Belive

საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი - რას ფიქრობს ქართული სპორტული მედია?

3 წლის წინ ფეხბურთი
42 წთ
15 თებერვალი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა - 1990 წლის ამ დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირს გამოეყო და ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირისგან დამოუკიდებლად არსებობა დაიწყო. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, ოღონდ უკვე 31 წლის შემდეგ, ცნობილი გახდა, თუ ვინ უთავკაცებს ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდს. სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, "ჯვაროსნების" მთავარი მწვრთნელი უახლოესი 2 წლის განმავლობაში, ფრანგი, ვილი სანიოლი იქნება, საქმის წარმატებით შესრულების შემთხვევაში კი ჩვენს გუნდს კიდევ 2 წლით უხელმძღვანელებს. მიუნხენის "ბაიერნის" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მარჯვენა მცველი, "რეკორდმაისტერში" კარლო ანჩელოტის ეხმარებოდა, ასევე თავკაცობდა საფრანგეთის ახალგაზრდულ გუნდს და ორი სეზონით ფრანგული "ბორდის" მთავარი მწვრთნელიც გახლდათ. გარკვეული პერიოდი, სანიოლი საფრანგეთის მთავარ გუნდში ტექნიკური დირექტორის ფუნქციებსაც ასრულებდა. 43 წლის სპეციალისტი პირველ მატჩს საქართველოს ნაკრების მეთაურის რანგში, 25 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, იქამდე კი საინტერესოა გავიგოთ თუ რას ფიქრობს ქართული სპორტული მედია ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელის შესახებ და რამდენად მიესალმება ვილი სანიოლის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნას.
No description available.
ლევან ღუდუშაური (საქართველოს პირველი არხი): "ჩემი აზრით, ვილი სანიოლი კარგი არჩევანია. მწვრთნელის დანიშვნის პროცესი ისე მიდიოდა რატომღაც დარწმუნებული ვიყავი ფედერაცია არჩევანს ქართველი შეაჩერებდა თუმცა შევცდი. რაც შეეხება სანიოლის, კარგია, რომ დათანხმდა საქართველოს ნაკრებში მუშაობას. მას არ უნდა გაუჭირდეს გუნდში ავტორიტეტის მოპოვება, ტიტულოვანი ფეხბურთელი იყო და შესაბამისად მოგებულის მენტალიტეტი აქვს. მის სამწვრთვნელო საქმიანობას კარგად არ ვიცნობ, თუმცა იმდენად დიდ გუნდებში აქვს ნათამაშები, "ბაიერნის" და საფრანგეთის სახით და ისეთ სპეციალისტებთან უმუშავია, რომ თუ მწვრთნელობას აპირებდა მათგან რა თქმა უნდა, ბევრს ისწავლიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არჩევანს ნამდვილად ვერ დავუწუნებ, დანარჩენი კი შედეგებიდან გამოჩნდება". დავით ბანანაშვილი (საქართველოს პირველი არხი): "ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა იმის ფონზე, რომ არაერთი დაბრკოლებაა დღესდღეობით მსოფლიოში, ვგულისხმობ პანდემიას, შეზღუდვებს, ფინანსურ კრიზისს და ა.შ. სანიოლის დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. პირველი, რაც კარგად მენიშნა ვილისგან, იყო ეს ფრაზა"დისციპლინით" და "შრომისმოყვარეობით" მივაღწევთ ჩვენს საწადელს, ანუ, ზოგადად ფრანგი, რომელსაც გერმანულ გუნდში მუშაობის გამოცდილება აქვს, მგონია, რომ პირველ რიგში დისციპლინას დაალაგებს იდეალურად. ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი. რაც შეეხება მიზანს, მე როგორც ვფიქრობ, ფედერაცია, ვილი სანიოლის, მიზნად დაუსახავს, მსოფლიოს შესარჩევ ჯგუფში ალბათ მაქსიმუმ მესამე ადგილს და ღირსეულ თამაშს, ხოლო ერთა ლიგაზე, ნაკრების მიზანი, B დივიზიონში გადასვლა უნდა იყოს". ბიძინა ბარათაშვილი (Silk TV): "მე სანიოლის ნათამაშები კარგი ფეხბურთი უფრო მახსოვს ნაკრებშიც და "ბაიერნშიც"... მისი მწვრთნელობის შესახებ აქამდე ბევრი არაფერი ვიცოდი. მახსოვს, ცოტა ხანს "ბორდოში" მუშაობდა განსაკუთრებული წარმატებების გარეშე, მერე ერთი კვირა "ბაიერნს" ავარჯიშებდა ანჩელოტიდან ჰაინკესამდე და "ჰერტასთან" ფრე 2:2 ათამაშა... თუმცა, გვარდიოლა და მოურინიო აქ ჯერ ალბათ არ ჩამოვლენ... ასე რომ, წარმატებები ვილის!". ლევან სალუქვაძე (Silk TV): "ვერ გეტყვით, რომ ან ვოცნებობდი ან წარმოვიდგენდი აღნიშნულ კანდიდატურას, რა თქმა უნდა, უამრავი სხვა ვარიანტი აჯობებდა, მაგრამ კონკრეტულმა ადამიანებმა აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მე გამიხარდება თუ სანიოლის მუშაობა წარმატებული იქნება. ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბარს არ ვაპირებ. შევეცდები მისი ქმედებების მიხედვით ვიმსჯელო მის ქართულ კარიერაზე. წარმატებებს ვუსურვებ ვილი სანიოლის ამ რთულ სიტუაციაში". გიორგი პავლიაშვილი (Silk TV):  "დიდი გამოწვევაა როგორც ჩვენთვის, ისე ახალი მწვრთნელისთვის. იმედია, სანიოლი ამბიციური ადამიანია და მისთვის საქართველოს ნაკრებში მუშაობა უბრალოდ საინტერესო ექსპერიმენტი არ არის. მის სამწვრთნელო კლასზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით. ვუსურვოთ წარმატებები და ინტერესით დაველოდოთ ეროვნული ნაკრების თამაშის ხარისხსა და შედეგებს". სანდრო ცნობილაძე (Silk TV, Popsport): ​"სანიოლი როგორც ფეხბურთელი ნამდვილად მახსოვს, მაგრამ როგორც მწვრთნელი არა. არ იყო იმ რანგის სპეციალისტი, რომ მისთვის თვალყური მედევნებინა. