ჭიაბრიშვილის პირველი გამარჯვება, ნემსაძის პირველი მარცხი – დინამო თბილისი წრის გამარჯვებულია

საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პირველი წრის გამარჯვებული “დინამო თბილისი” გახდა.

კახა ჩხეტიანის გუნდმა ეს სტატუსი მას მერე მოიპოვა, რაც მეცხრე ტურის შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივმა” გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე”, მასპინძელი “დილა” დაამარცხა.

მატჩამდე, მასპინძლებს, რომელმაც კარანტინის შემდეგ გულშემატკივრის თანდასწრებით პირველი მატჩი ჩაატარეს, 16 ქულა ჰქონდათ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებდნენ. გარდა ამისა, “დილა” “დინამო ბათუმთან” ერთად ჩემპიონატში ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც წაგება არ ჰქონდა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ პირველ ორ ტურში დაგროვილი 6 ქულის და ჩემპიონატის განახლების შემდეგ, გამარჯვება არ მოუპოვებიათ.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და თითქმის მთელი სათამაშო დროის განმავლობაში, ბურთს “დილას” ფეხბურთელები აკონტროლებდნენ, სახიფათო მომენტებს ქმნიდნენ და მეტოქეს აწუხებდნენ, თუმცა “ლოკომოტივის” მცველები თავს შესანიშნავად იცავდნენ და კონტრშეტევებზეც რიგიანად მოქმედებდნენ. ამან შედეგი მატჩის 58-ე წუთზე გამოიღო, როცა ირაკლი სიხარულიძის მშვენიერი გადაცემისშემდეგ მეტოქის მეკარის პირისპირ თეიმურაზ შონია აღმოჩნდა და ზუსტი დარტყმით მატჩის გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო – 0:1.

მას მერე, რაც გიორგი ჭიაბრიშვილი “რკინიგზელთა” თავკაცი გახდა, “ლოკომ” სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა. თავისმხრივ, სეზონში პირველად დამარცხდა “დილაც”. ამრიგად, თბილისელებს 12 ქულა და მეექვსე პოზიცია, გორელებს კი 16 ქულა და მესამე ადგილი აქვთ.

მას მერე, რაც გიორგი ნემსაძის გუნდმა ლიდერობა დაკარგა, პირველი წრის გამარჯვებული “დინამო თბილისი” გახდა.

მეორე წრეს “დილა” ქუთაისის “ტორპედოსთან” საშინაო,  “ლოკომოტოვი” კი “სამტრედიასთან” სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყებს.

დილა“: გუგეშაშვილი – ეტოუ, ხურცილავა, მაისაშვილი, იენდეუნტი (სანტოსი, 77), ლაცაბიძე – ნონდი, მადინგა, მარკოზაშვილი (გორგიაშვილი, 62), სპანდერაშვილი, ლექვთაძე (ბიძინაშვილი, 75). (5-3-2).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.

ლოკომოტივი“: მამარდაშვილი – გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, ქველაძე (მჭედლიშვილი, 76) – სამუკასოვი (გავაშელიშვილი, გავაშელიშვილი70), დარცმელია, შონია, ძებნიაური, იმრანი (იაკობიძე, 65) – სიხარულიძე. (4-5-1).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.

გოლი: 0:1 თეიმურაზ შონია (58).

გაფრთხილება: თეიმურაზ შონია (45), ალექსანდრე გურეშიძე (78), გიორგი მამარდაშვილი (88), ამოს ნონდი (88), მამია გავაშელიშვილი (88).

მსაჯი: ბაკურ ნინუა.

დისკვალიფიკაცია: მიკოლა კოვტალიუკი (“დილა”), დავით უბილავა (“ლოკომოტივი”).

ფოტო: ს.კ ლოკომოტივი.

(173)

ჭიაბრიშვილის პირველი გამარჯვება, ნემსაძის პირველი მარცხი – დინამო თბილისი წრის გამარჯვებულია

სტატიის ავტორი
-