თელავის წაუგებელი სერია საბურთალოსთან დასრულდა – თბილისელებმა კარანტინის შემდეგ პირველად იმარჯვეს 

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მეორე სათამაშო დღეს ერთმანეთს “საბურთალო” და “თელავი” დაუპირისპირდნენ.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართულ მატჩს გუნდები განსხვავებული სათამაშო ფორმით და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ. მასპინძლებს 5 ქულა ჰქონდათ, ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებდნენ და ბოლო სამ თამაშში მოგება არ ჰქონდათ. რაც შეეხებათ სტუმრებს, ისინი წამყვანი სამეულის შემდეგ ერთადერთნი იყვნენ, ვისაც წაგება არ ჰქონიათ და 6 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებოდნენ.

პირველი ტაიმის უმეტესი ნაწილი თანაბარი გამოდგა და გამოკვეთილი უპირატესობა არცერთ გუნდს ჰქონია, თუმცა ბურთს თბილისელები უფრო აქტიურად აკონტროლებდნენ. მეორე ნახევარში “საბურთალოს” უპირატესობა გაიზარდა, რასაც “თელავის” უკანახაზელები რიგ ეპიზოდებში თამაშის წესების დარღვევით უმკლავდებოდნენ.

თამაშის გამწვავებას ორივე გუნდის შემტევები ცდილობდნენ, განსაკუთრებით კი სტანდარტული სიტუაციების დროს, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე 68 წუთამდე არ მისულა. თელაველთა კაპიტანმა ანტონ თოლორდავამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში, საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მეტოქეს 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მისცა. პენალტი ზუსტად გიორგი კოხრეიძემ შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა.

“საბურთალოს” მეათე ნომრის მიერ გატანილი გოლი მატჩში ერთადერთი და სამი ქულის მომტანი გამოდგა. ამრიგად, “თელავი” სეზონში პირველად დამარცხდა, მასპინძელმა კლუბმა კი ბოლო ოთხ ტურში პირველად იმარჯვა, 8 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციამდე ამაღლდა. შემდეგ ტურში, კახური კლუბი “ჩიხურას” მიიღებს, ხოლო “საბურთალო” “ლოკომოტივს” შეხვდება.

საბურთალო“: კუპატაძე – ჭიჭინაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა – ტაბატაძე, ტერა (ბელიაევი, 82), ალთუნაშვილი (გულიაშვილი, 90+2) – გრიგალაშვილი – ნონიკაშვილი (ცნობილაძე, 77) – ქავთარაძე, გიორგი კოხრეიძე (3-4-1-2).

მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე.

თელავი“: სანიკიძე – ძოწენიძე, თოლორდავა (კოშკაძე, 72), ბერიაშვილი – ბაჩიაშვილი, მიხეილ ბაშალეიშვილი (ვარშანიძე, 54), მოსიაშვილი, ჩუკვურაკვასოვი (სამუშია, 62), რუხაძე – ლაშა კოხრეიძე (3-4-2-1).

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე.

გოლი: 1:0 გიორგი კოხრეიძე (67).

გაფრთხილება: ანტონ თოლორდავა (11), ლევან კაკუბავა (25), მიხეილ ბაშალეიშვილი (46), ბექა ვარშანიძე (63), რაფაელ ჩუკვურა (76), გიორგი კოხრეიძე (76), გაგი მარგველაშვილი (86), ვაკო ბაჩიაშილი (88), თეოდორე გრიგალაშვილი (90+4).

ფოტო: FC Saburtalo

(26)

თელავის წაუგებელი სერია საბურთალოსთან დასრულდა – თბილისელებმა კარანტინის შემდეგ პირველად იმარჯვეს 

სტატიის ავტორი
-