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ბოლო ოთხი წელია მწვრთნელად ნამუშევარი არ აქვს. დღევანდელ რეალობაში კი კარგ სპეციალისტს უმუშევრად ამდენი ხანი არავინ გააჩერებდა. ხაზს ვუსვამ, რომ სამწვრთნელო სამსახურზეა საუბარი. ბოლოს კი მინდა წარმატებები ვუსურვო და იმედი დავიტოვო, რომ ვაისზე მეტად გაამართლებს". ნათია გაბოძე (TV იმედი): "ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ამ მწვრთნელს პირველი ნაკრების მთავარი მწვრთნელი პოსტზე არ უმუშავია, ევროპული გამოცდილება აქვს, უფრო მეტად საკლუბო დონეზე, მაგრამ მე ქართველი მწვრთნელის დანიშვნას უცხოელი მერჩივნა. ალბათ ეცდება, რომ სანაკრებო დონეზეც მიაღწიოს წარმატებას, იმედი მაქვს, კარგად შეეწყობა გუნდს და ვნახოთ... მე ევროპელი მწვრთნელის დანიშვნას მივესალმები". ნოდარ სიმსივე (TV იმედი): "იმდენი ხანი ველოდებოდით მთავარ მწვრთნელს, მხოლოდ ერთი სიტყვით შევაფასებ  - "უდიდესი ინტერესით ველი". დავით კაპიტანოვი (TV იმედი): "ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციამ სწორი არჩევანი გააკეთა და ამით კმაყოფილი ვარ. მთელი კარიერის განმავლობაში, ვილი სანიოლი უმაღლეს დონეზე, მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობდა, შემდეგ კი კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახლდათ. აქედან გამომდინარე, მას გერმანული დისციპლინა კარგად ეცოდინება, ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ნაკრებს და რაც ყოველთვის სჭირდებოდა. იმედი მაქვს, დისციპლინას პირველსავე დღეებში დაამყარებს და შესაძლებელი იქნება იმ შედეგის დაგეგმვა, რომელიც მას ფეხბურთის ფედერაციამ დაუსახა. პირადად მე მერჩივნა, რომ ქართველი მწვრთნელი დანიშნულიყო, მათ შორის ჩემი ფავორიტი გიორგი ჭიაბრიშვილი გახლდათ, რომელსაც ამ ნიჭიერ თაობასთან მუშაობის შემთხვევაში, კარგი შედეგის დადება შეეძლებოდა, თუმცა ვილი სანიოლის დანიშვნითაც კმაყოფილი ვარ და მისი საქმიანობის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი". ხატია ცარციძე (Pos TV): "ვილი სანიოლის საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერას თუ შევადარებთ, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი იყო ვიდრე მწვრთნელი, თუმცა ისიც ვიცით, რომ მწვრთნელი ღმერთი არაა და გამარჯვების მოტანა მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. გვახსოვს ვლადიმირ ვაისი, რომელმაც სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. მას ჰქონდა მსგავსი გამოცდილება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ეს არ გამოვიდა. ვფიქრობ, რომ ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებისთვის ამ კონკრეტულ პერიოდში მისაღები კანდიდატია, მთავარია არსებული ვითარება რეალურად შევაფასოთ, რა შედეგამდე მივალთ ამას დრო გვიჩვენებს". ბაჩო ცალუღელაშვილი (Goal.ge, Pos TV): "იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთის ფედერაციას საფიქრალად დიდი დრო ჰქონდა, ვფიქრობ, ეს სწორი არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლი მთავარი მწვრთნელი არ ყოფილა, საკმაოდ დიდ გუნდებში უმუშავია. მიუნხენის "ბაიერნში" მიღებული გამოცდილება, კლუბის სტრუქტურის ცოდნა მას პროფესიულ ზრდაში დაეხმარებოდა. როგორც ფეხბურთელს, მას უდიდესი გამოცდილება ჰქონდა მიუნხენურ კლუბსა და საფრანგეთის ნაკრებში.  მისი ავტორიტეტი ჩვენი გუნდისთვის სასიკეთო უნდა გამოდგეს. ამავე დროს, მას აქვს საკმაოდ ძლიერი კონტაქტები და ეს ჩვენს ფეხბურთელებს საკლუბო დონეზე წარმატების მიღწევაშიც უნდა დაეხმაროს. იმედია, ამ ყველაფრის რეალიზებას საქართველოს ნაკრებშიც მოახერხებს". გიორგი სანადირაძე (Pos TV): "სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული კანდიდატების შემდეგ საკმაოდ მოულოდნელი იყო სანიოლის ნაკრებში დანიშვნა. მე პირადად უცხოელი მწვრთნელისკენ ვიხრებოდი, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც არველაძის კანდიდატურა გამოირიცხა, ჭიაბრიშვილი ძალიან ნიჭიერი და კარგი მწვრთნელია, მაგრამ ვფიქრობ ჯერ ადრე იყო მისი ნაკრებში დანიშვნა, თუნდაც იმ ფსიქოლოგიური წნეხიდან გამომდინარე, რაც ნაკრების მწვრთნელობას ახლავს თან. სანიოლი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო და მთავარი პლუსი ალბათ მისი დიდი კარიერა და გამოცდილებაა, საფეხბურთო სამყაროშიც უფრო დიდი სახელია ვიდრე ვაისი იყო, დიდი იმედი მაქვს მიქაუტაძის ნაკრებში თამაშზე გავლენას იქონიებს ვილის ფაქტორი. როგორც მწვრთნელზე ბევრს ალბათ ვერც მე და ვერც სხვა იტყვის ბევრს, მაგრამ წინასწარ მისი კრიტიკაც არ მგონია სწორი იყოს. გვერდით დავუდგეთ და ვირწმუნოთ მისი და ჩვენი ბიჭების". ლაშა ქოქიაშვილი (Pos TV): "საინტერესო კანდიდატურაა. როგორც ფეხბურთელს, მას ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. "ბორდოსა" და "ბაიერნში" ნამუშევარი კაცი ცუდი ვერ იქნება, ასე ვფიქრობ. ასევე, კონტაქტებიც აქვს და იქნებ კარიერული წინსვლისთვის რამდენიმე ფეხბურთელს გზა გაუხსნას საფრანგეთსა და გერმანიაში. P.S იქნებ, მიქაუტაძის საქართველოს ნაკრებში ხილვა ახლა უფრო გამოვიდეს".
