10-კაციანმა დილამ მოქმედ ჩემპიონს მოუგო – ნემსაძის გუნდმა მიჯრით მესამედ იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა 

საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მთავარი დაპირისპირება თბილისში დინამო არენაზე გაიმართა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გასამართ მატჩს 6 ტურის შემდეგ ცხრილში პირველადგილოსანი უნდა გამოევლინა.

ლიდერობისთვის ბრძოლას “დინამო თბილისი” 8 ქულით და მეორე ადგილით, ხოლო გორის “დილა” შესაბამისად 11 ქულითა და პირველი პოზიციით შეხვდა. როგორც მასპინძლებს, ისე სტუმრებს, მატჩამდე კარგი სათამაშო ფორმა ჰქონდათ.

თბილისელებმა კარანტინის შემდეგ 3-დან 2 მატჩი მოიგეს, 7 გოლი გაიტანეს და არცერთი გაუშვეს, ბოლო ტურში კი ქუთაისის “ტორპედოსთან” გამართული ქართული დერბი უგოლოდ დაასრულეს. რაც შეეხებათ გორელებს, მათ მიჯრით ორ შეხვედრაში იმარჯვეს, 6 ბურთი შეაგდეს და კარის უსაფრთხოება სრულფასოვნად დაიცვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 5 ტურის შემდეგ, ეროვნულ ჩემპიონატში წაგება მხოლოდ ამ ორ გუნდს არ ჰქონია.

უშუალოდ მატჩის პირველი ტაიმი, რომელიც 21:00 საათზე დაიწყო, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საწყის 20 წუთში, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ და რამდენჯერმე მეტოქის მეკარე ლუკა გუგეშაშვილს თამაშში ჩართვაც მოუწია.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარში გორელებმა მოუმატეს. 24-ე წუთზე, გუნდს ნიჭიერი მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე დაემტვრა, თუმცა მის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა გიორგი ლაცაბიძემ თავი მალევე გამოიჩინა. 38-ე წუთზე ამ უკანასკნელის საჯარიმოში დაბალ ჩაწოდებულზე ზუსტად ნიკა გაგნიძემ ითამაშა და გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა.

მეორე ნახევარში, სტუმრები რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. 47-ე და 63-ე წუთებზე, გუნდის კაპიტანმა დავით მაისაშვილმა ყვითელი ბარათები მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამან თბილისელებს ბურთის ფლობაში უპირატესობის მოპოვების და წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობა მისცა. 68-ე წუთზე, მეტოქის საჯარიმოში აქტიური მოქმედებისას, ცვლილებაზე შემოსული ირაკლი ბუღრიძე წესების დარღვევით შეაჩერეს, რასაც პენალტი და გიორგი კუციას ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 1:1.

ამის შემდეგ, “დინამომ” მეტოქის კარზე დაწოლა კიდევ უფრო გაზარდა, მაგრამ გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი გუნდის მცველები მატჩის ბოლომდე ზუსტად და დამაჯერებლად მოქმედებდნენ.

შეხვედრის დამატებული დრო დრამატული გამოდგა. სტანდარტული სიტუაციის შემდეგ, სპანდერაშვილის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მიკოლა კოვტალიუკს შეეხეო და უკრაინელმა – სეზონში მეექვსე – გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა – 1:2.

ზედიზედ მესამე გამარჯვების დამსახურებით, “დილამ” 14 ქულა დააგროვა, “დინამოსთან” 5-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა და ერთპიროვნული ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

შემდეგ ტურში, “დინამო” სამტრედიაში გაემგზავრება და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ გუნდს შეხვდება, ხოლო “დილა”, გორში, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. მატჩები შესაბამისად, 25 და 26 ივლისს გაიმართება.

“დინამო თბილისი”: კვასხვაძე – ტრუბოჩკინი, კობოური, ლოჩოშვილი, აზაროვი – პაპავა, ქარდავა (ბუღრიძე, 59) – პერნამბუკო, კუცია (ზარია, 85), ქავთარაძე (ახვლედიანი, 80) – გაბედავა. (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

დილა“: გუგეშაშვილი – ხურცილავა, მაისაშვილი, იენდეუნტი, გიორბელიძე (ლაცაბიძე, 24)ნონდი, გაგნიძე – მარკოზაშვილი (სპანდერაშვილი, 56), კოვტალიუკი, ლექვთაძე (გორგიაშვილი, 74). (5-2-3).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.

გოლი: 0:1 ნიკა გაგნიძე (38), 1:1 გიორგი კუცია (68, პენალტი), 1:2 მიკოლა კოვტალიუკი (90+2)

გაფრთხილება: ირაკლი აზაროვი (17), დავით მაისაშვილი (47, 63 – გაძევება), ირაკლი ბუღრიძე (69), ნოდარ ქავთარაძე (72), ლუკა გუგეშაშვილი (73), თორნიკე ახვლედიანი (83), ლუკა ლოჩოშვილი (83).

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.

დისკვალიფიკაცია: გიორგი ქიმაძე (“დინამო თბილისი”).

(160)

10-კაციანმა დილამ მოქმედ ჩემპიონს მოუგო – ნემსაძის გუნდმა მიჯრით მესამედ იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა 

სტატიის ავტორი
-