გიორგი გაბაძე: “ერვოსარბილზე მოხვედრის გარდა, სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ” 

თბილისის “ლოკომოტივმა” 2020/21 წლების სეზონში ქართველი გულშემატკივარი ევროსარბიელზე ისტორიული გამარჯვებებით გაახარა. “რკინიგზელებმა” რუმინული “კრაიოვას” და პრინციპული მეტოქის – მოსკოვის “დინამოს” გამოთიშვა მოახერხეს და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. გუნდის ამჟამინდელი ამოცანა შემდეგ წელს ევროპაში დაბრუნებაა და ამ მიზნის მისაღწევად, ეროვნულ ლიგაში სამეულში შესვლას ლამობს, რისკენაც “საბურთალოსთან” (2:1) გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგა.

საერთაშორისო მატჩებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და შიდა ჩემპიონატშიც კარგ სეზონს ატარებს გუნდის მარჯვენა მცველი გიორგი გაბაძე, რომელიც დღეს ჩვენი რესპოდენტია. 25 წლის ფეხბურთელმა Live.ge-სთან კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონზე და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

პირველ რიგში, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბროთ. “საბურთალოსთან” შეხვედრაში ნაადრევად შეგცვალეს. იმედია, საქმე სერიოზულ ტრავმასთან არ გვაქვს.

საბურთალოსთან” მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, კუნთის მცირე ტრავმა მივიღე, რის გამოც ერთი დღე დასვენება და ინდივიდუალურად ვარჯიში მომიწია. სწორედ ეს გახდა მატჩის მეორე ტაიმში ჩემი შეცვლის მიზეზი, ვიგრძენი დისკომფორტი და ექიმის რეკომენდაციით მოედანი დავტოვე.

ეროვნულ ლიგაში სატურნირო მდგომარეობა ძალიან დაძაბულია, “ლოკომოტივმა” კი “საბურთალოსთან” გამარჯვებით ზედა ეშელონისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. როგორია თქვენი მიზნები სეზონის დარჩენილ ნაწილში?

რა თქმა უნდა, გააზრებული გვქონდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ შეხვედრის მოგება სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, როგორც ჩვენთვის, ასევე “საბურთალოსთვის“. ვიცოდით, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდა. ვთვლი, რომ ღირსეული მეტოქეობა გავუწიეთ და დამსახურებული გამარჯვებაც მოვიპოვეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ქულებიდან გამომდინარე ცხრილში მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია, “ლოკომოტივში” ევროსარბიელზე გასვლის გარდა სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ. რაც შეეხება ჩემპიონის ტიტულს, ჩვენს გასაკეთებელს მაქსიმალურად გავაკეთებთ, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენს მიერ ნაჩვენებ შედეგზე დამოკიდებულები არ ვართ.

ჩვენთვის მომდევნო ხუთივე შეხვედრა თანაბრად მნიშვნელოვანია. არცერთი ქულის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. ახლა კი კონცენტრაცია მხოლოდ მომდევნო მატჩზე – “დინამო თბილისისთან” შეხვედრაზეა.

Giorgi Gabadze-ს ფოტო.

რამდენიმე კვირის წინ შენი და “ლოკომოტივის” მრავალწლიანი თანამშრომლობა 2-წლიანი კონტრაქტით გახანგრძლივდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს კლუბი შენთვის განსაკუთრებულად ღირებულია…

“ლოკომოტივში” 2008 წლიდან ვირიცხები. უკვე მე-10 წელია მთავარ გუნდში ვარ. შესაბამისად, ალბათ არცაა გასაკვირი თუ რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს კლუბი. ამ გუნდში თამაში ჩემთვის პირველ რიგში ძალიან დიდი სიამოვნებაა. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. სწორედ ეს არის კონტრაქტის გახანგრძლივების მთავარი მიზეზი.

ამ 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებთ. სულ ცოტა ხნის წინ ქართველი გულშემატკივარი დიდი გამარჯვებით გაახარეთ. ევროპის ლიგაზე გამოსვლა ალბათ პირადად შენთვისაც განსაკუთრებულად ემოციური იყო.

“ლოკომოტივთან” ერთად ევროსარბიელზე თამაში ჩემი ოცნება იყო, შესაბამისად ჩემთვის ყველაზე მძაფრი ემოციები ამ მატჩებს უკავშირდება. ძალიან მიხარია, რომ მოვახერხეთ ქართველი გულშემატკივრის გახარება და ჩვენი გამარჯვება ერთად ვიზეიმეთ, თუმცა ამ შედეგით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ და შევეცდებით მომდევნო წელს კიდევ უფრო უკეთესად ვიასპარეზოთ.

ლოკოში” ახალი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა, რომელსაც შორს მიმავალი გეგმები აქვს. როგორია გიორგი ჭიაბრიშვილთან და მის გუნდთან მუშაობის პროცესი?

ვთვლი, რომ ადაპტაციის პერიოდმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და ჩვენს და ახალ მწვრთნელებს შორის კარგი კომუნიკაცია შედგა. რაც შეეხება გიორგი ჭიაბრიშვილს, ყველასთვის ცნობილია მისი წარმატებული სამწვრთნელო კარიერის შესახებ, ის ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია საქართველოში.

დაბოლოს, წინ ახალი კონტრაქტი და ახალი ეტაპია, როგორია შენი და “ლოკომოტივის” ერთობლივი გეგმები?

ცოტა ხნის წინ “ლოკომოტივთან” 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. პირადად ჩემი მიზნები და გეგმები უცვლელია, რაც წარმოადგენს ჩემი მხრიდან 100% მომზადებას და ღირსეულად გამოსვლას. მომდევნო 2 წლის განმავლობაში ყველანაირად ვეცდებით მაქსიმალური შედეგის დადებას და ტიტულების მოპოვებას.

FC Locomotive Tbilisi-ს ფოტო.

ფოტო: ს.კ. ლოკომოტივი

(138)

გიორგი გაბაძე: “ერვოსარბილზე მოხვედრის გარდა, სხვა ვარიანტს არც განვიხილავთ” 

სტატიის ავტორი
-