Belive

პრევიუ: არსენალი-მანჩესტერ სიტი

3 წლის წინ ფეხბურთი
12 წთ
დრო: 21 თებერვალი, კვირა, 20:30 საათი სტადიონი: „ემირეიტსი“ (ლონდონი) მსაჯი: ჯონათან მოსი (ინგლისელი, 50 წლის) პრემიერლიგა: 25-ე ტური

სატურნირო მდგომარეობა

პრემიერლიგის ორი ესპანელი მწვრთნელი, რომელიც ერთად წლების განმავლობაში მუშაობდა, ერთმანეთს უკვე მეხუთედ დაუპირისპირდება. მიკელ არტეტასა და პეპ გვარდიოლას გუნდები სატურნირო ცხრილში სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მიზანი და მოტივაციაც სხვადასხვა აქვთ. „ტიკი-ტაკას“ შემოქმედი ბოლო ოთხ წელიწადში მესამე პრემიერლიგის მოგებას უახლოვდება და ამ მიზნისკენ ფანტასტიკური ნაბიჯებით მიიწევს. „მანჩესტერ სიტის“ 24 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ყველაზე მეტი - 17 გამარჯვება, 5 ფრე და ყველაზე ნაკლები - 2 მარცხი აქვს. შესაბამისად, გვარდიოლას გუნდი 56 ქულას ფლობს, ერთპიროვნული ლიდერია და მეორე პოზიციაზე მყოფ, თანაქალაქურ კლუბს 10-ით უსწრებს. „ქალაქელებმა“ მიმდინარე გათამაშებაში 49 გოლი გაიტანეს და უშუალო კონკურენტ „იუნაიტედს“ ერთით ჩამორჩნენ, რაც თავის მხრივ, საუკეთესო მაჩვენებელია. „სიტის“ კარი მეტოქეებმა ამ სეზონში მხოლოდ 15-ჯერ აიღეს, რაც ცხადია ყველაზე კარგი შედეგია, მათთან ყველაზე ახლოს კი მესამე პოზიციაზე მყოფი „ლესტერია“, რომელსაც 26 გოლი გაუტანეს. რაც შეეხება მიკელ არტეტას გუნდს, მათ მოგება/წაგებათა თანაბარი ბალანსით 10:10 და 4 ფრით 34 ქულა აქვთ და ცხრილის ზუსტად შუაში, მეათე ადგილზე იმყოფებიან. გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსი კი ასეთია - 31:25.
mikel arteta pep guardiola-ის სურათის შედეგი

სათამაშო ფორმა

მოახლოებული მატჩის სტუმრები დიდებულ ფორმაში არიან. მათ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 17 შეხვედრა მოგებული აქვთ, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია, უკანასკნელი 24 შეხვედრა კი ისინი დაუმარცხებლები არიან. ბოლო შეხვედრა გუნდმა პრემიერლიგაში, „ევერტონთან“ გადადებული ტურის ეგიდით ჩაატარა და „კანფეტებს“ თავისსავე არენაზე - 3:1 მოუგო. „არსენალმა“ ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და სამ მათგანში დამარცხდა. „მეთოფეებმა“ ბოლო ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე, „ბენფიკასთან“ ფრედ - 1:1 ითამაშეს. „სიტის“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: მ/მ/მ/მ/მ „არსენალის“ ბოლო 5 მატჩი ყველა ტურნირზე: //წ/წ/ „სიტის“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: ილქაი გიუნდოგანი (13 გოლი, 3 საგოლე გადაცემა). „არსენალის“ საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე: პიერ-ემერიკ ობამეიანგი, (11 გოლი, 1 საგოლე გადაცემა).

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდების ისტორიაში რიგით 183-ე დაპირისპირება იქნება, აქამდე გამართული 182 შეხვედრიდან 89 ლონდონელებმა მოიგეს, 51 მანჩესტერელებმა, 42 კი ფრედ დასრულდა. მიმდინარე სეზონში გუნდები ერთმანეთს უკვე ორჯერ შეხვდნენ. პირველი წრის მატჩში, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართა, „მანჩესტერ სიტიმ“ საშინაო კედლებში , რაჰიმ სტერლინგის გოლით - 1:0 იმარჯვა. 23 დეკემბერს ასოციაციის თასის ეგიდით ჩატარებულ დაპირისპირებაში „ქალაქელებმა“ 4 გოლი გაიტანეს (ჟეზუსი, მაჰრეზი, ფოდენი და ლაპორტი), „მეთოფეებმა“ კი 1 - ლაკაზეტი. გუნდებს შორის გამართული ბოლო 10 მატჩიდან „სიტიმ“ 9 მოიგო, 1 კი მათმა მეტოქემ. ამ გუნდების ბოლო 9 ურთიერთშეხვედრიდან 7-ში გოლის გატანა მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო. ბოლო 16 მატჩიდან 15-ში „სიტიმ“ „არსენალის“ კარის დალაშქვრა მოახერხა. ბოლო 10 დაპირისპირებიდან 7-ში „სიტიმ“ „არსენალს“ მინიმუმ 3 გოლი გაუტანა. საშინაო კედლებში „არსენალი“ „სიტისთან“ ბოლო 6 მცდელობიდან 5-ში წაგებული გამოვიდა და ამდენჯერვე, სულ მცირე 2 გოლი გაუშვა. 1960-იანი წლების „ჩელსის“ შემდეგ, „სიტი“ პირველი გუნდია, რომელმაც „არსენალს“ ზედიზედ 4 სტუმრად ჩატარებული შეხვედრა მოუგო. ამ გუნდების იმ ბოლო 10 შეხვედრიდან 8-ში, რომელიც „ემირეიტრსზე“ გაიმართა, საწყის 30 წუთში მსაჯებმა ყვითელი ბარათი გამოიყენეს.
mikel arteta pep guardiola-ის სურათის შედეგი

