გიორგი ჭიაბრიშვილი: “არანაირი შიში და დაძაბულობა, ისტორიული შანსი გვაქვს და მოედანზე წნეხის გარეშე გავალთ “

თბილისის “ლოკომოტივი” გრანადაში უკვე ჩამოფრინდა, გუნდი სასტუმროში დაბინავდა და მატჩისწინა ვარჯიშის ჩასატარებლად მოემზადა. საინტერესოა, თუ რას ფიქრობს ესპანეთში გასამართი პრინციპული დაპირისპირების შესახებ “რკინიგზელთა” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი. ექვსსაათიანი მგზავრობის შემდეგ გუნდში არსებული ფიზიკური მდგომარეობის, მეტოქის ძალების თუ სხვა საინტერესო დეტალების შესახებ 40 წლის სპეციალისტმა მატჩამდე ერთი დღით ადრე, არენის საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა.

გამარჯვების რწმენა არასდროს არ დამიკარგავს. ქართულ ფეხბურთს დიდი წარსული ჰქონდა და ზუსტად ვიცი, რომ მომავალიც ექნება. მთავარია როდის დავდგებით განვითარების იმ გზაზე, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ისეთ გუნდებთან შევძლოთ წარმატებით თამაში, როგორიც “გრანადაა“. ქართულ ფეხბურთს ბევრი პრობლემა აქვს და რეალურად ხვალ გამოჩნდება, თუ რა დონეზე შეგვიძლია ფეხბურთის თამაში.

გრანადა” ძალიან ძლიერი გუნდია, მე ლა ლიგას აქტიურად ვადევნებ თვალს და  ვიცი, რომ წინა წელსაც გამორჩეული გუნდი იყო. ეს გუნდი სწორი ტაქტიკური თამაშით და შემსრულებლებით გამოირჩევა. ნათელია, რომ უპირატესობა მათ აქვთ, ამას ახსნა არ სჭირდება, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცელზეა და  ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენზე ძლიერი იყო წინა ორი გუნდიც და რაც მოხდა, ვნახეთ. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ეს პირადად ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მივხვდებით, და ვნახავთ თუ რეალურად როგორ დონეზე შეგვიძლია თამაში.

ცარიელი სტადიონი ჩვენი უპირატესობაა. ეს ჩვეულებრივი მომენტია ჩვენთვის, მათთვის კი უცნაურობაა. აქ გამარჯვება კიდევ ერთი სასწაული იქნება, მათ წნეხი აქვთ, ჩვენ კი არა. არანაირი შიში და დაძაბულობა აქ გვაქვს, ფეხბურთის თამაშის თუ გეშინია მწვრთნელს ან ფეხბურთელს, მაშინ მოედანზე არაფერი გესაქმება.

მეტოქის შესწავლა ჩვენთვის ძალიან ადვილია, სულაც რომ არ შევხვედროდით “გრანადას“, ლა ლიგას ისედაც ვუყურებდით და მათზე გაცილებით მეტი ინფორმაციის მოძიება შეგვიძლია ერთ დღეში ვიდრე, მათ ჩვენზე ნაკლები მონაცემები ექნებათ, მე ამ სეზონში გუნდში მესამე მწვრთნელი ვარ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სქემებზე ბევრი ექნებათ სამუშაო.

მოსკოვის “დინამოსთან” მატჩის შემდეგ გამართულ ვარჯიშზე, შესაძლოა ითქვას, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად სრულად გამოწურულები იყვნენ. ვეკითხებოდი: “რა გჭირთ, არ გეტყობათ, რომ გამარჯვებულები ვართ, ისე ჩანს, რომ დავმარცხდით”, მესმის, რომ რთულია ასეთი შეხვედრის შემდეგ სრულფასოვნად ძალების აღდგენა, ამას დღეს ექვსსაათიანი ფრენაც დაემატა და ცხადია, რომ ფიზიკურად უძლიერეს ფორმაში ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს, როგორც ჩვენი კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო, ისე ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უდიდესი შანსია და სხვა გზა არ გვაქვს, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ”, – თქვა გიორგი ჭიაბრიშვილმა.

პრესკონფერენციის შემდეგ, ქართული გუნდი ვარჯიშს გამართავს, მოედანზე სათამაშოდ კი 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გამართავს.

სპეციალურად Live.ge-სთვის, ამირან შაიშმელაშვილი გრანადადან

ფოტო: თამარ ჯიშკარიანი

(155)

გიორგი ჭიაბრიშვილი: “არანაირი შიში და დაძაბულობა, ისტორიული შანსი გვაქვს და მოედანზე წნეხის გარეშე გავალთ “

სტატიის ავტორი
-