პრევიუ: დინამო ბათუმი Vs. დინამო თბილისი

საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება 12 სექტემბერს გაიმართება.

კორონავირუსის პანდემიამ, ისევე როგორც სხვა ყველაფერს, ქართულ ფეხბურთს და ეროვნულ ლიგასაც არაერთი პრობლემა შეუქმნა. ჯერ იყო და კარანტინის გამო სეზონი შეწყდა და ოთხის ნაცვლად ორი წრით განახლდა, ახლა კი ახალი სტადიონის გრანდიოზული გახსნა გადაიდო. ბათუმის ცენტრალური არენა, რომელიც საზეიმო ვითარებაში უნდა გახსნილიყო, სავარაუდოდ ოქტომბრის თვეში გაიხსნება, იქამდე კი, ბათუმისა და თბილისის “დინამოები” ნეიტრალურ არენაზე – ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე ითამაშებენ.


დრო: 12 სექტემბერი, 21:00 საათი

სტადიონი: რამაზ შენგელიას სახელობის არენა


სატურნირო მდგომარეობა

მიმდინარე სეზონში, სადაც ტურების რაოდენობა მხოლოდ თვრამეტია და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, ლიდერთა შორის კონკურენციაც ძალიან მაღალია. კლუბებმა უკვე ერთ წრეზე მეტი ითამაშეს და ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ოთხ გუნდს აქვს. 10 ტურის შემდეგ, გორის “დილას”, “საბურთალოს” და “დინამო თბილისს” 19-19 ქულა აქვთ და მეორე ადგილს ინაწილებენ, მათზე მინიმალური უპირატესობით წინ კი აჭარული კლუბია.

“დინამო ბათუმი” ამ სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც წაგება არ აქვს – გია გეგუჩაძის შეგირდებმა 5 მატჩი მოიგეს და ამდენივე ფრედ დაასრულეს. ბათუმელებმა მიმდინარე გათამაშებაში 18 გოლის გატანა შეძლეს და ამ მაჩვენებლით მხოლოდ “საბურთალოს”, მინიმალურად ჩამორჩებიან. აჭარლებმა საკუთარ კარში 6 ბურთი მიიღეს, რაც “თელავთან” ერთად მეორე საუკეთესო შედეგია.

რაც შეეხება თბილისურ “დინამოს”, მათი მონაგარი 5 მოგება და 4 ფრეა, მოქმედმა ჩემპიონმა მხოლოდ 1 შეხვედრა წააგო და ეს საკუთარ არენაზე, გოლის “დილასთან” დრამატულ მატჩში მოხდა – 1:2. კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ათ მატჩში “დინამომ” 16 გოლი გაიტანა, რა მაჩვენებლითაც მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ ორ მეტოქეს ჩამორჩება, სამაგიეროდ დედაქალაქელებმა მხოლოდ 4 გოლი გაუშვეს, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია.

FC Dinamo Tbilisi-ს ფოტო.


