კახა ჩხეტიანი: “დღევანდელი თამაშის გამო ბოდიშს გიხდით, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ”

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც “ტირანამ” “დინამო თბილისს” “დინამო არენაზე” 2:0 აჯობა, ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ქართველი და ალბანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“ვერ ვიტყვი, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა უგულოდ ითამაშეს და მონდომება დააკლდათ. არა, ეს ასე არ ყოფილა, მათ გამარჯვება ყველაზე მეტად უნდოდათ, უბრალოდ არ გაგვიმართლა. მეტოქემ შეტევის შესაძლებლობა მოგვცა, მაგრამ ეს ვერ გამოვიყენეთ და რეალური მომენტები ვერ შევქმენით. 

მესმის, რომ ჟურნალისტების და გულშემატკივრის ნაწილი შერჩეული შემადგენლობებით უკმაყოფილოა, მაგრამ შესაძლოა იგივე დამოკიდებულება სხვა ფეხბურთელების დაყენების შემთხვევაშიც გქონოდათ. იყვნენ მოთამაშეები, რომელთაც მიკრო-ტრავმები ჰქონდათ, მაგალითად ქავთარაძე და მისი მოედანზე შემოშვება ამის გამო ვერ გავრისკე. ბევრი მათგანი ფორმაში არ იყო. ფეხბურთელებს არაფერს ვაბრალებ, ვთვლი, რომ ყველა ფეხბურთელი ვინც მოედანზე გამოვიდა, თამაშის ღირსი იყო და თუ შემადგენლობა არასწორად შევარჩიე, პასუხისმგებლობას სრულად ჩემს თავზე ვიღებ. 

შევეცდებით, რომ ევროპის ლიგაზე, სადაც მომავალში გადავერთვებით, ამ თამაშის 10%-იც კი არ ვაჩვენოთ. დღევანდელი თამაშის გამო ყველას ბოდიშის გიხდით და ვეცდებით, რომ შემდეგ შეხვედრებში სათამაშო ხარისხი და სტილი სრულფასოვნად შეიცვალოს. 

არ ვიცი რამდენად შევძლებთ გუნდის ახალწვეულებით გაძლიერებას, მაგრამ იმაზე აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ გუნდის შიდა რესურსი უფრო მეტად და უკეთ გამოვიყენოთ. 

რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ გუნდი არ ვითარდება და ჩემი დათხოვნის საკითხს განიხილავენ, ეს მათი ნება იქნება”, – თქვა ჩხეტიანმა.

(354)

კახა ჩხეტიანი: “დღევანდელი თამაშის გამო ბოდიშს გიხდით, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ”

სტატიის ავტორი
-