გიორგი კუცია: “ახალი პოზიცია მაქვს, მაგრამ მწვრთნელის ნდობა მეხმარება”

2020 წლის სეზონიდან, “დინამო თბილისში” ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი კუცია დაბრუნდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახდა. 20 წლის ფეხბურთელმა უკვე მოახერხა “საბურთალოსთან” ულამაზესი გოლის გატანა და “ლოკომოტივთან” შეხვედრაშიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

გუნდის აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა Live.ge-სთან ინტერვიუში, გუნდში დაბრუნების, გორის “დილაში” გატარებული პერიოდის და სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრა.

როგორია შენი ფიზიკური ფორმა 3-თვიანი იძულებითი პაუზის და კარანტინის გავლის შემდეგ?

კარანტინის შემდეგ ფორმაში დავბრუნდი და როგორც მე, ისე მთლიანად გუნდი უკეთესად გამოვიყურებით. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. გვაქვს კომპონენტები, რომელიც მატჩიდან მატჩამდე და ვარჯიშიდან ვარჯიშამდე უნდა გამოვასწოროთ და დავხვეწოთ.

“დინამოსთვის” სეზონის სტარტი არადამაჯერებელი იყო, მაგრამ კარანტინის შემდეგ გუნდს საუკეთესო შედეგები აქვს. თავად როგორ შეაფასებ ბოლო ორ გამარჯვებას?

გასულ შეხვედრებს ძალიან დადებითად შევაფასებ. თითოეული ფეხბურთელი ვცდილობთ, რომ მწვრთნელის მითითებები, მისი ხედვები და გეგმები სრულფასოვნად შევასრულოთ და ამას შედეგი ნამდვილად მოაქვს.

“ლოკომოტივთან” შეხვედრაში გოლის გატანის ბევრი მომენტი მიიღე, მაგრამ ბოლო ფაზაში სიზუსტე დაგაკლდა. თავად რომელ მომენტს გამოარჩევდი?

როგორც ჩანს, ჩემი დღე არ იყო. გოლის გატანა ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გამიმართლა. ყველა მომენტი, რომელიც შევქმენი, დასანანი იყო, მაგრამ გამოვარჩევ იმ ეპიზოდს, როცა საჯარიმოში შევედი და მეტოქის მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებას ვცდილობდი. შევეცდები, რომ შემდეგ შეხვედრებში ამ საკითხზე ვიმუშაო და გამოვასწორო მომენტების რეალიზების კომპონენტი.

“დინამოს” ახალი მწვრთნელი ჰყავს. როგორია კახა ჩხეტიანთან მუშაობის პროცესი?

“დინამო” ახალი გუნდია ახალი მწვრთნელით, რომელსაც შესათამაშებლად გარკვეული დრო სჭირდება, სეზონის მძიმე სტარტიც ალბათ ამის ბრალი იყო. ვფიქრობ, კახას ხელი გუნდს უკვე დაეტყო, ის ძალიან თბილი და კარგი პიროვნებაა და მან ერთ მუშტად შეგვკრა. სასიამოვნოა ის განწყობა, რომელიც გუნდში არსებობს და ეს მთავარი მწვრთნელის ძალიან კარგი მუშაობის დამსახურებაა.

გუნდში ახალი პოზიცია გაქვს. რამდენად კომფორტულია შენთვის საყრდენიდან შემტევი ნახევარმცველად გადანაცვლება?

თავიდან შემტევის პოზიციაზე თამაში გამიჭირდა, თუმცა ნელ-ნელა შევეჩვიე ათიანზე თამაშს. და ვცდილობ ის პრობლემაც დავხვეწო, რომელიც ბოლო მატჩებში გამოიკვეთა – მომენტების რეალიზება. მწვრთნელიც მენდობა და როგორც ჩანს ჩემში წინ თამაშის მონაცემებს ხედავს.

წინა სეზონი გორის “დილაში” გაატარე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პერიოდი შენი კარიერისთვის?

გორში იჯარით წასვლამ გამოცდილება მომცა, მეტი სათამაშო დრო მივიღე და ამან პროფესიონალურად უფრო მეტად გამზარდა. შევეცადე, რომ “დილაში” ყოფნა მაქსიმალურად გამომეყენებინა და “დინამოში” უფრო ძლიერი დავბრუნებულიყავი.

ეროვნულ ლიგას ახალი, დროებითი ფორმატი აქვს. ამ პირობებში როგორია თქვენი სატურნირო შანსები და რომელ გუნდებს მიიჩნევ მთავარ კონკურენტებად?

“დინამოს” მიზანი ყოველთვის ჩემპიონობაა და გვსურს, რომ პირველი ადგილი შევინარჩუნოთ. ჩემპიონატის ფორმატის განახევრებამ სიტუაცია უფრო დაძაბა და ყველა გუნდისთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა. “თელავმა”, “მერანმა” და სხვა შედარებით სუსტმა გუნდებმა ისეთი მატჩები ჩაატარეს, რომ ამით გამოჩნდა, თუ რა კონკურენციის გაწევა შეუძლია თითოეულ მეტოქეს ნებისმიერ მატჩში.

მთლიანობაში, ძალიან დაძაბული ჩემპიონატი უნდა გამოვიდეს, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე მეტად პაექრობა ბათუმის “დინამოსთან” და “საბურთალოსთან” მოგვიწევს.

განწყობა ძალიან კარგი და დადებითი გვაქვს, გვინდა თითოეულ მატჩზე ვკონცენტრირდეთ და არსებული რესურსი იმდენად გამოვიყენოთ, რომ როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ევროსარბიელზე დამაჯერებელი შედეგი დავდოთ.

შემდეგ ტურში, პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირება გელით. როგორია განწყობა “ტორპედოსთან” მატჩის წინ?

წინ ძალიან დაძაბული და რთული შეხვედრა გველის. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე ხალხის დაშვება აკრძალულია, დარწმუნებული ვარ გამარჯვებისთვის ბრძოლა მარტივი არ იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგი განწყობა გაქვს და გვინდა, რომ ქუთაისიდან 3 ქულით დავბრუნდეთ.

(1484)

გიორგი კუცია: “ახალი პოზიცია მაქვს, მაგრამ მწვრთნელის ნდობა მეხმარება”

სტატიის ავტორი
-