სათამაშო ფორმა

  • ბათუმელებს იმ ბოლო 22 შეხვედრაში, რომელიც მასპინძლის სტატუსით ჩაატარეს, არცერთი არ წაუგიათ.
  • ბოლოს აჭარლები 2019 წლის 5 მარტს, ქუთაისის “ტორპედოსთან” – 0:2 დამარცხდნენ. თუმცა, 12 სექტემბერს შავიზღვისპირელები ნომინალური მასპინძლის როლში იქნებიან.
  • ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ბათუმელების 10-დან მხოლოდ სამ მატჩში გავიდა სულ მცირე 3 გოლი. 6-ჯერ კი გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.
  • ბათუმელებმა ეროვნულ ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 გამარჯვებით დაასრულეს.
  • ამ სეზონში ბათუმელებმა ქულა 5-ჯერ დაკარგეს. აქედან სამ შემთხვევაში ბათუმელებმა პირველი გოლის გატანა მოახერხეს, უპირატესობის შენარჩუნება კი – ვერა.
  • “დინამო ბათუმმა” ეროვნულ ლიგაში ბოლო მატჩი თბილისის “მერანთან” სტუმრად ჩაატარა და – 2:1 იმარჯვა, ხოლო საშინაო არენაზე ბოლოს “სამტრედია” – 2:0 დაამარცხა.
  • “დინამო თბილისმა” ამ სეზონში ეროვნულ ლიგაში 5 მატჩი მოიგო, აქედან 3-ჯერ თბილისურმა კლუბმა მეტოქეს სულ მცირე სამბურთიანი სხვაობით აჯობა.
  • ამ სეზონში ჩატარებული 10 შეხვედრიდან, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა გოლი მხოლოდ 3 შეხვედრაში გაუშვა, 7-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.
  • 1.5-ზე მეტი გოლი დედაქალაქელებმა მხოლოდ ერთხელ, გორის “დილასგან” საშინაო არენაზე გაუშვეს.
  • თბილისელებს ეროვნულ ლიგაში ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვთ წაგებული – “დილასთან” (1:2).
  • “დინამო თბილისს” საქართველოს ეროვნულ ლიგაში ბოლო 16 სტუმრად ჩატარებული შეხვედრიდან არცერთი წაუგია. უკანასკნელად ჩისკოს გუნდი 2019 წლის 20 მაისს, “რუსთავთან” დამარცხდა.
  • მტკვრისპირელებმა ეროვნულ ლიგაში ბოლო 14 სტუმრად გამართული მატჩიდან გოლი მხოლოდ 3-ში გაუშვეს.
  • ეროვნულ ლიგაში ბოლო შეხვედრა “დინამომ” “თელავთან” სტუმრად ჩაატარა და კახეთში უგოლო ფრეს დასჯერდა.
  • ბოლო მატჩები გუნდებმა ევროსარბიელზე გამართეს და წარუმატებლად დაასრულეს. აჭარლებმა ისრაელში, “ჰაპოელ ბერ შევასგან” 3 უპასუხო გოლი მიიღეს და ევროპის ლიგას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშნენ, რაც შეეხება თბილისურ კლუბს, მათ “დინამო არენაზე”, ალბანურ “ტირანასთან” 0:2 წააგეს და ჩემპიონთა ლიგიდან რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე გადაინაცვლეს.

ურთიერთშეხვედრები

დინამოების” ბოლო ორი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით – 1:1 დასრულდა. აქედან ერთი დედაქალაქში გაიმართა, მეორე კი ბათუმის ცენტრში.

გუნდების ბოლო 7-დან 5 დაპირისპირებაში გოლის გატანა ორივე მეტოქემ მოახერხა.

ბოლო სამ შეხვედრაში თბილისელები დაუმარცხებლები არიან, იქამდე ზედიზედ ორი მატჩი კი დასავლეთელებმა მოიგეს.

გუნდების ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი ორივე მეტოქემ გაიტანა.

2002 წლიდან მოყოლებული, “დინამო თბილისმა” “დინამო ბათუმთან” სტუმრად 16 შეხვედრა გამართა და აქედან მხოლოდ 3-ში დამარცხდა (2004. 2016 და 2019 წლებში), აქედან 11 კი მოიგო.

გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ორი ფრედ დასრულდა, 1 თბილისელებმა მოიგეს, 2 კი ბათუმელებმა.

FC Dinamo Tbilisi-ს ფოტო.


დანაკლისი

“დინამო ბათუმი” 

ბათუმელებს დაცვაში ორი სერიოზული დანაკლისი აქვთ. გუნდს მარჯვენა და მარცხენა ფლანგის მცველები, შესაბამისად ლევან გეგეჭკორი და გიორგი ნავალოვსკი დააკლდებათ. გეგეჭკორმა უმძიმესი ტრავმა ჯერ კიდევ მეხუთე და მეექვსე ტურებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის დროს მიიღო, რაც შეეხება ნავალოვსკის, ის საქართველოს ნაკრების შეკრებაზე დაშავდა.

ტრავმების გარდა, “დინამო ბათუმს” გუნდის მთავარი ლიდერი ჯოვინო ფლამარიონიც არ ეყოლება.

ბრაზილიელი ლეგიონერი, რომელმაც გუნდში გატარებულ სამ სეზონში 45 გოლი გაიტანა, წინა გათამაშებაში 16 გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, აჭარლებმა ვოლგოგრადის “როტორშიგაანათხოვრეს. ამრიგად, შავიზღვისპირელებს შეტევაში ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა არ ეყოლებათ.

“დინამო თბილისი”

თბილისელებს საკადრო პრობლემები არ აქვთ, გუნდს ტრავმის გამო მხოლოდ “ციურიხიდან” დაბრუნებული ლევან ხარაბაძე ვერ დაეხმარება.

ბათუმელთა მსგავსად, ლიდერს თბილისური კლუბიც დაემშვიდობა – “დინამო” გუნდის კაპიტანმა და იმ ადამიანმა დატოვა, რომელსაც წინა სეზონში, გუნდის მიერ მოპოვებული ქულების დიდი ნაწილი საკუთარი სტანდარტული სიტუაციების უბადლო შესრულებით ჰქონდა მოპოვებული. ნიკა ნინუა კარიერას ბერძნულ “პაოკში” აგრძელებს.