მერაბ ყუფარაძე (TV ფორმულა): "საფეხბურთო წონიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა იმ გამოცდილებით რაც აქვს, რამდენად სანდოა არ ვიცი. რეალურად არც არავინ ვიცით რას გააკეთებს. ვნახოთ. ამ ეტაპზე ვერც აღფრთოვანებას ვერ გამოვხატავ და ვერც უარყოფით კონტექსტში ვისაუბრებ. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ნიკა ტაბატაძე (TV ფორმულა, Silk TV): "ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, საყოველთაოდ აღიარებული რეპუტაციის მქონე პირმა ჩაიბარა. ვილი სანიოლის, როგორც ფეხბურთელის ავტორიტეტი ეჭვგარეშეა, თუმცა ვფიქრობ, რომ მწვრთნელის რანგში მას დასამტკიცებელი კიდევ ბევრი აქვს. საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებსა და მიუნხენის "ბაიერნში" ხანმოკლე მოღვაწეობა მსჯელობისთვის არ გამოდგება, "ბორდოში" გატარებული გატარებული პერიოდის შეფასება კი - არაერთგვაროვნად შეიძლება. ჟირონდელები გრანდების რისხვად ჩამოყალიბდნენ და მოკრძალებული რესურსით, ევროპის ლიგის საგზურიც მოიპოვეს. პოზიტიურ შედეგებს, ჩავარდნილი სეზონი და ვილი სანიოლის უტაქტო შეფასებები მოჰყვა, რამაც მისი პოსტი შეიწირა. შესაბამისად, ჩვენ არ გაგვაჩნია ობიექტური კრიტერიუმები, მისი საქმიანობა წმინდად სპორტული თვალსაზრისით შევაფასოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ სანიოლის საქართველოში მოღვაწეობა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება, რაც ბევრ ქართველ ფეხბურთელს გაუხსნის გზას ევროპაში, მაგალითად საფრანგეთის ჩემპიონატში. დავით ერაძე (მთავარი არხი): "ამბიციური ადამიანია, ეს მის საფეხბურთო, ვიმეორებ საფეხბურთო  კარიერას შეეხება. ძალიან შთამბეჭდავია მისი კარიერა და მცირე კომენტარშიც ის დაგვპირდა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორიის დაწერა სურს. ჩვენ სანიოლიზე უფრო ტიტულოვანი მწვრთნელებიც გვყოლია, თუმცა არ გვყოლია მასავით ტიტულოვანი გამარჯვებული ფეხბურთელის მენტალიტეტის ადამიანი. მე მხოლოდ დიდ ავანსებს გავცემ  და კიდევ ერთხელ ჩავდგები დიდი მოლოდინის რეჟიმში. იმედს ვიტოვებ, რომ განსხვავებული ხედვისა და მსოფლმხედველობის მწვრთნელი შეგვრჩება საბოლოოდ და შეძლებს პირველ რიგში საკუთარი ხელწერის, საინტერესო ნაკრების ჩამოყალიბებას". გიორგი დარჯანია (TV პირველი, სარბიელი): "სანიოლი საუკეთესო ვარიანტია თუ რომელიმე სხვა სპეციალისტი უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, ეს მკითხაობაა და ამის შემოწმება შეუძლებელია. მგონი, უკვე 20 წელია ვიმეორებ, რომ მხოლოდ მწვრთნელების გაუთავებელი შეცვლით ვერაფერს მივაღწევთ, შედეგისთვის კიდევ ბევრი სხვა რამ არის საჭირო. ამიტომ, იმის განსაკუთრებული მოლოდინი, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავა, არ მაქვს. თუმცა, ცხადია, ახალ მწვრთნელს და ჩვენს ნაკრებსაც გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ და ვქომაგობ". კობა ინასარიძე (სარბიელი): "მოასწრებს კი შვედეთთან 25 მარტის, ესპანეთთან 28 მარტის და საბერძნეთთან 31 მარტის მატჩებისთვის გამოსადეგი ფეხბურთელების საქმეში ნახვას?! ცხადია, ვერა. ჰოდა, აბა რა გამოდის? ისევ იქ მივდივართ, სადაც აქამდეც ხშირად ვყოფილვართ - მწვრთნელს შემადგენლობას რომ კარნახობდნენ. ძნელია დარწმუნება, რომ ხსენებული მატჩებისთვის სანიოლი ფეხბურთელებს თავისი გემოვნებით გამოიძახებს. სამი მატჩი კი შესარჩევი ციკლის თითქმის ნახევარია და როგორ გინდა ასეთ ვითარებაში წარმატებაზე იოცნებო?! ნაკრების სათავეში მაინცდამაინც უცხოელის დანიშვნას თუ ეშურებოდით, ეს აქამდე გაგეკეთებინათ და თუ არა, მიგეცათ გუნდი ქართველებისთვის, რომლებმაც გაცილებით უკეთ იციან ჩვენების შესაძლებლობები. ან რომელი ჯადოქარი ვილი სანიოლია, ორი ვარჯიშის შემდეგ ნაკრები შვედეთ-ესპანეთთან კარგი შედეგისთვის ათამაშოს?! ვეჭვობ, წინ მორიგი ჩაფლავებული შესარჩევი ციკლი იქნება, თუმც, ცხადია, ახალ მწვრთნელს წარმატებებს ვუსურვებ". სოლომონ გულისაშვილი (სარბიელი): "ამ ეტაპზე რთულია ჩამოყალიბებული პასუხის გაცემა. სანიოლი კარგი ფეხბურთელი იყო ტიტულებიც არ აკლია, მაგრამ მწვრთნელის რანგში ფაქტობრივად არაფერი ვიცით მის შესახებ, საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები და ბორდო დიდი ვერაფერი გამოცდილებაა. ისეთ რთულ მექანიზმში როგორიც საქართველოს ნაკრებია, სანიოლის მსგავს სპეციალისტს არ მგონია რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს". ილია ბაბუნაშვილი (სარბიელი): "ვინაიდან, როგორც მწვრთნელს დიდი წარმატება ჯერ არ ჰქონია, სანამ საქმეში არ გამოჩნდება ვერავინ ვერაფერს იტყვის. ალჩუ კოჭია. იქნებ დაჯდეს". ღვთისავარ ანთაძე (ლელო): "რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციისთვის არ იქნებოდა იოლი ეს პროცესი. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა მიზეზით არაერთი ვარიანტი გამოირიცხებოდა. მწვრთნელის დანიშვნა გარკვეული რისკია, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, შესაძლოა წარმატებას აბსოლუტურად გამოუცდელმაც მიაღწიოს. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ და წინასწარ საუბარი რომ მწვრთნელი ვერ გაამართლებს, ან ასეთ რთულ ჯგუფში რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გვითავკაცებს, მიუღებელია ჩემთვის. მეორე ადგილისათვის უნდა ვიბრძოლოთ!" ალეკო კაკაურიძე (ლელო): "ვილი სანიოლის კანდიდატურის ავ-კარგიანობის შესაფასებლად საჭიროა დრო. არაფერი ითქმის მწვრთნელის შესახებ მანამ, სანამ მას დრო არ გამოცდის. ამგვარად, შემიძლია მხოლოდ სუბიექტურად გამოვყო დადებითი და უარყოფითი მომენტები. დადებითად მიმაჩნია ის, რომ საქართველოს ნაკრებში, როგორც წესი, უცხოელი მწვრთნელები მოდიოდნენ მაშინ, როცა მათი კარიერის დაისი იდგა. სანიოლი კი პრაქტიკულად ახლა იწყებს სამწვრთნელო კარიერას. მითუმეტეს, ოთხი წელია, მას არსად უმუშავია. იმედია, ეს იყო მხოლოდ ოჯახური მიზეზის გამო და ასევე იმედი მაქვს, რომ ეს არ მოახდენს გავლენას სანიოლის, როგორც მწვრთნელის განვითარებაზე, ის არ ჩამორჩა თანამედროვე ფეხბურთს. ახლა მთავარზე: რა თქმა უნდა, რთული ამოცანა დაუსახა სანიოლის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, მაგრამ თუ სულ მცირე მესამე ადგილზე არ გავიდა საქართველოს ნაკრები, ასეთ შემთხვევაში მას მადლობა უნდა ვუთხრათ და დავემშვიდობოთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვითამაშებთ,რადგან მთავარი შედეგია, თამაშის აღქმა კი – სუბიექტური მომენტია...". ვასილ ბალახაძე (ლელო): "ვფიქრობ, არ არის ურიგო გადაწყვეტილება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ სანიოლი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო და მწვრთნელის ამპლუაშიც, ასაკის მიუხედავად გამოცდილია, მათ შორის სანაკრებო საქმიანობის თვალსაზრისით. იმედი მაქვს, ის ვაისზე წარმატებული იქნება ჩვენს ეროვნულ გუნდში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".
