ვატო არველაძე: “პოლონეთში ჩასვლისას განსხვავება ვიგრძენი, მაგრამ დავბრუნდი და მივხვდი, რომ ჩვენც ვვითარდებით” 

თბილისის “ლოკომოტივმა” ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში ჩაატარა. რკინიგზელები “საგურამოს ბაზაზე” ემზადებიან, სადაც ბათუმის “დინამოსთან” მატჩამდენ გამართულ ვარჯიშზე, ახალგაზრდა ფორვარდს ვატო არველაძეს გავესაუბრეთ და კლუბში დაბრუნებასთან დაკავშირებით ვკითხეთ.

“მოხარული ვარ, რომ მშობლიურ კლუბში დავბრუნდი და საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშებ. კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გავაფორმე და მაქსიმალურად შევეცდები, რომ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სარბიელზე გუნდს წარმატებაში დავეხმარო. 

მინდა სოსო ფრუიძეს მადლობა გადავუხადო, რომელმაც გუნდში მიმიღო და მომცა შესაძლებლობა, რომ სათამაშო ფორმა აღმედგინა. ახალი მწვრთნელი ახალი მოტივაციაა და მოუთმენლად ველი რომ საქმეს შევუდგეთ. 

როცა პოლონეთში წავედი, საფეხბურთო დონეებს შორის განსხვავება ვიგრძენი , მაგრამ საქართველოშიც ვვითარდებით. პირობები გაუმჯობესებულია, ბაზები, სავარჯიშო მოედნები, განწყობაც კარგი გვაქვს, არც უმოტივაციობას ვუჩივით და საქმეში ჩართვას მოუთმენლად ველოდებით”, – თქვა 22 წლის თავდამსხმელმა.

არველაძემ, რომელსაც უკვე საქართველოს ნაკრებში თამაშის და გოლის გატანის გამოცდილებაც აქვს, ექსტრაკლასას ბინადარ “კორონაში” არასრული 2 წელიწადი გაატარა, ამ დროში 38-ჯერ ითამაშა, 8 ბურთი შეაგდო და ამდენჯერვე თანაგუნდელებს გაატანინა.

ფოტო: FC Locomotive

(70)

ვატო არველაძე: “პოლონეთში ჩასვლისას განსხვავება ვიგრძენი, მაგრამ დავბრუნდი და მივხვდი, რომ ჩვენც ვვითარდებით” 

სტატიის ავტორი
-