დინამო თბილისის კაპიტანი: “აფხაზეთიდან დევნილი ვარ და უკრაინელი ხალხის ყველაზე მეტად მესმის”

“დინამო თბილისის” კაპიტანი, გიორგი პაპავა, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“მინდა თანადგომა გამოვუცხადო ჩვენს მოძმე, მამაც ერს უკრაინას. მას დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება გვერდში დგომა და დახმარება! იქნება ეს მატერიალური თუ მორალური თანადგომა.

ჩემთვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა ცხოვრებაში, ამიტომ კიდევ ერთხელ შევუერთდები ქართველი ერის ხმას, მის სათქმელს გავიმეორებ და ვიტყვი, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რომ ის ოკუპანტი ქვეყანაა და ის დღეს უკრაინისთვის თავისუფლების წართმევას ცდილობს.

აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის და მათი ხელისუფლების ერთსულოვნებით და მეც მინდა მყავდეს სწორედ ისეთი მამაცი პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პირი, როგორიც უკრაინას ჰყავს ვოლოდიმირ ზელენსკის სახით.

მე თვითონ ვარ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი და ისე როგორც არავის მესმის და გული შემტკივა უკრაინელ ხალხზე. თუმცა მჯერა, რომ სიმართლე, თავდადება და პატრიოტიზმი გაიმარჯვებს და იმედი მაქვს ჩვენ ქართველებიც ისტორიის სწორ მხარეს ვიდგებით და ყველაზე მნიშვნელოვან ცნებას თავისუფლებას არასდროს დავთმობთ! დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს!”, – დაწერა გიორგი პაპავამ სოციალურ ქსელში.

 

 

დინამო თბილისის კაპიტანი: “აფხაზეთიდან დევნილი ვარ და უკრაინელი ხალხის ყველაზე მეტად მესმის”

სტატიის ავტორი
-