დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

“დინამო თბილისის” ცენტრალური მცველი, დავით კობოური 2022 წლიდან ახალ კლუბში ითამაშებს.

23 წლის ფეხბურთელი ჩეხეთის ჩემპიონატის ბინადარ “კარვინაში” ითამაშებს, რომელთანაც კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, გუნდს კი 17 იანვარს შეუერთდება.

ამის შესახებ ინფორმაცია კობოურის მშობლიურ კლუბს არ დაუდასტურებია, თუმცა ჩეხური გუნდის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში უკვე გააჟღერა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by MFK Karviná (@mfkkarvina)

ჩეხეთის ჩემპიონატში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ, “კარვინა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც გამარჯვება არ მოუპოვებია და 5 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფება.

კობოური “დინამო თბილისის” აღზრდილია და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით პროფესიონალურ დონეზე 140 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. “ლურჯ-თეთრების” რიგებში გატარებულ 7 სეზონში კობოურმა ეროვნული ლიგა სამჯერ და საქართველოს სუპერ თასი მოიგო.

კობოური საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრების წევრი გახლდათ და ახალგაზრდულ ნაკრებში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, მას აქ ჯერ ვლადიმირ ვაისმა 2020 წლის სექტემბერში, ესტონეთისა და ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ერთა ლიგის C დივიზიონის საწყისი შეხვედრებისთვის, შემდეგ კი ვილი სანიოლმა 2021 წლის სექტემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საბერძნეთის წინააღმდეგნ უხმო, თუმცა მოედანზე არცერთხელ შესულა.

დავით კობოური კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-