ნოდარ ქავთარაძე: “საჩემპიონო ამბიცია უცვლელია, წინ 13 ფინალი გველის”

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ქართული დერბით დასრულდა. ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე”, “ტორპედომ” “დინამოსთან” უგოლო ფრე ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, Live.ge-სთან საუბრისას, თბილისური კლუბის ნახევარმცველმა ნოდარ ქავთარაძემ დაძაბული შეხვედრა და გუნდის საჩემპიონო შანსები შეაფასა.

“ტრავმა ბოლომდე მოვირჩინე. სრულფასოვნად ვვარჯიშობ, “ტორპედოსთან” მატჩში ვითამაშე კიდეც და ნელ-ნელა ფორმაში შევალ.

ცხადია, მოლოდინი გვქონდა, რომ ქუთაისში რთული შეხვედრა გველოდა. მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაშია ერთი ან მეორე გუნდი “ტორპედოსა” და “დინამოს” შორის დერბი ყოველთვის მძიმე და დაძაბულია. გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს მიეცა და ამრიგად, შედეგი დამსახურებული იყო, თუმცა უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა, გამარჯვებასაც მოვიპოვებდით. 

რომ არა მატჩის 69-ე წუთზე ორივე გუნდის ფეხბურთელის გაძევაბა, თამაშის სცენარი სხვაგვარად განვითარდებოდა. მას მერე, რაც მოედანზე ორივე გუნდი 10 კაცით დავრჩით, “ტორპედო” დაცვაში ჩადგა, ჩვენ კი რამდენიმე ეპიზოდში შანსი მივიღეთ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. 

ამ ფრის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. ჩვენი განწყობა, ამბიცია და მიზნები უცვლელია – გვინდა, რომ ჩემპიონები გავხდეთ და ტიტული დავიცვათ. წინ უშუალო კონკურენტ “დილასთან” მატჩი გველის, გორელები კარგ ფორმაში არიან, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. კარგია, რომ ბოლო სამი მატჩია გოლი არ გაგვიშვია, ჩვენც ბევრს ვიტანთ და ეს ჩვენზე დადებითად მოქმედებს. ჩემპიონატის ახალი ფორმატიდან გამომდინარე, ყველა დარჩენილი თამაში ფინალია, წინ 13 ფინალი გველის”, – თქვა ქავთარაძემ.

უკვე ჩატარებული 5 მატჩიდან, თბილისელებმა 2 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 9 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავიათ.

(171)

ნოდარ ქავთარაძე: “საჩემპიონო ამბიცია უცვლელია, წინ 13 ფინალი გველის”

სტატიის ავტორი
-