თელავმა შინ ზედიზედ მეორედ იმარჯვა – ჩიხურა 6 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე რჩება

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მეორე შეხვედრა “თელავში”, “კავკასიონი არენაზე” შედგა. “თელავისა” და “ჩიხურას” დაპირისპირება 2:0 დასრულდა.

მატჩის წინ, მასპინძელ გუნდს 6 ქულა ჰქონდა და მეექვსე ადგილს იკავებდა, ხოლო სტუმრები ორად-ორი ქულით ცხრილის ფსკერზე იმყოფებოდნენ.

წინა ტურში, ორივე გუნდმა სტუმრად ითამაშა: “თელავი” თბილისში, “საბურთალოსთან“, სეზონის პირველი მატჩი წააგო (0:1), ხოლო “ჩიხურამ” სამტრედიაში ფრე გააგორა (0:0). საჩხერლებიმერანთან” ერთად იმ ორ გუნდს შორის იყვნენ, რომელსაც ამ სეზონში გამარჯვება ჯერ არ მოეპოვებინა, თბილისელების შემდეგ კი ყველაზე ცუდი ბურთების შეფარდება ჰქონდათ ( -5).

წინა ტურის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეიტანა. “თელავის” სასტარტო თერთმეტეულის ნახევარდაცვაში “საბურთალოსთან” შეხვედრის შემდეგ, ვაკო ბაჩიაშვილი და მიხეილ ბაშალეიშვილი ბექა ვარშანიძემ და ნიკოლოზ ბაშალეიშვილმა ჩაანაცვლეს, შეტევაში კი იაროსლავ კვასოვის და ირაკლი რუხაძის ადგილები გურამ სამუშიამ და გრიგოლ ჩაბრაძემ დაიკავეს. რაც შეეხება “ჩიხურას”, იმერულმა გუნდმა წინა მატჩისგან განსხვავებული თავდასხმის ხაზით დაიწყო. ლუკა კიკაბიძე და გიორგი ბუხაიძე ბესო დეკანოიძემ და დავით მუჯირმა შეცვალეს.

მიუხედავად არსებული რეგულაციებისა, თელაველი გულშემატკივარი უკვე მეორე საშინაო მატჩია საყვარელ გუნდს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან ამხნევებს.

რაც შეეხება უშუალოდ სათამაშო პერიპეტიებს, მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეშვიდე წუთზე ანგარიშის გახსნა შეძლეს. როგორც ჩანს, რევაზ გოცირიძის ცვლილებებმა გაამართლა და გრიგოლ ჩაბრაძის მიერ საჯარიმოში დაბალ გადაცემაზე ზუსტად ნიკოლოზ ბაშალეიშვილმა ითამაშა – 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ, საჩხერლებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს და თითქმის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში ამ კომპონენტში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ 39-ე წუთზე თენგიზ წიქარიძის შორეული გასროლის გარდა, რომელიც მეკარე სანიკიძემ გაანეიტრალა, რეალური საგოლე ეპიზოდი არ შეუქმნიათ.

მეორე ნახევარში, სათამაშო უპირატესობა “თელავმა” გადაიბარა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. 57-ე წუთზე, თამაშში მასპინძელთა ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი რუხაძე ჩაერთო, რომელმაც თავისი გუნდის შეტევებს სიმწვავე შემატა და სამჯერ გოლის გატანასთანაც ძალიან ახლოს იყო.

84-ე წუთზე, თელაველთა გამარჯვება გარანტირებული რაფაელ ჩუკვურამ გახადა, რომელიც შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გახლდათ. ნიგერიელმა ნახევარმცველმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი რიკოშეტის შედეგად მიიღო, ზუსტი მიმართულება მისცა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ამ გამარჯვების შემდეგ, “თელავმა” 9 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის მეორეადგილოსან “დინამო თბილისს” გაუთანაბრდა, რაც შეეხება “ჩიხურას”, დასავლურ გუნდს 2 ქულა რჩება და ბოლო პოზიციას თავს მეექვსე ტურის შემდეგაც ვერ აღწევს.

“თელავი”: სანიკიძე – თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ძოწენიძე – ვარშანიძე, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (რუხაძე, 57), ჩუკვურა – სამუშია (კვასოვი, 71), ჩაბრაძე – კოხრეიძე (მიხეილ ბაშალეიშვილი, 85). (3-4-2-1).

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე.

“ჩიხურა”: ბეგაშვილი – კორიფაძე, კაშია, მაჩაიძე, ჯავაშვილი – გვაზავა, ჩიკვაიძე – დეკანოიძე (ღავთაძე, 77), წიქარიძე (კიკაბიძე, 72), კახაბრიშვილი – მუჯირი (ბუხაიძე, 61). (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე.

გოლი: 1:0 ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (7). 2:0 რაფელ ჩუკვურა (84)

გაფრთხილება: რევაზ ღავთაძე (82).

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.

(125)

თელავმა შინ ზედიზედ მეორედ იმარჯვა – ჩიხურა 6 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე რჩება

სტატიის ავტორი
-