Belive

10 წელი ბუსკეტსის დებიუტიდან - გვარდიოლას საუკეთესო აღმოჩენა

5 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
სერხიო ბუსკეტსის დებიუტიდან უკვე ათი წელი გავიდა - ფეხბურთელი, რომელმაც იაია ტურეს გუნდიდან წასვლა, ხოლო ხავიერ მასკერანოს პოზიციის ცვლილება აიძულებინა და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის ძირითადის უცვლელი წევრი გახდა. როდესაც ბუსკეტსი პირველად გავიდა „ნოუ კამპზე“ სანტანდერის „რასინგის“ წინააღმდეგ, პეპ გვარდიოლას თავზე ჯერ კიდევ თმები ჰქონდა. მისი გადაწყვეტილება, ახალგაზრდა ნახევარმცველი „ბარსელონა B”-დან ძირითად გუნდში დაწინაურებასთან დაკავშირებით, პეპის კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდს წარმოადგენს. ბუსკეტსმა შემადგენლობიდან ამოაგდო იაია ტურე, რომელმაც შემდეგ გუნდი დატოვა და ხავიერ მასკერანოს „ახალი კარიერის“ დაწყების საშუალება მისცა - მასკერანო "ბარსაში" ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. „თუ ფეხბურთელი ვიქნებოდი, ვისურვებდი რომ სერხიოსნაირი ვყოფილიყავი“ - განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ და ბუსკეტსს მომავალი მსოფლიო ჩემპიონების ნაკრებში რთ-ერთი მთავარი როლი მიანიჭა. თავის სადებიუტო შეხვედრაში „რასინგის“ წინააღმდეგ, ის 28 ნომრიან მაისურს ატარებდა. გვარდიოლამ იგი ხავისა და სეიდუ კეიტას უკან განამწესა და 90 წუთის განმავლობაში ენდო. დიდი ალბათობით, "ბარსას" ფეხბურთელები და გულშემატკივრები ვერ იაზრებდნენ, რომ ეს ახალი ერის დასაწყისი იყო. გვარდიოლამ სერხიო კარიერის დასაწყისში კრიტიკისგან დაიცვა და საშუალება მისცა, დიდ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგა. ამის შემდეგ, "ბარსელონას" მომავალ სეზონებში, მათ შორის იმ სეზონში, როდესაც ბლაუგრანამ ექვსი ტიტული მოიგო, ბუსკეტმა ყველა მნიშვნელოვან მატჩში მიიღო მონაწილეობა და საყრდენი ნახევარმცველი გუნდის ლიდერად იქცა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მან კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა, პეპმა დელ ბოსკეს მსგავსი სიტყვები წარმოთქვა: „მე ვისურვებდი ჩემი თავის რეინკარნაციას მასში. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“, - განაცხადა გვარდიოლამ. “ბუსკეტსი რომ არა, მე ბარსელონას არასდროს დავტოვებდი. ეს იყო ყველაზე მძიმე მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რადგან კატალონიაში მსურდა კარიერის დამთავრება. მას აქვს უმაღლესი კლასი და მე მხოლოდ ის მსურდა, რომ ძირითადი შემადგენლობიდან მეთამაშა და არა სათადარიგო სკამიდან“, - განაცხადა იაია ტურემ „ბარსელონას“ დატოვების შემდეგ. მიუხედევად იმისა, რომ ხავიერ მასკერანო არგენტინის ნაკრებში შესანიშნავად ასპარეზობდა, ბუსკეტსთან დამარცხება მასაც მოუწია: „მისი ამოგდება ძირითადი შემადგენლობიდან ფაქტიურად შეუძლებელია“, - განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა. ამასობაში, გაიზარდა სერხიოს როლი ბარსელონაში და მას 5 ნომრიანი მაისური გადასცეს, რომლითაც ბლაუგრანას ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული კაპიტანი და გულშემატკივართათვის საყვარელი ფეხბურთელი, კარლეს პუიოლი ასპარეზობდა. მისი გავლენის ზრდა არც ამ დრომდე შეწყვეტილა, რადგან ზაფხულში ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ ბუსკეტსი ვიცე-კაპიტანი გახდა და ის ლეო მესის ჩაანაცვლებს მისი არყოფნის დროს. ბუსკეტსმა 486 მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ ძირითად გუნდში და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველის სტატუსი სრულიად სამართლიანად დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ სერხიომ თავის საყვარელ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგძლივა.

სხვა სტატიები