Belive

10 ფეხბურთელი რომლებსაც კრიშტიანუს ადარებდნენ - სად არიან ისინი ახლა?

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
კრიშტიანუ რონალდუს რეგალიების და შესაძლებლობების შესახებ საქვეყნოდ ცნობილია, წლების განმალობაში არსებობდნენ ფეხბურთელები რომლებსაც სხვადასხვა ექსპერტები თუ გამომცემლობები მომავალ რონალდუდ მოიხსენიებდნენ, ვნახოთ თუ სად არიან ისინი ახლა:

2008 წელი - ალიპიო დუარტე ბრანდაო

მადრიდის "რეალის" 16 წლის ტალანტს Daily Mail-მა "მომავალი რონალდუ" უწოდა, თუმცა ალიპიოს კარიერა ისე არ განვითარდა როგორც მას სურდა, 26 წლის ბრაზილიელი დღეს სამშობლოში "რეგატასში" თამაშობს.  
 

2009 წელი - ფედერიკო მაკედა

"მანჩესტერი" იტალიელ ფორვარდზე დიდ იმედებს ამყარებდა, მისმა ბავშვობის მწვრთნელმა "ლაციოდან" კი იგი მონაცემებით რონალდუს შეადარა, 2012 წლამდე, სანამ იტალიელი "ოლდ ტრაფორდს" საბოლოოდ დატოვებდა, "მანჩესტერმა"  მაკედა 5 კლუბში გაანათხოვრა. დღესდღეობით 27 წლის ფედერიკო ბერძნული "პანათინაიკოსისთვის" უტევს.
 

2010 წელი - ბრუმა

Daily Mail-მა ბრუმას ასევე უწოდა "ახალი რონალდუ" მას შემდეგ რაც 2010 წელს მის მიმართ ინტერესი "ტოტენჰემმა" დაადასტურა, თუმცა 24 წლის პორტუგალიელი დღეს ბუნდესლიგაში აგორებს ბურთს და "ლაიპციგის" ღირსებას იცავს, მას ასევე 7 მატჩი და 1 გოლი აქვს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებშიც.
 

2011 წელი - ლუკას ოკამპოსი

როდესაც ლუკასი "რივერ პლეიტში" თამაშობდა Goal-მა ისიც ახალ რონალდოდ მონათლა, დღეს ოკამპოსი "მარსელის" რიგებში იმკვიდრებს ევროპულ ფეხბურთში ფეხს, თუმცა მითქმა-მოთქმა მისი "რონალდუობის" შესახებ წარსულს ჩაბარდა.
 

2012 წელი - გასტონ რამირესი

პრემიერლიგაში თამაშისას ახალგაზრდა ურუგვაელის თანაგუნდელმა ჟოზე ფონტემ რამირესი რონალდოს შეადარა "მისი ტექნიკა, სისწრაფე და მოედნის ხედვა საუკეთესოა" - განაცხადა ფონტემ. დღეს გასტონი სერია ა-ში "სამპდორიას" ღირსებას იცავს.
 

2013 წელი - ალვარო ვადილო

როდესაც Independent-მა  "ბეტისის" გარემარბი "არსენალს" დაუკავშირა, რონალდუს გვარი კიდევ ერთხელ გაისმა. ვადილოს ლა ლიგაში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, თუმცა მისი კარიერა ამჯერად სეგუნდა დივიზიონის "გრანადაში" ირჯება.
 

2014 წელი - უილფრიდ ზაჰა

როდესაც ზაჰა "კარდიფში" იყო განათხოვრებული ოლე გუნარ სოლსკიაერმა FourFourTwo-ს განუცხადა : "ის ბურთთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესოა ვინც მინახავს, სწრაფი და ისეთივე გამბედავი როგორიც კრიშტიანუ რონალდუ" დღეს ზაჰა "კრისტალ პალასის" ღირსებას იცავს და საკმაოდ წარმატებითაც.
 

2015 წელი - გონსალო გედეში

მას შემდეგ რაც "პსჟ-მ" გედეშისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობა, პორტუგალიელს სწრაფადვე მიაკერეს "ახალი რონალდუს" იარლიყი. თუმცა მისი დიდი პოტენციალის გამოყენებას გონსალო ჯერჯერობით ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა რომ მას  "ვალენსიაშიც" და პორტუგალიის ნაკრებშიც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს.
 

2016  წელი - ენტონი მარსიალი

ლუი საამ 2016 წელს IBTimes-ს განუცხადა: "ვიმედოვნებ მარსიალი შეძლებს იმის გამეორებას იუნაიტედში რაც რონალდუმ გააკეთა".  მარსიალმა რამდენჯერმე უკვე გვანახა მისი მაღალი დონე, თუმცა კრიშტიანუს დონემდე მისაღწევად მას კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
 

2017 წელი - დიოგო ჟოტა

"მას შეუძლია შეცვალოს კრიშტიანუ და ამის თქმის არ მეშინია, რადგან მას ამის პოტენციალი აქვს" - ამბობდა "ბოავიშტას" მწვრთნელი ჟორჟე სიმაო. დღესდღეობით ჟოტა პრემიერლიგის "ვულვზში" ირჯება.
 

2018 წელი - რაფაელ ლეაო

რონალდუსა და ლეაოს შედარება პირველად The Sun-ის მხრიდან გაისმა როდესაც ახალგაზრდა პორტუგალიელი "მანჩესტერ სიტის" დაუკავშირეს. თუმცა ლეაომ კარიერის გაგრძელება "ლილში" არჩია და სწორედ აქედან ეცდება უკვე ლეგენდარული თანამემამულის გზის გაგრძელებას. საინტერესოა, შეძლებს კი ის ამას?

სხვა სტატიები