FC Dinamo Batumi-ს ფოტო.


ახალწვეულები

“დინამო ბათუმი”

აჭარლებმა აგვისტოში მხოლოდ 1 ფეხბურთელი დაიმატეს. ეს ლაშა შერგელაშვილი გახლავთ, რომელმაც ბოლო სამი წელიწადი ლატვიისა და საბერძნეთის ჩემპიონატებში გაატარა.

“დინამო თბილისი” 

თბილისელებმა “ტირანასთან” მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელი შეიცვალეს. გუნდში ყოფილი თავკაცი ჩისკო დაბრუნდა. ესპანელი სპეციალისტის პირველი ტრანსფერი თანამემამულე ვიქტორ მონხილის დაბრუნება გახლდათ. ესპანელი ცენტრალური მცველი წინა სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და ეროვნული ლიგის 36-ტურიან გათამაშებაში 1 წუთიც არ დაუსვენია.

FC Dinamo Tbilisi-ს ფოტო.

სავარაუდო შემადგენლობა

“დინამო ბათუმი”: მიხეილ ალავიძე – ვლადიმერ მამუჩაშვილი, მამუკა კობახიძე, გოდფრი ობოაბონა, ლაშა შერგელაშვილი – გიული მანჯგალაძე, ბენჟამინ ტეიდივაგნერ გონსალვეში, დოს სანტოს რეინალდო, ჯაბა ჯიღაური – გიორგი ნიქაბაძე. (4-2-3-1).

“დინამო თბილისი”: როინ კვასხვაძე – ნოდარ იაშვილი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე – გიორგი პაპავა – ვიტორ პერნამბუკო, გიორგი კუცია, ირაკლი ბუღრიძე – თორნიკე კაპანაძე (4-1-4-1).

მატჩისწინა კომენტარი

ირაკლი ბურღიძე – “დინამო თბილისის” ნახევარმცველი: “სანაკრებო მატჩების შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ლიხტენშტეინთან შეხვედრაში 1 ტაიმი ვითამაშე, ახლა “დინამოში” დავბრუნდი და ვვარჯიშობ.

ჩემი აზრით, ბათუმისა და თბილისის “დინამოებს” შორის ჩასატარებელი შეხვედრა მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის მთავარი მატჩი იქნება. ამ მატჩის შემდეგ, ჩემპიონობის ბედი სანახევროდ გადაწყდება. ეს ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია, რადგან, დარწმუნებული ვარ, შემდეგ მატჩებში, უაზრო ქულებს არცერთი მეტოქე დაკარგავს. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ბიჭები ამ მატჩში მოსაგებად არიან მოტივირებულები.

მას მერე, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, ეროვნულ ლიგაში ფორმატი განახევრდა და გუნდებს ნაკლები მატჩის ჩატარება უწევთ, თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძვის, სამ გუნდს 19 ქულა აქვს და მეხუთეც მათთან ძალიან ახლოსაა. სწორედ ამიტომ, ფავორიტების გამორჩევა რთული იქნება.

რეალურად, ჩისკოს სულ ორჯერ შევხვდი და ამიტომ მის სამწვრთნელო ფილოსოფიაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ თანაგუნდელებისგან, რომელთაც წინა სეზონშიც მოუწიათ მისი ხელმძღვანელობით თამაში, ვიცი, რომ ის ძალიან ძლიერი სპეციალისტია, მეგობრული ატმოსფეროს შექმნა შეუძლია და რომ მასთან მუშაობა სასიამოვნოა. მე პირადად ვესაუბრე ჩისკოს და მივხვდი, რომ ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება შეუძლია. ვარჯიშიც მომეწონა და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.

უეჭველია, რომ საშინაო არენაზე თამაში ჩვენი მეტოქისთვის უპირატესობა იქნებოდა, თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინოდა. პირიქით, ახალ სტადიონზე, კარგ მოედანზე თამაში გვსურდა და საკუთარი თავის რწმენა გვქონდა, ასე რომ, ნეიტრალურ მოედანზე ჩატარების გადაწყვეტილება არ გაგვხარებია”.

FC Dinamo Tbilisi-ს ფოტო.

 

(107)

პრევიუ: დინამო ბათუმი Vs. დინამო თბილისი

სტატიის ავტორი
-