გიორგი ჭიაბრიშვილი: “ცხოვრებაში ყველას თავისი საბრძოლო ველი აქვს, ჩვენი ომი მოედანზეა”

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, თბილისის “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც განაცხადში მოხვდა, სრულფასოვნად სათამაშო ფორმაშია. ერთადერთი, ვინც სრულ მზადყოფნაში არ არის, ეს დავით კირკიტაძეა, რომელსაც ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს. დანარჩენი, ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაში და საბრძოლო განწყობითაა. 

მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ინდივიდუალურიდან დაწყებული, გუნდურით დამთავრებული, ჩვენი მეტოქე დეტალურად შევისწავლეთ. “კრაიოვასთან” გამარჯვების დაგეგმვა შედარებით ადვილი იყო, რადგან მუდმივად ერთი თერთმეტეულით და სქემით თამაშობდა, მაგრამ “დინამოს” შემთხვევაში ასე არ არის. მათ დიდი რესურსი აქვთ და შესაბამისად შემადგენლობას ხშირად ცვლიან. ამავე დროს, მათი შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელი თავიანთი ქვეყნის ნაკრებში თამაშობს. რუმინელებისგან განსხვავებით, მათთან საშემსრულებლო ოსტატობა გაცილებით მაღალ დონეზეა. 

მე ვნახე მათი წინა თამაში საქნტ-პეტერბურგის “ზენიტის” წინააღმდეგ, რომელშიც უმეტესად დაცვითი ფეხბურთელი ითამაშეს, რაც შესაძლოა მათი გულშემატკივრისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ პრაგმატულად მათ ძალიან სწორად ითამაშეს, სტანდარტისას მიღებული შანსი გამოიყენეს და მიზანს მიაღწიეს.

მე მაქვს ღრმა რწმენა, რომ უახლოეს მომავალში, რომელიმე სეზონში რომელიმე ქართული კლუბი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და წარმატებას ყველა ქართულ გუნდს ვუსურვებ. ამ რწმენიდან გამომდინარე, მაქვს მთავარი მიზანი, რომ ჯგუფში გავიდეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იქამდე. გზად კი რუსულ გუნდს დავუპირისპირდებით, რუმინულს, “მანჩესტერ იუნაიტედს” თუ ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვცდილობ, რომ ფეხბურთელებს ყველანაირი წნეხი მოვუხსნა და მათი საბრძოლო მოედანი საფეხბურთო მინდორზე დავანახო.

“დინამოს” დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლის განცხადება, რომ ეს რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაა, ჩემთვის მიუღებელია. ამას რუსული საზოგადოების ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილიც არ ეთანხმება. ჩვენ ვართ სპორტსმენები, ჩვენი საქმე არის მოედანზე და ფეხბურთში. ცხოვრებაში, ყველა ადამიანს თავისი საბრძოლო ველი აქვს, ჩვენი საბრძოლო ველი არის ფეხბურთი. თქვენ ჟურნალისტებს თქვენი ბრძოლა გაქვთ და ისეთი რამეების გაკეთება შეგიძლიათ, რის 10%-საც ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ჩვენ გვყავდა და გვყავს ცოცხალი გმირები, ვინც იარაღით ხელში დაიცვეს საქართველოს ღირსება. ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ რუმინეთთან მატჩის წინ, ჩვენ სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის კადრები ვნახეთ, იმიტომ, რომ ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია შეგვექმნა. ასე რომ, ყველას თავისი საბრძოლო ველი აქვს და ყველამ საკუთარი საქმით უნდა იბრძოლოს ქვეყნის წარმატებისთვის. მე მყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას იარაღით ხელშიც დაიცავენ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს ამის საჭიროება არ დადგება. ახლა ჩვენი ომი მოედანზეა, გავალთ და გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ”, – თქვა ჭიაბრიშვილმა.

ლოკომოტივისა” და “დინამოს” მატჩი 17 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

(125)

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ცხოვრებაში ყველას თავისი საბრძოლო ველი აქვს, ჩვენი ომი მოედანზეა”

სტატიის ავტორი
-