გიორგი ნემსაძე: “20 წუთი დაცვაში ჩადგომას ვერ შევეგუებოდი, გავრისკეთ და გაგვიმართლა” 

უშუალო კონკურენტ “დინამო თბილისთან” მოპოვებული დრამატული გამარჯვების შემდეგ, თავისი გუნდის თამაში გორის “დილას” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ შეაფასა.

“აქამდეც ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ყოველი მატჩი და ყოველი სამუშაო კვირა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე. ეს კვირა ძალიან რთული და დაძაბული გამოგვივიდა, რადგან კლასით უფრო მაღლა მდგომ, ძალიან ძლიერ გუნდთან დაპირისპირება მოგვიწია. მეტოქე გამარჯვებაზე იყო კონცენტრირებული. 

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, თამაშის ხარისხით ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, რადგან ბევრ უაზრო სიტუაციაში დავკარგეთ ბურთი და რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დავუშვით, ამ ყველაფრით კი მეტოქეს უპირატესობა შევუქმენით. 

მე არ მიყვარს უკნიდან თამაში, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 1 კაცით ნაკლები ვიყავით, 20-30 წუთი მეორე ნომრად თამაშს ვერ შევეგუებოდი. ბიჭებს მოვუწოდე, რომ უკან არ ჩამჯდარიყვნენ, შეტევაში გაერისკათ და მხოლოდ თავის დაცვაზე არ ეფიქრათ. ამან შედეგი გამოიღო, გაგვიმართლა, რომ მოვიპოვეთ ჯარიმა, რომელიც სპანდერაშვილმა ძალიან კარგად შეასულა და საბოლოოდ, მატჩი იმ შედეგით დასრულდა, როგორიც გვსურდა. ბიჭებს მადლობას ვუხდი ასეთი მონდომებისთვის, შრომის და თავგანწირვისთვის. 

წინ ძალიან რთული კალენდარი გვქვს და ბევრ ძლიერ მეტოქესთან შეხვედრა გველის, თუნდაც შემდეგ ტურში ბათუმის “დინამოსთან”. თუმცა, ჩვენი მიზანი იგივე იქნება. შევეცდებით, რომ ბრძოლისუნარიან და შედეგიან თამაშთან ერთად, ხარისხიანი ფეხბურთიც ვაჩვენოთ”, – თქვა გიორგი ნემსაძემ.

6 ტურის შემდეგ, “დილას” 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის დამოძღვრილი გუნდი 26 ივლისს, გორში, ვიცე-ჩემპიონ აჭარლებთან ჩაატარებს.

(531)

გიორგი ნემსაძე: “20 წუთი დაცვაში ჩადგომას ვერ შევეგუებოდი, გავრისკეთ და გაგვიმართლა” 

სტატიის ავტორი
-