ფაქტები მატჩის შესახებ

  • „არსენალმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა.
  • „არსენალის“ მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 შეხვედრიდან 4-ში 2-ზე მეტი გოლი არ გასულა.
  • სამაგიეროდ, საშინაო არენაზე არტეტას გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს - 7-მატჩიანი წაუგებელი სერია და აქედან 4 გამარჯვება.
  • საშინაო კედლებში, „არსენალმა“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან 4-ში კარის მშრალად შენახვა შეძლო.
  • „მანჩესტერ სიტიმ“ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 8 შეხვედრიდან 6-ში მეტოქეებს მინიმუმ 3 გოლი გაუტანა.
  • „სიტის“ მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 13 მატჩიდან 9-ში „ქალაქელებმა“ საკუთარი კარის უსაფრთხოება სრულფასოვნად დაიცვეს.
  • ყველა ტურნირზე „სიტის“ ბოლო 10 მატჩიდან 7-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
  • „სიტის“ მეტოქის მოედანზე, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 შეხვედრა მოგებული აქვს, 14 კი წაუგებელი.
  • გვარდიოლას შეგირდებმა, სტუმრად, ყველა ტურნირზე გამართულ ბოლო სამ თამაშში მეტოქეს მინიმუმ 3 გოლი გაუტანეს, იგივე შედეგი აქვს გუნდს უკანასკნელი 6 მატჩიდან 5-ში.
  • „სიტიმ“ მეტოქის არენაზე, ყველა ტურნირზე შემდგარი ბოლო 6 მატჩიდან 4-ში გოლი გაუშვა.
  • პრემიერლიგაში, „სიტის“ მიერ ამ სეზონში ჩატარებული შეხვედრების 88%-ის პირველ ნახევარში გოლი გავიდა.
  • „სიტიმ“ ყველა ტურნირზე გამართული ბოლო სამ შეხვედრაში გოლის გატანა ორივე ტაიმში მოახერხა.
  • „სიტის“ მიერ ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 მატჩში ანგარიშის გახსნა სწორედ გვარდიოლას გუნდმა მოახერხა. იგივე შედეგი აქვს გუნდს სტუმრად ჩატარებულ უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში.
  • ამ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, „სიტი“ კიდევ ერთ საკლუბო რეკორდს დაამყარებს, მოიგებს რა ზედიზედ 11 სტუმრად ჩატარებულ შეხვედრას. პეპის ბიჭებს პრემიერლიგის საუკეთესო მაჩვენებლის გაუმჯობესების შანსიც აქვთ - მიჯრით 19 მოგება, რომელიც სწორედ მათი მომავალი მეტოქის 1999 წლის ფორმაციის გუნდს ეკუთვნის.
  • „მანჩესტერ სიტის“ გუნდის ორი მთავარი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინე და სერხიო აგუერო ტრავმა მოშუშებულები დაუბრუნდა და პეპ გვარდიოლას მათი გამოყენების შესაძლებლობა „არსენალთან“ შეხვედრაში ექნება.

დანაკლისი

არსენალი“ - ვერ ითამაშებენ: ტომას პარტეი. „მანჩესტერ სიტი“: ვერ ითამაშებს: ნათან აკე. შესაძლოა ვერ ითამაშოს: ილქაი გიუნდოგანი.
No description available.

სავარაუდო შემადგენლობა

არსენალი“: ლენო - ბელერინი, ლუისი, მაგალიაესი, ტირნი - ჯაკა, სებალიოსი - საკა, ოდეგორი, სმიტ-როუ - ობამეიანგი (4-2-3-1). მთავარი მწვრთნელი: მიკელ არტეტა (ესპანელი, 38 წლის). „მანჩესტერ სიტი“: ედერსონი - კანსელუ, სტოუნსი, დიასი, ზინჩენკო - დე ბრუინე, როდრიგო, გიუნდოგანი - სილვა, სტერლინგი, ფოდენი (4-3-3). მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა (ესპანელი, 50 წლის).

