ვიქტორ მონხილი: “დინამო ჩემი სახლია, იმედი მაქვს, ახლო მომავალში ისევ შევხვდებით”

ბოლო პერიოდში, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი, ვიქტორ მონხილი გახლდათ, რომელმაც “დინამო თბილისთან” ერთად ორჯერ ეროვნული ლიგა და ქვეყნის სუპერთასიც მოიგო.

ოჯახური მიზეზების გამო, 2021 წლის ზაფხულში მონხილი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს დაემშვიდობა და სამშობლოში დაბრუნდა, შემდეგ კი ესპანეთიდან კარიერის ინდოეთის ჩემპიონატში გაგრძელება გადაწყვიტა.

Live.ge 29 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და მისი მდგომარეობის, ასევე ყოფილი თანაგუნდელის, გიორგი მამარდაშვილის, რომელიც ამჟამად კარიერას ლა ლიგაში აგრძელებს და სხვა საინტერესო თემების შესახებ ესაუბრა.

პირველ რიგში მსურს ოჯახურ მდგომარეობაზე ვისაუბროთ. “დინამო” სწორედ ამ მიზეზით დატოვე. იმედია, ახლა ყველაფერი კარგადაა.

ახლა ყველაფერი კარგადაა. მე მჭირდებოდა სახლში ყოფნა მას შემდეგ, რაც გავიარე რთული მდგომარეობა COVID19-ის გამო. მინდოდა, რომ “დინამოსთვის” ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობები გამეცა, მაგრამ პრობლემების გამო ამას ვერ ვახერხებდი და მე არ მივეკუთვნები, იმ ფეხბურთელების კატეგორიას, რომლებიც ბოლომდე კონკურენტუნარიანები არ არიან და თავიანთ თამაშში ნაკლი შეაქვთ. ჩემი იმიჯი ყველაზე მნიშვნელოვანია.

“დინამო თბილისიდან” წასვლის შემდეგ გუნდს რთული ევროპული ტურნირები ჰქონდა. თუ ადევნე თვალი თბილისური კლუბის შეხვედრებს და რას ფიქრობ, როგორი მომავალი ელის უახლოეს პერიოდში შენს ყოფილ კლუბს?

“დინამოს” ყველა მატჩს ვუყურებ და ვაგრძელებ და მათ თვალს ვადევნებ. “დინამო” არის და ყოველთვის იქნება ჩემს გულში. არის შეცდომები, მაგრამ ისინი აღმოფხვრადია. მცირე შეცდომები ძალიან მტკივნეულია, მცირე შეცდომამ შეიძლება წაგაგებინოს ან გამოგთიშოს საკვალიფიკაციო რაუნდიდან. მიუხედავად ამ მძიმე მარცხებისა, “დინამო” ახალი და ახალგაზრდა გუნდია, არის მწვრთნელი, რომელიც ძალიან მაღალკვალიფიციურია და კლუბის მხრიდან ამ ყველაფრისთვის ნდობის გამოცხადება, მომავლის ძალიან პერსპექტიულ გუნდს ჩამოაყალიბებს და ამის შედეგს აუცილებლად დავინახავთ.

ვიქტორ მონხილი | Lelo.Ge

ევროტურნირებზე მარცხის შემდეგ, გუნდი როინ კვასხვაძემ დატოვა, მის ნაცვლად კი გუნდში ესპანელი მეკარე, ანდრეს პრიეტო მივიდა. როგორ შეაფასებ მეკარეთა ამ ცვლილებას და საინტერესოა ესაუბრე თუ არა შენს თანამემამულე ფეხბურთელს ახალი კლუბის შესახებ? რას გვეტყვი მის შესაძლებლობებზე?

როინმა დამანახა, რომ ის წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე მეკარეა, ამას მისი გამოცდილება, კარიერა და უპირველეს ყოვლისა მისი წარმოუდგენლად მაღალი ხარისხი განაპირობებს. მასთან ერთად თამაშისას სიამოვნებას ვიღებდი და მინდა მომავალში მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.

რაც შეეხება ანდრესს, მე მას ბევრი ვესაუბრე ამ გადაწყვეტილების  მიღებამდე. ნორმალურია, რომ ის ჩემთან მოვიდა იმის გასარკვევად, თუ რას ნიშნავს “დინამო თბილისი”. ის არის დიდი მეკარე, რომელიც გუნდს ძალიან დაეხმარება. ის ბევრს გააკეთებს დინამოს კარის უსაფრთხოების დასაცავად. თანაგუნდელებს მისი ნდობა შეუძლიათ. თქვენ დიდ სიამოვნებას მიიღებთ ანდრესისგან, მას პერსპექტიული მომავალი აქვს.

მეკარეების თემას თუ გავაგრძელებთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გიორგი მამარდაშვილზეც. იგი შენი ყოფილი თანაგუნდელია, ახლა კი შენს სამშობლოში თამაშობს. როგორ ფიქრობ, რამდენად შეძლებს იგი ლა ლიგაში თავის წარმოჩენას? 