ლევან ხარაზოვი (Adjarasport.com): "მოკლედ.. ამ ეტაპზე, ტოპ მწვრთნელს, რომელიც შესაბამის ანაზღაურებასაც მოითხოვდა, ალბათ არავინ ელოდა და მართებულიც არ იქნებოდა ამ რეალობაში. სანიოლი ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელსაც მიუხედავად ასაკისა, გაურკვეული გამოცდილებაც დაუგროვდა სანაკრებო და სალლუბო დონეზე. საინტერესო, შემტევი ფეხბურთის მიმდევარია, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს და კარგი იქნება, თუ ჩვენ ნაკრებშიც წარმოაჩენს დადებით თვისებებს. ჰქონდა ოჯახური პრობლემებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზა და იმედია, რომ შეძლებს დიდ ფეხბურთში ღირსეულად დაბრუნებას მიუხედავად ამისა. განსაკუთრებულ შედეგს არ ველი ამ ჯგუფში, თუმცა მაინტერესებს როგორ იმუშავებს ჩვენს ახალგაზრდა ტალანტებთან. დიდ მწვრთნელებთან უმუშავია ფეხბურთელობისას, უდიდესი გამოცდილებაც აქვს და ვნახოთ, იმედია, ეს დადებით შედეგს მოგვიტანს საერთო ჯამში". ირაკლი იმედაძე (Adjarasport.com): "პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ საკითხი იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი და კარგია, რომ საბოლოოდ შევიტყვეთ. უშუალოდ ვილი სანიოლზე, როგორც მწვრთნელზე, ბოლო საათებია მეტს ვიგებთ და ეს კარგია - რაც მეტად ვიქნებით ინფორმირებული მოლოდინი უფრო მიახლოვდება ადეკვატურ ნიშნულს, შესაბამისად რაღაც პერიოდის შემდეგ ფრანგი სპეციალისტის მუშაობის შეფასების საშუალება უფრო ადეკვატურად და რაციონალურად გამოგვივა. შემტევი 4-3-3, 10-იანით. ვხედავთ რომ ძირითადად ამ ფორმაციას მიმართავს ხოლმე. ისიც სახსენებელია, რომ ჩვენ არც საფრანგეთის U-21-ს ვახვედრებთ და არც მიუნხენის ბაიერნს, მაგრამ ბორდო სხვა საქმეა. პარალელებს აქ ვიპოვით და ვიპოვით ჟირონდულ და ქართულ ტრადიციებსა და პერსპექტივაში. 43 წლისაა, ესეც პლუსია. დაღვინებული მწვრთნელისთვის და ახლოს მდგომი თანამედროვე და მიმდინარე ტენდეციებთან. პლუს სელექციური უნარები და ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის უნარი. ცხადია, მისი დანიშვნა ინტერესთა თანხვედრამ გამოიწვია - ჩვენს ნაკრებსაც და ვილი სანიოლსაც აქვს პერსპექტივა, თუმცა ორივე მათგანს დასამტკიცებელი ბევრი აქვს. ამიტომ იქნება მუშაობა, ამაში დარწმუნებული ვარ და ამის შედეგი მოედანზეც გამოჩნდება, ოღონდ ერთია ვინ რამდენ ქულას დაელოდება და ვინ რამდენ ქულას დაარქმევს შედეგს, თანაც დამაკმაყოფილებელს. ბოლო და მთავარი. ვაისი რუსულად გვესაუბრებოდა, საბჭოთა მენტალიტეტი, "ქართულ-სამხრეთული" ხასიათი მისთვის უცხო არ იყო, სანიოლისთვის - არა. მოკლედ თუკი ვაისი რაღაც მომენტში საბჭოთა ქართულს გაიგებდა, სანიოლისგან მოთხოვნაც სხვა იქნება და მოლოდინიც სხვაა, ვფიქრობ ნაკრებში დისციპლინაც მოიმატებს და თანამედროვე ევროპული ფეხბურთის მოთამაშე ბიჭებიც უფრო მეტად გაიხსნებიან. დასკვნა: მივესალმები მსოფლიო ფეხბურთში ასეთ გამოცდილ სპეციალისტს, თუმცა მასაც და ნაკრებსაც ბევრი აქვთ დასამტკიცებელი". საბა საბანაძე (Leadersport.ge): "პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა დაგვიანებულია, თუმცა რას ვიზამთ. რაც შეეხება ვილი სანიოლს, ჩემი აზრით უმჯობესი იქნებოდა შედარებით გამოცდილი სპეციალისტი დანიშნულიყო. იმედის მომცემია ის, რომ სანიოლი ბაიერნში ისეთი მაღალი კლასის მწვრთნელთან მუშაობდა, როგორიც კარლო ანჩელოტია და იმედია მისგან ბევრს ისწავლიდა. სანიოლი საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო, სადაც 8 თამაშიდან 6 მოიგო. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მას ახალგაზრდებთან მუშაობა შეუძლია, რაც ცხადია სასიამოვნოა. ჩვენს ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და გუნდს სწორედ ისეთი სპეციალისტი სჭირდებოდა, რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობა შეუძლია. ამ მხრივ სანიოლს ეს პლუსი აქვს. მთავარია სანიოლმა სრულად გამოიყენოს ის პოტენციალი, რაც ნაკრებშია და დარწმუნებული ვარ ამ შესარჩევში თუ არა შემდეგ ერთა ლიგაზე მაინც იქნება შედეგი". ილია ნანობაშვილი (Leadersport.ge): "საინტერესო პერსონაა. ბუნებრივია, სანიოლი-ფეხბურთელი უფრო ვიცით, ვიდრე სანიოლი-მწვრთნელი, მაგრამ როგორც სპეციალისტსაც თავი არსად არ შეურცხვენია. ბორდოში მეორე სეზონში ჩავარდნა უფრო არასაფეხბურთო თემებს უკავშირდებოდა: აფრიკელებზე გამონათქვამს, რაც მერე სხვადასხვაგვარად დაატრიალეს. რაც გადავხედე, უყვარს ტაქტიკური ნაირსახეობები, ხშირად ცვლიდა სისტემას და ამის გამო საყვედურობდნენ, თუმცა უფრო ხშირად გამარჯვებული სანიოლი გამოდიოდა. ერთი, რაც თვალში მოსახვედრია, დიდი ხანია, მწვრთნელად არ უმუშავია. მეორე მხრივ, მოტივირებული უფრო მეტად იქნება: ჯერ კიდევ ახალგაზრდა სპეციალისტია და დასამტკიცებელი აქვს. შარშან საფრანგეთის ტელევიზიიდან წამოსვლისას განაცხადა, რომ მწვრთნელობა მოენატრა. შედეგი ამ შესარჩევში? ნორმალური სპეციალისტები დაპირებებს არ იძლევიან, აქ და იქ გავიყვანო. თუმცა არც ყურების ჩამოყრის დროა. უფრო ვისურვებდი, რომ შედეგთან ერთად, ნაკრებმა სათამაშო სახე მიიღოს, უფრო ძლიერი გახდეს გუნდურად. ეს კი აუცილებლად დაგვეხმარება სამომავლოდ ერთა ლიგაზეც. გაამართლებს თუ ვერა, ნოსტრადამუსი უნდა იყოს, რომ გამოიცნოს. საქართველო სპეციფიკური ქვეყანაა ფეხბურთში.  