Belive

1:8 ორი მატჩის ჯამში ტოტენჰემთან - ლოჩოშვილის და გიორბელიძის გუნდი ევროპის ლიგას გამოეთიშა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა ლონდონში, "ტოტენჰემი არენაზე" შედგა, რომელშიც მასპინძელმა გუნდმა "ვოლფსბერგერს" - 4:0 აჯობა. ტრადიციულად, ავსტრიული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა, ხოლო გურამ გიორბელიძე თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო. ორივე ქართველმა ფეხბურთელმა პრემიერლიგური გრანდის წინააღმდეგ ჩატარებული დაპირისპირების ორივე რაუნდში მონაწილეობა მიიღო. ორი მატჩის ჯამში, ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა 8:1 (4:1, 4:0) იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა, ხოლო ქართველი ლეგიონერების გუნდი ასპარეზობას გამოეთიშა. "ვოლფსბერგერს" ევროტურნირებზე დაბრუნების კარგი შანსი ექნება. გუნდი 27 ქულით ავსტრიის ტიპიკო ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილს იკავებს და ერთი საფეხურით მაღლა მყოფ ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმს" ოთხით ჩამორჩება. ასევე, "ვოლფსბერგერი" ქვეყნის თასის ნახევარფინალშია გასული და იქ ლინცის "ლასკს" უნდა დაუპირისპირდეს (3 მარტს, საშინაო კედლებში). შემდეგ შეხვედრას შიდა ჩემპიონატში, ახალგაზრდა ქართველი მცველების გუნდი 28 თებერვალს, ბოლოადგილოსანი "ალტახის" წინააღმდეგ შინ გამართავს.

სხვა სტატიები