ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ნახევარი დასრულდა. პირველი წრის გამარჯვებული “დინამო თბილისი” გახდა. მოქმედმა ჩემპიონმა 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და 18 ქულით პირველ პოზიციაზე განთავსდა.

ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  1

თბილისელებმა ვიცე-ჩემპიონს ერთი ქულით გაუსწრეს – “დინამო ბათუმს” 5 გამარჯვება და 4 ფრე აქვს, გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელია.

ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  2

ლიდერთა სამეულს გორის “დილა” ასრულებს. გიორგი ნემსაძის გუნდისგან ასეთ სტარტს ცოტა თუ წარმოიდგენდა. 8 ტურის შემდეგ გუნდი ერთპიროვნული ლიდერი იყო და მხოლოდ ბოლო შეხვედრა, თბილისურ “ლოკომოტივთან” დათმო. 16 ქულით, გორელები მესამე პოზიციას იკავებენ.

ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  3

მიმდინარე სეზონის აღმოჩენად შეიძლება მოვნათლოთ საფეხბურთო კლუბი “თელავი”. ელიგის დებიუტანტმა გუნდმა გულშემატკივარს თავი გამართული და ბრძოლისუნარიანი ფეხბურთით დაამახსოვრა, რაც შედეგშიც მშვენივრად აისახა: კახელებმა ერთადერთი მატჩი წააგეს (ექს-ჩემპიონსაბურთალოსთან“) და 12 ქულით მეხუთე პოზიციაზე დაფუძნდნენ.

ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  4

სეზონის საწყის ნახევარში თბილისის “ლოკომოტივის” სახით ორი განსხვავებული გუნდი ვიხილეთ. “რკინიგზელებმა” პირველი ორი ტური მოიგეს და პანდემიამდე ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტადაც მიიჩნეოდნენ, თუმცა კარანტინმა, ფინანსურმა პრობლემებმა და ოთხ მატჩში 2 მწვრთნელის შეცვლამ გუნდს თავის ხელი დაატყო. შესვენების შემდეგ პირველად, ჭიაბრიშვილის გუნდმა, მეცხრე ტურში იმარჯვა, როცა ლიდერი “დილა” მათსავე მოედანზე დაამარცხა და ამით საკუთარი ძალები შეგვახსენა.

ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  5

რაც შეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს, აქ სხვებთან შედარებით ორი ყველაზე სუსტი გუნდი პირველი წრეშივე გამოიკვეთა: დებიუტანტი “მერანი” ერთადერთია, რომელსაც გამარჯვების გემო ჯერ არ გაუგია და გამოკვეთილი აუტსაიდერია, საჩხერის “ჩიხურას” კი გუნებას მხოლოდ ამ უკანასკნელთან მოგება უკეთებს.

ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  6

თანაბარ მდგომარეობაშია ორი იმერული კლუბი: “სამტრედია” და ქუთაისის “ტორპედო”. ისე ჩანს, რომ ეს გუნდები ეროვნულ ლიგაში დარჩენის საქმეში ერთმანეთის მთავარი მეტოქეები იქნებიან.

Samtredia FC-ს ფოტო.

ისევე, როგორც ლიდერთა შორის, სიმჭიდროვეა ბომბარდირთა დავაშიც. გვყავს მხოლოდ ორი ფეხბურთელი, რომელიც 5-ბურთიან ნიშნულს გადასცდა: მიკოლა კოვტალიუკი და ჯაბა ჯიღაური. მიუხედავად ფორმატის იძულებითი ცვლილებისა და მატჩების სიმცირისა, ფეხბურთელებმა სხვადასხვა კომპონენტში თავი მაინც დაგვამახსოვრეს. Live.ge-ს ვერსიით, პირველი 9 ტურის გამორჩეული ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ სიმბოლურ გუნდს შემოგთავაზებთ და სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოებსაც წარმოგიდგენთ.