ყველაზე სახელიანი მწვრთნელი ვინც გვყავდა (კუპერი), თამაში ვერ მოიგო, ისე წავიდა. თუმცა სანიოლი ნამდვილად საინტერესო ჩანს და იმედიც მაქვს, რომ ნაკრები უკეთესი გახდება, ვიდრე შარშან იყო". ლაშა რამაზაშვილი (Leadersport.ge): "ამ გამოცდილების მქონე ფიგურის ქართულ ფეხბურთში ყოფნა დიდი პლუსია, მაგრამ ვილი სანიოლამდე, მილიონი პრობლემაა გამოსასწორებელი. სახლი რომელიც ინგრევა, მისი შეკეთება სახურავის გამოცვლით არ უნდა დაიწყო. ჯერ საძირკველი უნდა გაამაგრო, შემდეგ კედლები და ბოლოს სახურავი". გიორგი ხარშილაძე (Leadersport.ge): "სანიოლი დიდი ფეხბურთელი იყო, გრანდის ღირსებას, წლების განმავლობაში, სტაბილურად იცავდა. რაც შეეხება, როგორც მწვრთნელს, არაფერი დაუმტკიცებია."ბორდოში" ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა თუ სწორად მახსოვს, 5-დან 5 მოიგო. პრეზიდენტმაც, ვილი ის კაცია ვისაც ვნატრობდითო​, მაგრამ, საბოლოოდ, გაუშვეს. ვნახოთ, საქართველოში რა გამოუვა, მე წარმატებებს ვუსუვრებ". ნიკა მითაიშვილი (Crystalsport.ge, Silk TV): "პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნის ნაკრებს ასეთი სახელოვანი ადამიანი გაწვრთნის, მაგრამ ამ ეტაპზე ვერც დადებითად შევაფასებ და ვერც უარყოფითად. ზოგადად მერჩივნა, "ჯვაროსნებს" ქართველი სპეციალისტი ჰყოლოდათ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. იმედი მაქვს მისი დაგროვებული გამოცდილება საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებში, მიუნხენის "ბაიერნში" და "ბორდოში" ჩვენს ნაკრებს გამოადგება. საბოლოო ჯამში, როგორც უკვე ვთქვი, ვერც დადებითად შევაფასებ, ვერც უარყოფითად. ყველაფერს დრო გვიჩვენებს". ირაკლი ფოფხაძე (Crystalsport.ge, Silk TV): "ძალიან საინტერესო არჩევანია. ვილი სანიოლი ახალგაზრდა სპეციალისტია და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამუშაო გამოცდილება გააჩნია, ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ჩემთვის, ამ ძალიან მოაზროვნე ფეხბურთელის უკვე მწვრთნელის რანგში ხილვა საინტერესო იქნება. მას ბევრ დიდებულ მწვრთნელთან უმუშავია და იმედია, ამ მდიდარ გამოცდილებას ახალ ამპლუაში კარგად ასახავს. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია ამ ყველაფრის რეალიზებას საქართველოს ნაკრებში კარგად მოახერხებს. ვუსურვებ წარმატებას მას და თითოეულ ფეხბურთელს ჩვენი ეროვნული გუნდისა". დავით სხირტლაძე (Crystalsport.ge): "ძალიან გაკვირვებული ვარ. ნამდვილად ვერასდროს გამოვიცნობდი მის დანიშნავს. გამოცდილება ნაკლები აქვს, მაგრამ ახალგაზრდაა და ამბიციური იქნება, რაც რა თქმა უნდა დადებითი მხარეა. ასევე მნიშვნელოვანია,რომ ანჩელოტისთან ერთად მუშაობის პრაქტიკა აქვს. იქნებ გაგვიმართლოს და ფლიკივით გაამართლოს...". დიმა შარიქაძე (Crystalsport.ge): "მაგარი ბექგრაუნდი აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდ გუნდებში თამაშობდა და ამ გუნდებში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ზოგადად ასეთ დიდ გუნდებში, როგორც "ბაიერნია", მწვრთნელებად დიდი ავტორიტეტის მქონე ფიგურებს იწვევენ და სანიოლის შემთხვევაც ასეთია. ამდენი ევროპული მენტალიტეტის ფეხბურთელი აქამდე არასდროს გვყოლია. შვედეთი, დანია, ავსტრია, პოლონეთი, ბელგია, უნგრეთი - ამ დონის ჩემპიონატებში ბევრმა წარმატებით ითამაშა. აქედან გამომდინარე სანიოლის ქართველ მოთამაშეებთან ურთიერთგაგება არ უნდა გაუჭირდეს და შესაბამისად ახალგაზრდა მოთამაშეების როლი უნდა გაიზარდოს. ეს ფეხბურთელები უნდა იქცნენ ნაკრების ძირითად ბირთვად. მეორე საკითხია რამდენად აქვს მისი ხედვების ფეხბურთელებისთვის სწრაფად გადაცემის უნარი, მით უმეტეს, როცა 2017 წლის შემდეგ არ უმუშავია, რაც ძალიან დიდი დროა. ჩემი აზრით მისი მთავარი გამოწვევა ეს იქნება, რომ სამწვრთნელო ფორმა სწრაფად დაიბრუნოს. მისი საფეხბურთო უნარების შესახებ ინფორმაცია მწირია. მაგალითად, არ ვიცით როგორი ფსიქოლოგია და როგორ ახერხებს გუნდის მოტივირებას წაგებული მატჩების შემდეგ. ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი ამ ეტაპზე უცნობია. ასევე მინდა ვთქვა, რომ ცხადაძის ვარიანტი უალტერნატივო იყო, მას გაცილებით სწრაფად შეეძლო გუნდის ფორმირება, მაგრამ ვნახოთ, შესაძლოა ვცდები". სალომე საგინაშვილი (Setanta Georgia): "ჩემთვის, როგორც პირველ რიგში საქართველოს ეროვნულ ნაკრების გულშემატკივრისთვის და შემდეგ სპორტული ჟურნალისტისთვის, ვილი სანიოლის სახელი ძალიან საინტერესოა გამომდინარე მისი პირადი კარიერიდან და შემდეგ, სამწვრთნელო გამოცდილებიდან. კარგია, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი დაწვრილებით შეისწავლა და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღო.  