მძიმე თამაში და უგოლო ფრე ქართულ დერბიში – ეროვნულ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ქართული დერბით დასრულდა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე დაბრუნებულმა “ტორპედომ” “დინამოს” უმასპინძლა და უგოლო ფრე ეთამაშა.

ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა ქუთაისური კლუბის ყოფილი და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, გუნდები ცხრილის საპირისპირო ნაწილში იმყოფებოდნენ. მასპინძელი კლუბი 4 ქულით ბოლოდან მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა, რაც შეეხებათ სტუმრებს, ისინი დაუმარცხებლები გახლდნენ, 8 ქულა ჰქონდათ და მხოლოდ გორის “დილას” ჩამორჩებოდნენ.

საინტერესოა, რომ ეს ორი საუკეთესო ქართული კლუბის მონაწილეობით საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში 76-ე დაპირისპირება იყო. აქამდე, 38- ჯერ გამარჯვება თბილისელებმა იზეიმეს, 20 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან უკეთესი მამაქალაქური კლუბი გამოვიდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩის პერიპეტიებს, საწყისი წუთებიდანვე ბურთზე კონტროლი სტუმარმა გუნდმა დააწესა. თბილისელები მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ტრიალებდნენ და კომბინაციური ფეხბურთის თამაშით ფონს გასვლას ცდილობდნენ, თუმცა საქმე რეალურ საგოლე ეპიზოდამდე არ მისულა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე შანსი “დინამოს” მაინც ჰქონდა. სიზუსტე ჯერ თორნიკე კაპანაძეს დააკლდა, შემდეგ კი ნოდარ იაშვილის ფლანგიდან საჯარიმოს მიმართულებით ჩაწოდებული ბურთი ხარიხას დაეცა. დედაქალაქური გუნდი შეტევის წარმართვას სწორედ ამ უკანასკნელის ფლანგიდან ცდილობდა, რომელიც ვიტორ პერნამბუკოსთან ერთად ყველაზე აქტიური იყო.

რაც შეეხებათ მასპინძლებს, ისინი კონტრშეტევებზე მიღებული შანსების გამოყენებას ცდილობდნენ, ამის შანსი მათ მე-15 წუთზე მიეცათ, როცა მეტოქის საჯარიმოში აღმოჩენილი გურამ ციცქიშვილის თავური დარტყმული როინ კვასხვაძემ გაანეიტრალა.

მძიმე თამაში და უგოლო ფრე ქართულ დერბიში - ეროვნულ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს 1მეორე ტაიმში კახა ჩხეტიანმა თავისი გუნდის შეტევაში ცვლილება შეიტანა. ირაკლი ბუღრიძის ნაცვლად, ვინც მსაჯისგან გაფრთხილება დაიმსახურა, მეორე ნახევარში მოედანზე ახალმომჯობინებული ნოდარ ქავთარაძე ჩაერთო. ამ უკანასკნელს 5 წუთში ბურთი უკეთეს სიტუაციაში რომ მიეღო, უდიდესი ალბათობით ყოფილი გუნდის კარსაც დალაშქრავდა.

მატჩის 65-ე წუთზე ამ დრომდე ყველაზე სახიფათო ეპიზოდი შეიქმნა, მეტოქის მცველების არაზუსტი თამაშის შედეგად ბურთი საჯარიმოში ივან ბობკომ მიიღო, მკერდით დაამუშავა, თუმცა დარტყმული “დინამოს” კარის ხარიხას მოხვდა.

ისევე, როგორც ამ ორი გუნდის სხვა წინა დაპირისპირებებში, დაძაბულობა არც ამ შეხვედრას აკლდა, მატჩის 69-ე წუთზე ერთმანეთთან შეჯახების შემდეგ, გიორგი ქიმაძე და თორნიკე გრიგალაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მსაჯმა კი ორივე ფეხბურთელს მოედანი ნაადრევად დაატოვებინა.

მას მერე, რაც გუნდები მოედანზე 10-10 კაცით დარჩნენ, თამაშის მიმდინარეობა გათანაბრდა, მომენტები ორივე გუნდმა მიიღო, ბურთის ფლობაში კი მასპინძლებმა მოუმატეს.

მატჩის 79-ე წუთზე, ახალ გუნდში დებიუტი ჰქონდა გიორგი გაბედავას, რომელმაც თორნიკე კაპანაძე შეცვალა.

აშკარა იყო, რომ დარჩენილი წუთები ე.წ ერთი გოლის თამაშად გარდაიქმნებოდა და გამარჯვებასაც ის გუნდი შეძლებდა, რომელიც პირველი გოლის გატანას მოახერხებდა, თუმცა ეს ვერცერთმა გუნდმა შეძლო.

საბოლოოდ, მიუხედავად “დინამოს” მიერ მოწყობილი რამდენიმეწუთიანი შტურმისა, მძიმე და დაძაბულ შეხვედრაში გოლი არ გასულა და გუნდებმა ქულა გაიყვეს. ამრიგად, “ტორპედომ” ახალ სეზონში მეხუთე ქულა მოიპოვა, “სამტრედიას” ბურთების შეფარდებით გადაასწრო და მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხებათ თბილისელებს, მათ 9 ქულით მეორე ადგილზე ჩამოიწიეს და ლიდერობა გორის “დილას” ერთპიროვნულად გადააბარეს.  შემდეგ ტურში, “ტორპედო” აჭარაში გაემგზავრება და ვიცე-ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება, ხოლო “დინამო” შინ, უშუალო კონკურენტ გორის “დილას” შეხვდება.

ტორპედო“: ბულისკერია – გრიგალაშვილი, ადამაძე (მირცხულავა, 60), კასრაძე, ნადარაია – ივანიშვილი, ჯანელიძე, ტაბატაძე (კ), ბობკო – ფანცულაია (კვერნაძე, 74), ციცქიშვილი (მარკოვიჩი, 72). (4-4-2).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე.

დინამო“: კვასხავძე – იაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ქიმაძე – პაპავა (კ), მექვაბიშვილი – პერნამბუკო (აზაროვი, 67), კუცია, ბუღრიძე (ქავთარაძე, 46) – კაპანაძე (გაბედავა, 79).

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

გაფრთხილება: ირაკლი ბუღრიძე (34), ვაჟა ტაბატაძე (41), ნოდარ ქავთარაძე (55), გიორგი ქიმაძე (გაძევება, 69), თორნიკე გრიგალაშვილი (გაძევება, 69), დავით კობოური (79).

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი.

(137)

მძიმე თამაში და უგოლო ფრე ქართულ დერბიში – ეროვნულ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს

სტატიის ავტორი
-