ჩისკო: “დინამოში ყოფნა ბედნიერებაა, ეს გუნდი ჩემთვის მეორე სახლია”

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისის” მეტოქე უელსური “ქონას ქეი ნომადსი” იქნება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უელსის ჩემპიონთან შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.

წილისყრის შედეგების და კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ, თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ჩისკო მუნიოსმა Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ჩემთვის ამ გუნდში ყოფნა ყოველთვის ბედნიერების ტოლფასია, რადგან “დინამო” ჩემთვის მეორე სახლია. იმ წყვეტასაც კი ვერ ვგრძნობ, როცა კლუბში არ ვარ. აქ ბოლოს 7 თვის წინ ვიყავი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს გუშინ იყო. კლუბის ყველა თანამშრომელი ჩემთვის ძალიან ახლობელი და დასაფასებელი პიროვნებაა და მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. 

რაც შეეხება ევროპის ლიგას, მოკლე დროში პირველადი შეფასების გაკეთება გამიჭირდება, თუმცა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს განიხილავს, რის მერეც მეტოქის ძალების და ხარისხის შესახებ კონკრეტული წარმოდგენა გვექნება. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ამ ეტაპზე სუსტი გუნდები ნამდვილად არ არსებობენ. პირველ რიგში, რაც გვაქვს გასაკეთებელი, არის ის, რომ გუნდში არსებული მენტალური მდგომარეობა უკეთესობისკენ შევცვალოთ. დანარჩენი კი მომავალში გამოჩნდება და შევეცდებით, რომ ჩვენი თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ”, – გვითხრა 39 წლის ესპანელმა.

უელსურ-ქართული დაპირისპირება 17 აგვისტოს, ბრიტანეთში გაიმართება.

ფოტო:  დინამო თბილისი.

(4630)

ჩისკო: “დინამოში ყოფნა ბედნიერებაა, ეს გუნდი ჩემთვის მეორე სახლია”

სტატიის ავტორი
-