ჯგუფის გათვალისწინებით , მარტიდან ადვილი მატჩები არ გველის, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოში გარკვეული ამოცანების შესასრულებლად მოდის. შესაბამისად, მან უკვე იცის რა და როგორი კუთხით აქვს სამუშაო, რას ითხოვენ მისგან, როგორც მთავარი მწვრთნელისგან, რადგან კონტრაქტი კონკრეტული გეგმების გათვალისწინებით შედგა. ვნახოთ, ჩვენი ნაკრების მომდევნო მატჩების ხარისხი საინტერესო იქნება როგორც უშუალოდ მედიისთვის, ისე გულშემატკივრისთვის". გიორგი ფულარიანი (Setanta Georgia, რადიო ენერჯი): "მე, როგორც გერმანული ფეხბურთის ქომაგს, ვილი სანიოლი ყოველთვის დადებითად მახსენდება. მას საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. სამწვრთნელო სცენაზე ახლადშემოსული პერსონაჟია, თუმცა საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში, "ბორდოში", "ბაიერნში" გარკვეული გამოცდილება დააგროვა. "რეკორდმაისტერში" კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო და ეს როგორი წარმატებული შეიძლება გამოვიდეს, ასევე ფრანგის, ზინედინ ზიდანის მაგალითზეც ნათელია. იმედი ვიქონიოთ, რომ წარმატებული იქნება მისი მუშაობა, თუმცა, რასაკვირველია, ფეხბურთლებმაც უნდა შეუწყონ ხელი – მწვრთნელი მოედანზე საქმეს ვერ გააკეთებს".
willy sagnol-ის სურათის შედეგი
მიხეილ აბაიშვილი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია): "სანიოლს სამწვრთნელო გამოცდილება ნამდვილად არ დაეწუნება. 3 წლის განმავლობაში იყო მთავარი მწვრთნელი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ და პოპულარულ კლუბ ბორდოს "ჟირონდაში" უბრალო საქმე არაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მისი საუკეთესო შედეგი Მე7 ადგილს არ გასცდენია. საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები და "ბავარია" ის გუნდებია, სადაც სანიოლს მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავებთან უწევდა მუშაობა. საფეხბურთო კარიერაც ვილი სანიოლს შთამბეჭდავი აქვს. ის გარემოება, რომ ამ ბასკური წარმოშობის ფრანგმა როგორც მწვრთნელმა ჯერ ვერაფერი მოიგო, ერთის მხრივ, დამაფიქრებელია, თუმცა, მეორე მხრივ, მას კიდევ უფრო მეტ მოტივაციას და ამბიციებს უჩენს. მას კიდევ ერთხელ მიეცა მაღალ დონეზე თავის გამოჩენის შანსი და იმედია, ამჯერად მაინც, შეძლებს ამ შანსის გამოყენებას. ასე თუ მოხდა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრები მისთვის, სერიოზული კარიერული ტრამპლინიც აღმოჩნდეს. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც, ხომ უცხოელ მწვრთნელშიც უნდა გაგვიმართლოს?" მაგდა კლდიაშვილი (Recorder.ge): "აღტაცებული არ დავრჩენილვარ სანიოლის კანდიდატურით. რა კრიტერიუმებსაც ასახელებდა ფედერაცია, მათივე ჩამონათვალს დიდად ვერ აკმაყოფილებს, სანაკრებო გამოცდილებას რაც შეეხება. თუმცაღა, თუ პერსონას ავიღებთ, სათქმელი ექნებათ, აი, ნოვოსიბირსკიდან არავინ ჩამოგვიყვანიაო. არ ვიცი, დარჩენილ დროში, დემორალიზებულ ეროვნულ ნაკრებს სანიოლიმ რა ჯადოსნური ჯოხი უნდა გადაატაროს, რომ შესარჩევ ციკლში ღირსეულად მაინც გამოვიდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან დააგვიანა. ვერ ვიქნები ოპტიმისტი და ვვარაუდობ, რომ ბოლოზე თუ არა, ბოლოს წინა ადგილს დავიკავებთ ქვეჯგუფში, ისეთ გუნდებს ვერ მოვუგეთ ბოლო თვეებში, კოსოვოსთან მქონდეს თუ არა მოგების იმედი, ეგეც არ ვიცი. არ მაქვს, რადგან იმ ნაკრებებმა, ვინც ჩვენ მოგვიგო ნოემბერში, ყველამ სათამაშო დისციპლინისა და ერთსულოვნების ხარჯზე მოგვიგო. თუ რომელიმე აქვს ჩვენს გუნდს, შემისწორეთ, მე ვერ შევატყვე ეგ". თენგიზ პაჭკორია (საინფორმაციო -ანალიტიკური პორტალი Gruzia- Online): "ბოლო თვეებში რამდენიმეჯერ საჯაროდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია - მოვიდა დრო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს შოთა არველაძე. შოთა თავისი პროფესიული, ადამიანური, ფსიქოლოგიური თვისებებით, ინტელექტით, საფეხბურთო და სამწვრთნელო გამოცდილებით იმსახურებს, გახდეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამ ეტაპზე შოთამ უარი თქვა ნაკრების თავკაცობაზე (ცნობილია მისი არგუმენტები), თუმცა მჯერა, რომ უახლოეს წლებში მოვა ის დღე,  როცა შოთა გახდება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მის ხელში ჩვენი ნაკრები უფრო კარგ შედეგებს დადებს ვიდრე ოდესმე. რაც შეეხება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ფრანგი სპეციალისტის ვილი სანიოლის დანიშვნის შესახებ, დღეს ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად სწორია ამ ნაბიჯის გადადგმა - ამას გვაჩვენებს მომავალი. ვისურვებდი, რომ სანიოლიმ არ გაიმეოროს სახელოვანი ფრანგის, ალენ ჟირესის შეცდომები  საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოზიციაზე (2004-2005 წწ), არ გაიმეოროს საქართველოს ნაკრების სხვა უცხოელი მწვრთნელების უხეში შეცდომები ნაკრების კომპლექტაციის, ფეხბურთელების სელექციის პროცესში, ნაკრების ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში, გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობაში. ჩვენ ნაკრებში არის რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, გამოჩნდა კიდევ 2-3 პერსპექტიული ახალგაზრდა, რომლებსაც ახალმა მწვრთნელმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. საჭიროა, ნაკრების ეტაპობრივი გაახალგაზრდავება, ახალი ფორმაციის ნაკრების შექმნა, რომელშიც, რასაკვირველია, უნდა მოიძებნოს ადგილი იმ გამოცდილი ფეხბურთელებისათვის, ვინც ნაკრებში ჩამოდის, ბოლომდე საბრძოლველად და არა იმისთვის, რომ პირადი რეიტინგში დააფიქსიროს საქართველოს ნაკრების წევრობა. საჭიროა, დაწესდეს ნაკრების ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბისთვის სოლიდური და დიფერენცირებული პრემიები არამარტო შესარჩევი ციკლის დასრულებითანავე (წარმატებული შედეგისთვის), არამედ ყველა კონკრეტული მატჩების მოგებისათვის და ფავორიტ გუნდებთან ფრედ დამთავრებისთვის. ეს ძალიან დიდი სტიმულია ფეხბურთელებისთვის. მსგავსი წახალისება ყოველი მატჩის შემდეგ ბევრად გაზრდის მოტივაციას და აისახება შედეგებზე. გისურვებთ გამძლეობას და წარმატებებს!". გიორგი მელქაძე (მსოფლიო სპორტი): "თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებს 3-თვიანი მოლოდინის შემდეგ მწვრთნელი ჰყავს - უკვე კარგია. თუმცა, ბევრად უკეთესი და სასურველი იქნებოდა, ეს უფრო ადრე მომხდარიყო, მაგალითად 1 თვის წინ მაინც. სანიოლის სამწვრთნელო საქმიანობაზე ბევრის თქმა არ შემიძლია, მხოლოდ „ბორდოში“ იმუშავა მაღალ დონეზე, სადაც დიდი წარმატებაც არ ჰქონია, თუმცა, სამართლიანობისთვის ვთქვათ, რომ არც სერიოზული ჩავარდნა. მას დიდი ხანია მწვრთნელად არ უმუშავია და ეს შესაძლოა მინუსი იყო, თანაც ნაკრების თამაშებამდე მცირე დრო დარჩა და ფეხბურთელების თვისებების გასაცნობად მას დრო თითქმის არ აქვს, პირდაპირ შვედეთთან თამაში უწევს. ცხადია, რადგან ეს წინადადება მიიღო, ალბათ ოდნავ მაინც გააზრებული აქვს, სად და რატომ მოდის. იმედია, შეძლებს გუნდს ალღო მალე აუღოს, გასახდელში ჯანსაღი ატმოსფერო დაამყაროს და ფეხბურთელებს თავისი შეხედულება სწრაფად გადასცეს. იმედს ის მაძლევს, რომ მას კარიერის განმავლობაში დიდ მწვრთნელებთან უმუშავია და მერეც, „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო, სადაც ცალსახად დიდ გამოცდილებას მიიღებდა. შეფასების გაკეთება წინასწარ ძალიან ძნელია, ჩემი გადმოსახედიდან და სურვილიდან გამომდინარე, ალბათ მერჩივნა უფრო გამოცდილი და მაღალი დონის სპეციალისტი შეგვერჩია, მაგრამ სანიოლიც ალბათ არ არის წინასწარ ჩამოსაწერი. ვნახოთ, ბევრი რამ მარტის საწყის სამ მატჩში ალბათ გამოიკვეთება. ნებისმიერ შემთხვევაში ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებში წარმატებებს ვუსურვებ და იმედია შეძლებს ქართველი გულშემატკივრის გახარებას". ლაშა გოდუაძე (Mygoals.ge): "ჩემი აზრით, მოცემულ სიტუაციაში ფედერაციის მთავარი ამოცანა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რაც შეიძლება დროულად მოძიება იყო. შექმნილი სიტუაციიდან და თამაშებამდე დარჩენილი დროის გათვალისწინებით, მეეჭვება ფედერაციას დიდი არჩევანი ჰქონოდა. სანიოლის კვალიფიკაციაზე საუბარი გამიჭირდება, ჯერ ერთი რომ ამ დონეზე არ უმუშავია, მეორეც - ჩვენ ეროვნულში რაც უნდა მაღალი დონის სპეციალისტი მოიწვიო, ვფიქრობ, ყველას გაუჭირდება ჩვენთვის, ქომაგებისთვის სასურველი შედეგის ჩვენება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ფეხბურთელთა საერთო დონე აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს. შესაბამისად, ნაკრების მთავარ მინუსად მწვრთნელი/მწვრთნელის კვალიფიკაცია კი არა, ფეხბურთელთა დაბალი კლასი მიმაჩნია. მოცემულ მომენტში მხოლოდ ერთს ვიტყვი: კარგია რომ ნაკრებს მწვრთნელი გამოუჩნდა, თუნდაც პირველ ოფიციალურ თამაშამდე თვენახევრით ადრე". ზურაბ თოიძე (Fanebi.com): "რაც მთავარია, როგორც იქნა, ნაკრებს მთავარი მწვრთნელი დაენიშნა და ერთგვარად ის უკმაყოფილება, რაც გულშემატკივარში იყო, ვილი სანიოლის მოსვლით ცოტათი მაინც დაცხრა. სანიოლი ლეგენდარული ფეხბურთელი გახლდათ და მისი აგრესიული და შემტევი თამაში განსაკუთრებით მომწონს, რაც ვლადიმერ ვაისს ასე აკლდა და არამგონია, შეცვლების გაკეთებაც ითაკილოს. მისი დიდი საფეხბურთო გამოცდილებიდან გამომდინარე, ზუსტად შეუძლია იგრძნოს, რა მომენტში არის საჭირო ცვლილების გაკეთება. მე პირადად ქართველ მწვრთნელს ვისურვებდი, რომელმაც გაცილებით უკეთ იცის ყველა ლეგიონერის და ასევე, ეროვნული ლიგის მოთამაშეების შესახებ. ვისურვებდი, სანიოლს ერთი ასისტენტი ეროვნული ლიგის მწვრთნელებიდანაც ჰყავდეს. მიუხედავად ყველაფრისა, ბუნებით ოპტიმისტი ვარ და სანიოლის მოსვლას დადებითად ვუყურებ". ლევან ქობალია (Blogsport.ge): "ახალ მწვრთნელს დიდი ხანია ველოდებით. ჩემი აზრით სფფ-ს შერჩეული მწვრთნელი ჩვენი ნაკრებისათვის ამ მომენტისთვის ძალიან კარგი ვარიანტია. ვფიქრობ ნაკრებს ის ძალიან კარგად მოერგება და ზუსტად ისეთ სტილით ათამაშებს, როგორც ეს ქართულ ფეხბურთს შეეფერება, რა თქმა უნდა შემტევ სტილზე მაქვს საუბარი. მან გარდა