გულიაშვილის გოლით საბურთალომ სამტრედიიდან 3 ქულა წამოიღო – ელიგაში პირველი წრე დასრულდა

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრე სამტრედიაში გამართული, დაძაბული და დრამატული შეხვედრით დასრულდა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის არენაზე, ადგილობრივმა “სამტრედიამ” “საბურთალოს” უმასპინძლა და – 1:2 დამარცხდა.

მატჩამდე, იმერლებს 8, ხოლო თბილისელებს 13 ქულა ჰქონდათ და სატურნირო ცხრილში შესაბამისად, მერვე და მეოთხე ადგილებს იკავებდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ანგარიშის გახსნა კი მასპინძლებმა მოახერხეს. 21-ე წუთზე, სტრაჰინია პავიშიჩის გადაცემის შემდეგ, მეტოქის კარი გიორგი ახალაძემ დალაშქრა.

მეორე ტაიმში, საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შეტევა გააძლიერა და მოედანზე იური ტაბატაძე, გიორგი გულიაშვილი და ოლეკსანდრ ბელიაევი შემოუშვა. ამან, საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო და წვიმის ფონზე მიმდინარე თამაშში გარდატეხა შეიტანა.

დედაქალაქელები თამაშში 66-ე წუთზე დაბრუნდნენ, როცა ტაბატაძის პასს ელვინ ტერას გოლი მოჰყვა – 1:1.

3 ქულა სტუმრებმა ძირითადი დროის ამოწურვამდე 1 წუთით ადრე მოიპოვეს. ამჯერად, კენიელმა ლეგიონერმა გოლს საგოლე გადაცემა დაამატა, თავით ზუსტად 18 წლის გიორგი გულიაშვილმა ითამაშა და სადებიუტო გოლით თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა.

ამ გამარჯვებით, “საბურთალომ” თავი 16 ქულას მოუყარა და მესამეადგილოსან გორის “დილას” წამოეწია, რაც შეეხება “სამტრედიას” კახა კაჭარავას გუნდმა მიჯრით მესამე მატჩი წააგო და გასავარდნ ზონაში, მერვე პოზიციაზე იმყოფება.

მეორე წრე “სამტრედიასთვის” “ლოკომოტივთან” საშინაო, ხოლო “საბურთალოსთვის”, “ჩიხურასთან” სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრით დაიწყება.

სამტრედია“: კულუა – რუხაია, კიასლონია, თოთაძე, ჯგერენაია – პავიშიჩი (ლუკავა, 90+2) – ინკუმი, ახალაძე (მესიაჩენკო, 69), კვირკვია – დისი (დაფ, 71), იმნაძე. (4-1-3-2).

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

საბურთალო“: კუპატაძე – ჭიჭინაძე (ბელიაევი, 46), მარგველაშვილი, კაკუბავა – მალი, ტერა, ცნობილაძე, ალთუნაშვილი, ნაზარე (ტაბატაძე, 46), ლუმუ (გულიაშვილი, 74), ქავთარაძე. (3-5-2).

მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე.

გოლი: 1:0 გიორგი ახალაძე (21), 1:1 ელვინ ტერა (66), 1:2 გიორგი გულიაშვილი (89).

გაფრთხილება: ნიკოლოზ მალი (10), გიორგი ჯგერენაია (14), ჯეროენ ლუმუ (49), დაჩი ცნობილაძე (53), გუჯა რუხაია (65), ლაშა თოთაძე (75), ლაზარე კუპატაძე (90+5).

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

ფოტო: ს.კ საბურთალო.

(29)

გულიაშვილის გოლით საბურთალომ სამტრედიიდან 3 ქულა წამოიღო – ელიგაში პირველი წრე დასრულდა

სტატიის ავტორი
-