სიმბოლური გუნდი:

მეკარე: როინ კვასხვაძე (“დინამო თბილისი”).

მცველები: მამუკა კობახიძე (“დინამო ბათუმი”), ანტონ თოლორდავა (“თელავი”), დავით ხურცილავა (“დილა”), დავით კობოური (“დინამო თბილისი”).

ნახევარმცველები: ვიტორ პერნამბუკო (“დინამო თბილისი”), ირაკლი რუხაძე (“თელავი”), სანდრო ალთუნაშვილი (“საბურთალო”), ჯაბა ჯიღაური (“დინამო ბათუმი”).

თავდამსხმელები: მიკოლა კოვტალიუკი (“დილა”), ჯოვინო ფლამარიონი (“დინამო ბათუმი”).

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი (“დინამო თბილისი”).

ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  7

ნომინაციები:

საუკეთესო მეკარე: როინ კვასხვაძე (“დინამო თბილისი”).

გამოცდილი მეკარე დედაქალაქურ კლუბში პირველ სეზონს ატარებს და ძალიან სტაბილურადაც. მან მონაწილეობა ყველა შეხვედრაში მიიღო და პირველი წრის განმავლობაში ერთი წუთიც არ დაუსვენია. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ (6) შეინახა და ყველაზე ცოტა – 4 გოლი გაუშვა (4).

FC Dinamo Tbilisi-ს ფოტო.

საუკეთესო მცველი: დავით კობოური (“დინამო თბილისი”).

ის, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის კარში ბურთის შეგდებას მეტოქეები ყველაზე ნაკლებად ახერხებენ, მეტწილად სწორედ ახალგაზრდა მცველის დამსახურებაა. ამპლუით ცენტრალურ მცველს თამაში მარცხენა ფლანგზე გვარიანად შეუძლია და დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ქიმაძის არყოფნაში მის ფუნქციებსაც ითავსებს. გარდა ამისა, 22 წლის ფეხბურთელი შეტევაშიც ძალიან აქტიურია – 9 მატჩში მან უკვე 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

FC Dinamo Tbilisi-ს ფოტო.

საუკეთესო ნახევარმცველი: ჯაბა ჯიღაური (“დინამო ბათუმი”).

მშობლიურ ჩემპიონატში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი წარმატებულ სეზონს ატარებს და შედეგიანობის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესოც გახლავთ. 28 წლის შემტევმა მიმდინარე გათამაშებაში უკვე 7 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).

FC Dinamo Batumi-ს ფოტო.

საუკეთესო თავდამსხმელი: მიკოლა კოვტალიუკი (“დილა”).

საუკეთესო ფეხბურთელი: მიკოლა კოვტალიუკი (“დილა”).

გარდა იმისა, რომ უკრაინელი ლეგიონერი 6 შეგდებული ბურთით ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეტწილად, სწორედ მისი გატანილი გოლების დამსახურებაა ის, რომ “დილა” ლიდერთა სამეულშია და ტიტულის მოგების პრეტენდენტთა შორის განიხილება. სწორედ კოვტალიუკის გოლით მოახერხა დილამ” მოქმედი ჩემპიონის დამარცხება და უშუალოდ მისი შედეგიანობის მეშვეობით გორელებმა 10 ქულა მოიპოვეს (მთლიანობაში დაგროვილი 16-დან), რაც გუნდში საუკეთესო შედეგია.

ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები  8საუკეთესო მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი (“დინამო თბილისი”).

ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა მწვრთნელმა ახალი სეზონიდან ახალი გუნდი ჩაიბარა და “დინამო თბილისთან” ერთად წრის გამარჯვებული გახდა. მისმა გუნდმა 5 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთში დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi-ს ფოტო.

ფოტო: ს.კ დინამო თბილისი, ს.კ დინამო ბათუმი, ეროვნული ლიგა.

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი 

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდი

ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი 

(270)

ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები 

სტატიის ავტორი
-