რა თქმა უნდა, მე “მესტილაზე” მის სადებიუტო მატჩს ვესწრებოდი. “ვალენსიასა” და “ხეტაფეს” ფეხბურთელებთან ვმეგობრობ და არ მინდოდა ამ შეხვედრის გამოტოვება. წინა სეზონის განმავლობაში ბევრმა ესპანურმა მედიამ მამარდაშვილის შესახებ მკითხა​. მან აქ, ესპანეთში მან შთაბეჭდილება არა მხოლოდ ჟურნალისტებზე თუ არა კლუბზეც მოახდინა.

მან მუდმივად ასე უნდა გააგრძელოს, სტაბილური და ძალიან პროფესიონალური უნდა იყოს. “ვალენსია” ძალიან მომთხოვნი კლუბია და აქ საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოსაჩენად მას უზარმაზარი ფსიქოლოგიური ძალა სჭირდება, რადგან მათ სურთ იყვნენ ცხრილის სათავეში.

ვიმედოვნებ და ვისურვებ, რომ მას ბრწყინვალე გზა ჰქონდეს ესპანეთში, რადგან ეს უბიძგებს მას გადადგას საოცარი ნახტომი კარიერასა და მომავალში.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გიორგიმ ესპანეთში თავის სრულფასოვნად დამკვიდრება მოახერხოს?

ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი უნდა იყო. თუ შეგიძლია, იყო სტაბილური, ყოველთვის იყო 100%-ით “ვალენსიას” გულშემატკივრების ერთგული და საყვარელი, კლუბში დიდი მომავალი გექნება. ვიცი, თუ როგორი შრომისმოყვარე და პროფესიონალია მამარდაშვილი და მჯერა, რომ ის მიზანს მიაღწევს და ესპანელ ქომაგებს ბევრ სიხარულს მოუტანს.

როგორ მოხვდა მამარდაშვილი ვალენსიაში" - ესპანური გამოცემა გიორგის  ტრანსფერის დეტალებზე

კიდევ ერთი ადამიანი, რომელთან ერთადაც წარსულში მუშაობა მოგიწია, ახლა კი ტოპ 5 ჩემპიონატში მუშაობს, ჩისკო მუნიოსია. როგორია მასთან მუშაობის პროცესი და რას ფიქრობ, რა განაპირობებს მის წარმატებას ინგლისში?

დიახ, მე მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც ის ინგლისშია, მქონდა შესაძლებლობა მასთან მესაუბრა. ჩისკო აღწევს ყველაფერში წარმატებას, რასაც აკეთებს. ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო.

ის არის მწვრთნელი, რომელთან ყოფნაც გსიამოვნებს, სწავლობ, ასრულებ შენს თამაშს საუკეთესო დონეზე, ხარ გამოცოცხლებული და ფიქრობ, თუ რა ლამაზია ფეხბურთი.

საბოლოოდ, იგი ძლიერმა კლუბმა აირჩია იგი და მან შეძლო იმ ყველაფრის ჩვენება, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ.

მას წარმოუდგენელი პროფესიული კარიერა ექნება და მე ძალიან ვამაყობ, რომ მასთან და “დინამო თბილისთან” ერთად  ტიტულების მოპოვება შევძელი.

ახლა, ინდოეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ გუნდში ჩაირიცხე. რამდენად მოგწონს ეს ქვეყანა და რა გამოწვევით მიხვედი კლუბში?

წინა წელს ინდოეთში თამაშის გამოცდილება უკვე მივიღე. ეგზოტიკური ლიგაა და აქაურ ხალხთან ერთად ფეხბურთით სიამოვნების მიღება შეგიძლია.

ჩემი მიზანია და ყოველთვის იქნება წასვლა ისეთ პროექტებში, რომელსაც აქვს გამარჯვების ამბიცია, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის და გაზრდის შესაძლებლობა. ამჯერად ამის კვლავ გამოჩნდა ინდოეთში და მე მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას და დასახული მიზნების მიღწევას.

ვიქტორ მონხილი: ძალიან მამაცი უნდა იყო, საქართველოში საჭესთან რომ დაჯდე

ბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხო საქართველოზეც. ვიცი, რომ ეს ქვეყანა შენთვის ბევრს ნიშნავს. აპირებ თუ არა აქ დაბრუნებას?

საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში, მე ვაგრძელებ საუბარს მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან, კლუბის წარმომადგენლებთან და სპორტული საზოგადოების წარმომადგენელ იმ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოში გავიცანი.

“დინამო თბილისი” იმდენად დიდ ადგილს იკავებს ჩემს კარიერასა და ცხოვრებაში, რომ ყოველთვის მზად ვიქნები აქ მისვლისთვის. ახლაც, უკვე მენატრება ჩემი რუტინა თბილისში და ამ კლუბის ფერებში გამოწყობა… ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში შევძლებ “დინამოში” დაბრუნებას, რადგან ჩემთვის იგი არის და ყოველთვის იქნება, სახლი.

ვიქტორ მონხილი: “დინამო ჩემი სახლია, იმედი მაქვს, ახლო მომავალში ისევ შევხვდებით”

სტატიის ავტორი
-