გიორგი ჭიაბრიშვილი: “სახლში თამაში უპირატესობა არ მგონია” 

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის “ლოკომოტივი” რუმინულ “უნივერსიტატეა კრაიოვას” დაუპირისპირდება. წილისყრის დასრულების შემდეგ, თბილისირი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის კომენტარს გვთავაზობს.

“დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ არ გვქონია რომელიმე კონკრეტული გუნდის მოლოდინი და ყველა პოტენციურ მეტოქეს ერთნაირად ვუდგებოდით. შეგვხვდა ის, ვინც შეგვხვდა. ჩვენი მეტოქის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ რუმინეთის ჩემპიონატში ეს გუნდი მეორე ადგილზეა. მათ რიგებში თამაშობენ რუმინეთის, ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელები. ჰყავთ საკმაოდ კარგი მეკარე, რომელიც იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

დღეს, გორის „დილასთან“ სერიოზული თამაშისთვის ვემზადებით და ახლა მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებული. ამის შემდეგ, გველის „სამტრედიასთან“ დაპირისპირება. ამ თამაშების მერე, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ვნახავთ „კრაიოვას“ თამაშებს და მაქსიმალური მობილიზებით მოვემზადებით.

ამ მოცემულობაში, სახლში თამაში მე უპირატესობა არ მგონია, რადგან მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. თან, ჩვენს საშინაო არენაზე არ ვთამაშობთ და ჩვენთვისაც ისეთივე მატჩი იქნება ნეიტრალურ მოედანზე, როგორც ჩვენი მეტოქისთვის”, – თქვა ჭიაბრიშვილმა.

ფოტო: ს.კ ლოკომოტივი.

(62)

გიორგი ჭიაბრიშვილი: “სახლში თამაში უპირატესობა არ მგონია” 

სტატიის ავტორი
-