ბოლო წუთზე გადარჩენილი ქულის (1:1) და მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისთან”, თანაც სტუმრად დამატებით დროში, (2:1) გამარჯვების შემდეგ, გიორგი ნემსაძის კაცნაკლულმა გუნდმა ქულა ამჯერად ექს-ჩემპიონ “საბურთალოს” აართვა.

ეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 2 აგვისტოს გამართულ მატჩში მოხდა, სადაც თბილისურმა და გორულმა კლუბებმა ფრე გააგორეს – 1:1.

მატჩში ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა. სანდრო ალთუნაშვილმა, რომელიც შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, საჯარიმოში ელვინ ტერას მშვენიერი პასი შეაყოლა, თავის მხრივ, 23 წლის კენიელმაც იყოჩაღა და “საბურთალო” დააწინაურა.

პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე, მეტოქის წინააღმდეგ უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა მიკოლა კოვტალიუკი.

მეორე ნახევრის დაწყება “დილას” კაცნაკლულს და მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირის გარეშე მოუწია, თუმცა ამას გორელებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ შემტევი ფეხბურთი ეთამაშათ. მრავალმა მცდელობამ შედეგი საბოლოოდ მე-80 წუთზე გამოიღო, როცა გიორგი ლაცაბიძის გადაცემა საჯარიმოში გავიდა, ბურთი ნუგზარ სპანდერაშვილს მიუვიდა, კარში ზუსტად გადაგზავნა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

ამრიგად, გორელებმა ბათუმის “დინამოსთან” ერთად იმ გუნდის სტატუსი შეინარჩუნეს, რომელსაც 8 ტურის შემდეგ წაგება არ აქვს და 16 ქულით ცხრილის სათავეში დარჩნენ. რაც შეეხება “საბურთალოს”, თემურ შალამბერიძის გუნდს 13 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია. პირველი წრის ბოლო ტურში “საბურთალო” “სამტრედიას” ესტუმრება, “დილა” კი “ლოკომოტივს” მიიღებს.

საბურთალო“: კუპატაძე – ჭიჭინაძე, მარგველაშვილი (კ), კაკუბავა (გრიგალაშვილი, 68) – მალი, ტერა (მაჭარაშვილი, 46), ალთუნაშვილი, ტაბატაძე – გულიაშვილი (ლუმუ, 74), ქავთარაძე. (3-5-2).

მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე.

დილა“: გუგეშაშვილი – ხურცილავა, მაისაშვილი (კ), იენდეუენტიეტოუ (სანტოსი, 64), ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა, 46), ლაცაბიძე – გორგიაშვილი (სპანდერაშვილი, 31) – კოვტალიუკი, ლექვთაძე (3-4-1-2).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.

გოლი: 1:0 ელვინ ტერა (28), 1:1 ნუგზარ სპანდერაშვილი (80).

გაფრთხილება: ლევან კაკუბავა (33), დავით ხურცილავა (38), დაჩი ცნობილაძე (76), ირაკლი ლექვთაძე (85), დავით კუაპატაძე (85), დავით მაისაშვილი (88).

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.

ფოტო: ეროვნული ლიგა. 

(70)

10-კაციანმა დილამ ექს-ჩემპიონთან ქულა გადაარჩინა და ლიდერობა შეინარჩუნა 

სტატიის ავტორი
-