იმისა, რომ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა და იყო ბაიერნში ანჩელოტის ასისტენტი, ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა ბორდოში, როდესაც საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-6 ადგილზე გაიყვანა კლუბი. ყოველთვის მეტი გვინდა და მეტს ვითხოვთ, მაგრამ სწორად ვერ აღვიქვამთ რეალობას, რის წინაშეც ვდგავართ. არ ვიყურებით იქეთ აქეთ. მეც მინდა გვარდიოლა, ანჩელოტი ან ვინმე განსაკუთრებული საფეხბურთო ფილოსოფიის მატარებელი მწვრთნელები, თუმცა დღეს ჩვენთვის ვილი სანიოლი ოპტიმალური არჩევანია. ნაკრები წარმატებას აუცილებლად მიაღწევს". პაატა ძნელაძე (ჟურნალი ფეხბურთი): "ჯერ რაიმე შეფასება გამიჭირდება ყველა კითხვას შესარჩევი ეტაპი გასცემს პასუხს, მაგრამ ფაქტია რომ ვილი სანიოლის სახით საკმაოდ საინტერესო მწვრთნელი ჩაუდგა ეროვნულ გუნდს სათავეში. ისიც სათქმელია რომ სანიოლი გამარჯვებული მენტალიტეტის მატარებელია და ესეც პლიუსად უნდა ჩაითვალოს". დავით ხვადაგიანი (რადიო ჯორჯიან თაიმსი): "რა გითხრათ. კარგი მცველი იყო და მისი მწვრთნელობის შესახებ ბევრი არაფერი გამიგია! დიდი ვერაფერი ბექგრაუნდი აქვს და ვნახოთ აბა რას იზამს. ხდება ხოლმე, რომ ნიჭს ავლენს არცთუ ცნობილი, ან დამწყები მწვრთნელი". ტატო ნიკურაძე (რადიო ფორტუნა): "საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა გილიოტინაზე საკუთარი ფეხით ასვლას ჰგავს. რეალობას რომ შევხედოთ ჩვენი ნაკრების მწვრთნელობა, მითუმეტეს ამ ჯგუფში ბევრს არ მოინდომებდა და ამიტომაც გაიწელა მწვრთნელის დანიშვნის პროცესი. ვილი სანიოლის დიდებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელის რა გითხრათ. ბორდოდან არა დამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გამოუშვეს. ერთადერთი იმით თუ დაიკვეხნის, რომ ბაიერნში კარლო ანჩელოტის თანაშემწე იყო. ვფიქრობ, ქართველებშიც შეიძლებოდა უკეთესის მოძებნა. ნუ  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისეთ ჯგუფში მოვხვდით აქ სანიოლი კი არა ვერავინ დადებდა შედეგს, მთავარია ერთა ლიგა. თაობა ნამდვილად არის და ვნახოთ რა შედეგს დადებს. წარმატებები სანიოლს და საქართველოს ნაკრებს ახალ ეტაპზე. პირდაპირ ვიტყვი, დიდი იმედები არ მაქვს ახალ მწვრთნელზე. ღმერთმა ქნას ვცდებოდე". გუგა როგავა (Live.ge): "სანიოლის დანიშვნა ჩემთვის მოულოდნელობა იყო. მის სამწვრთნელო კარიერაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა კარლო ანჩელოტის ასისტენტობა, "ბაიერნსა" და "ბორდოში" მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვან სიტყვას მაინც ამბობს. როგორც ფეხბურთელი, სანიოლი შრომისმოყვარეობით და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა და იმედი მაქვს, ანალოგიური მიდგომით, გუნდში მეტ დისციპლინას შეიტანს და საქართველოს ნაკრებს მეტ ორგანიზებულობას შესძენს". ბაკურ გელაძე (Live.ge): "ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებში დანიშვნა მოულოდნელი იყო. იმ მწირი სამწვრთნელო საქმიანობით, რომელიც მას აქამდე შეუსრულებია, რაიმეზე მსჯელობა რთულია, თუმცა შესაძლოა, საქართველოს ნაკრები მისი კარიერული წინსვლისთვის დიდი ტრამპლინი გამოდგეს. შესაძლოა, ჩვენი და მისი მიზნები ერთმანეთს დაემთხვეს და კარგი ნაკრები ჩამოყალიბდეს. მას მიუნხენის "ბაიერნში" 250-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, დიდებულ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან აქვს ნამუშევარი და იმედია ამ გამოცდილების რეალიზებას საქართველოში მოახერხებს. საქართველოს ნაკრებში დანიშვნის პოტენციური კანდიდატურები ხშირად არ სახელდებოდა, თუმცა გაჟღერებულ ვარიანტებს შორის ვილი სანიოლი ალბათ ყველაზე კარგია და მთლიანობაში, ამ გადაწყვეტილებას დადებითად შევაფასებ". სანდრო ბენდელიანი (Live.ge): "მეტ-ნაკლებად დადებითად. შოთა არველაძეს უარის შემდეგ, ჩემი აზრით, ფედერაციას ქართველი მწვრთნელის დანიშვნაზე ბევრი აღარც უფიქრია. ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებში ტოპ კლასის მწვრთნელს ალბათ არც არავინ ელოდებოდა. წარმატებული საფეხბურთო კარიერის შემდეგ, შეიძლება ითქვას რომ სანიოლი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე პირველ ნაბიჯებს დგამს და იმედი მაქვს, მის გამოცდილებას სათანადოდ გამოიყენებს". დიტო დოლიძე (Live.ge): "ვფიქრობ ვილი სანიოლის დანიშვნას როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეებიც მრავლად აქვს, ერთია რომ მას დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს როგორც ფეხბურთელს, და სამწვრთნელო ასპარაზზეც მოუსინჯავს ძალები, თუმცა მეორეს მხრივ იგი დიდი ხანია უმუშევარია და შესაძლოა ამან დაღი დაასვას მის მოღვაწეობას. ასეა თუ ისე ფრანგს ურთულესი ამოცანა აქვს, თუნდაც მესამე ადგილზე გასვლა რომ ავიღოთ ამისთვის ბევრი შრომა, ბრძოლა და გამართლებაც იქნება საჭირო. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ყველაფერს მოედანზე დავინახავთ, ასე რომ დიდი ინტერესით ველი პირველ შეხვედრებს​",
willy sagnol-ის სურათის შედეგი

სხვა სტატიები