მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ეროვნულ ლიგაში გალიდერდა 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასში “დილამ” მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” უმასპინძლა და ფორმატის ცვლილებისა და რამდენიმე გადადებული შეხვედრის გამო, გუნდები მატჩს განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ. მასპინძლებს 14 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული და 21 ქულით მესამე პოზიციას იკავებდნენ, ხოლო სტუმრებმა 12 მატჩში თავი 25 ქულას მოუყარეს და ერთი საფეხურით მაღლა იმყოფებოდნენ.

ბოლო მატჩები გუნდებმა განსხვავებული შედეგით დაასრულეს. “დილამ” გადარჩენისთვის მებრძოლ “მერანს” სტუმრად უგოლო ფრე ეთამაშა, “დინამომ” კი უშუალო კონკურენტ “საბურთალოს” საშინაო კედლებში სძლია – 3:1.

შეხვედრა, რომელსაც თან ძლიერი წვიმა სდევდა, სტუმართა უპირატესობით დაიწყო და დედაქალაქელებმა შედეგიც მალევე მიიღეს. მეხუთე წუთზე, მეტოქის საჯარიმოს მისადგომთან მყოფმა თეიმურაზ მარკოზაშვილმა ბურთი მეტოქეს ჩააბარა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, კონტრშეტევაზე გიორგი კუციამ სწრაფად და ტექნიკურად ითამაშა, ბურთი გიორგი გაბედავას გადააწოდა და გამოცდილმა ფორვარდმაც მიმდინარე სეზონში “დინამოს” მაისურით მეორედ გაიტანა – 0:1.

გატანილი გოლის შემდეგ თბილისელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მალევე უპირატესობის ორამდე გაზრდა მოახერხეს. ეს მთლიანად ნოდარ იაშვილის ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა, რომელმაც ბურთი მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ვიტორ პერნამბუკოსგან მიიღო და ზუსტი დარტყმით და ულამაზესი ტრაქექტორიით “ცხრიანში” ჩაატრიალა.

მიუხედავად 2 გაშვებული გოლისა, გორელები შეტევას აქტიურად ცდილობდნენ, ბურთს მეტოქის ნახევარზე ათამაშებდნენ და ფონს გასვლას საჯრიმოში ჩაწოდებებით ცდილობნენ, თუმცა რიგ ეპიზოდებში მათ სიზუსტემ უმტყუნა, ტაიმის მიწურულს გატანილი გოლისას კი მიკოლა კოვტალიუკი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მეორე ნახევარში ბურთზე კონტროლი მასპინძლებმა დააწესეს, მაგრამ ამას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. გაცილებით მწვავე თბილისელთა კონტრშეტევები იყო. ერთ-ერთი ასეთი მათგანის დროს, გამოცდილმა ლეგიონერმა, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულმა დავით სხირტლაძემ პენალტი მოიპოვა, თავადვე ზუსტად შეასრულა და საბოლოო წერტილი დასვა – 0:3.

ამ გამარჯვებით “დინამომ” 13 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 28 ქულა დააგროვა და ლიდერის პოზიციაზე გადავიდა. რაც შეეხება “დილას” მათ 21 ქულით ჯერჯერობით მესამე საფეხური უკავიათ და “ლოკომოტივისა” და “საბურთალოს” შეხვედრის შედეგს ელოდებიან. შემდეგ ტურში გორელები “დინამო ბათუმს” უმასპინძლებენ, “დინამო” კი გადადებულ თბილისურ დერბიში “ლოკომოტივს” ესტუმრება.

დილა“: გუგეშაშვილი – ხურცილავა, მაისაშვილი (ლექვთაძე, 58), ეტოუ – სანტოსი (ჩიტეიშვილი, 63), ნონდი, კოენი, სილვა – მარკოზაშვილი (მადინგა, 10) – კოვტალიუკი, სპანდერაშვილი (3-4-1-2).

მთავარი მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშილი.

“დინამო თბილისი”: კვასხვაძე – იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე – ქარდავა, მექვაბიშვილი (გაგნიძე, 72)- პერნამბუკო, კუცია (ორშულა, 65), ქავთარაძე – გაბედავა (სხირტლაძე, 76) (4-2-3-1).,

მთავარი მწვრთნელი: ჩისკო.

გოლი: 0:1 გიორგი გაბედავა (5), 0:2 ნოდარ იაშვილი (15), 0:3 დავით სხირტლაძე (83).

გაფრთხილება: დავით მაისაშვილი (7), გიორგი ქიმაძე (29), ანზორ მექვაბიშვილი (44), ნოდარ ქავთარაძე (71), ლუკა გუგშეშაშვილი (82).

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.

დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპავა, ვიქტორ მონხილი (ორივე “დინამო თბილისი”).

ფოტო: ს.კ. დინამო თბილისი.

(11)

მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ეროვნულ ლიგაში გალიდერდა 

სტატიის ავტორი
-