გულშემატკივარი ტრიბუნაზე დაბრუნდა – თელავმა და მერანმა ქულები გაიყვეს

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური კახეთის ცენტრში, “თელავისა” და “მერანის” დაპირისპირებით გაიხსნა. თელავში, “კავკასიონი არენაზე” გამართულ შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა.

შეხვედრას გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ: მასპინძლებს 10 ქულა ჰქონდათ, მეხუთე ადგილს იკავებდნენ და ლიდერ გორის “დილას” 5-ით ჩამორჩებოდნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს, თბილისელები ერთადერთნი იყვნენ, რომელთაც ამ სეზონში შეხვედრა არ მოუგიათ და მარაგში მხოლოდ 3 ფრე და ცხრილში უკანასკნელი პოზიცია ჰქონდათ.

შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე უპირატესობას “თელავის” ფეხბურთელები დაეუფლნენ, ისინი ბურთსაც აკონტროლებდნენ, მეტოქის საჯარიმოსთან კომბინაციებსაც ათამაშებდნენ და სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ. პირველ ნახევარში კახურ კლუბს გოლის გატანის 3 რეალური შანსი მიეცა, თუმცა სამუშიას, კოხრეიძეს და ჩუკვურას სიზუსტე დააკლდათ.

სიტუაცია არც მეორე ნახევარში შეცვლილა, პირიქით მასპინძლებმა მეტოქის კარზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდეს. რაც შეეხება “მერანს”, ისინი საკუთარ შანსს კონტრ-შეტევებზე ელოდებოდნენ.

მიუხედავად თელაველების აქტიურობისა, მეტოქის მცველები და მეკარე შეუვალი აღმოჩნდნენ და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა – 0:0.

ამრიგად, გუნდებმა ქულები გაიყვეს: “თელავს” 11 ქულა და ჯერჯერობით მეხუთე პოზიცია, ხოლო “მერანს” 4 ქულა და ბოლო ადგილი აქვს.

თელავი“: სანიკიძე – ძოწენიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი – ჩაბრაძე, მიხეილ ბაშალეიშვილი (მოსიაშვილი, 69), ვარშანიძე (მოისწრაფიშვილი, 46), ჩუკვურა – რუხაძე, კოხრეიძე, სამუშია (კვასოვი, 60). (3-4-3).

მთავარი მწვრთნელი: რევაზ გოცირიძე.

მერანი“: თევდორაძე – თევზაძე, ნუსუევი (კაკაშვილი, 60), ფოფხაძე, გაფრინდაშვილი – კახელიშვილი, შარიქაძე (ბოლქვაძე, 70), ვასაძე – გეწაძე – სარდალიშვილი (გაბისკირია, 77), გოგოლაშვილი. (4-3-1-2).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია.

გაფრთხილება: ანტონ თოლორდავა (12), მიშიკო სარდალიშვილი (12), მორის ნუსუევი (52), გიორგი კახელიშვილი (62), რაფაელ ჩუკვურა (73), გიორგი ვასაძე (78), რევაზ თევდორაძე (82).

ფოტო: ს.კ თელავი

(50)

გულშემატკივარი ტრიბუნაზე დაბრუნდა – თელავმა და მერანმა ქულები გაიყვეს

სტატიის ავტორი
-