მსაჯი

ჯონათან მოსი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 19 შეხვედრას მოემსახურა, აქედან 14-ს პრემიერლიგაში. აქედან 10 შეხვედრაში მან სულ მცირე 3 ბარათი გამოიყენა. მიმდინარე სეზონში 50 წლის ინგლისელ მსაჯს მხოლოდ 3 პენალტი აქვს დანიშნული, 45 ყვითელი ბარათი ნაჩვენები, (საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.37). მას ამ სეზონში არცერთი ფეხბურთელი გაუძევებია. სანდერლენდში დაბადებულ რეფერის ორივე გუნდის ათობით მატჩზე უმუშავია, რომელშიც მეტოქეთა სტატისტიკა შემდეგნაირია: „მანჩესტერ სიტი“: 31 მატჩი, 25 მოგება, 4 ფრე, 2 მარცხი. 32 ყვითელი ბარათი, 1 წითელი ბარათი, 11 დანიშნული პენალტი. „არსენალი“: 27 მატჩი, 20 მოგება, 2 ფრე, 5 მარცხი. 40 ყვითელი ბარათი, 3 წითელი ბარათი, 5 დანიშნული პენალტი. საინტერესოა, რომ ჯონათან მოსს კარიერაში ყველაზე მეტი პენალტი სწორედ „მანჩესტერ სიტის“ მატჩში აქვს დანიშნული. რაც შეეხება უშუალოდ ამ გუნდების დაპირისპირებას, ჯონათან მოსმა 2020 წლის ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში იმუშავა, რომელიც დედაქალაქელებმა - 2:0 მოიგეს. იქ დუბლი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეასრულა. საინტერესოა, რომ ამ დაპირისპირებაში ჯონათან მოსს ბარათი არ გამოუყენებია.
jonathan moss-ის სურათის შედეგი

მატჩისწინა კომენტარები

პეპ გვარდიოლა - „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი: „მე არტეტას შთაგონების წყარო არ ვარ. რაც მან იცის, მხოლოდ საკუთარი თავის დამსახურებაა. მე მასზე არანაირი გავლენა არ მაქვს. რასაც ის აკეთებს, მხოლოდ მისი და მისი სტაფის წევრების დამსახურებაა. ხვალ ჩვენ შესანიშნავი მატჩი გვექნება. მათ ჰყავთ განსაკუთრებული შემადგენლობა, აქვთ ხარისხი ენერგია. ბუკაიო საკა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ყველა სხვა მოთამაშე კარგ ფორმაშია. ახლო მომავალში, ისინი ტიტულების მოსაპოვებლად ბრძოლაში ნამდვილი პრეტენდენტები იქნებიან. როცა მე და არტეტა ერთად ვმუშაობდით, ჩვენ ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს და მე მის აზრს პატივს ვცემდი. არ ვიცი, მასზე გავლენა მოვახდინე თუ არა - მან ამაზე პასუხი თავად უნდა გასცეს. ნათან აკემ ვარჯიში განაახლა, ისევე, როგორც გიუნდოგანმა, თუმცა მოედანზე გასვლა ჯერ ნაადრევია. როტაცია გვჭირდება, რადგან წინ დაუჯერებლად გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. სრული მოსამზადებელი კვირა თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში არ გვქონია. ყველა თამაშში ქულების მოპოვებას და სწორი ფეხბურთის თამაშს ვცდილობთ, ამისთვის ჩემი ფეხბურთელების მადლობელი ვარ. კალენდარული წლის დასაწყისში ზედიზედ 10 თამაშის მოგება სასიამოვნოა, მაგრამ შემდეგი გაჩერება „არსენალია“. დღეს ჩვენ გამარჯვებას აღვნიშნავთ, მაგრამ ხვალ ნაშუადღევს უკვე ახალ მეტოქეზე ფიქრს ვიწყებთ. უკეთესია, როცა კალენდარს არ უყურებ, თორემ შესაძლოა დეპრესიაში ჩავარდე. ამის გაკეთება არ ღირს, მხოლოდ შედეგზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ ნაბიჯზე, რომელიც „არსენალია“.
No description available.
მიკელ არტეტა - „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი: „ფეხბურთი, რომელსაც ისინი თამაშობენ და ის შედეგები, რასაც აჩვენებენ, ყველანაირად საუკეთესო გუნდს ხდის. ვთვლი, რომ ამჟამად „სიტი“ ევროპაში საუკეთესო გუნდია. მათთან მატჩმა შესაძლოა ჩვენი სეზონი განსაზღვროს. თუ ვერ შევძლებთ მათი ხარვეზების საჩვენოდ გამოყენებას, ეს ჩვენზე უარყოფითად იმოქმედებს, ხოლო თუ თანაბრად ვითამაშებთ, შესაძლოა, ამან დამატებითი იმპულსები გაგვიჩინოს. ვიცით, რომ იმ დაძაბულ სეზონში, რომელსაც ვატარებთ, შეცდომის დაშვებას დიდი ფასი აქვს, ამიტომ დროა მოედანზე გავიდეთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ“.
mikel arteta press conference-ის სურათის შედეგი

პროგნოზი

„მანჩესტერ სიტი“ დიდებულ ფორმაშია, გუნდი არავის დ არაფერს ინდობს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის სათამაშოდ გამგზავრებამდე, კარგი ხასიათის შექმნა მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება. დიდი ალბათობით, „არსენალს“ არ შესწევს ძალა გახდეს ის გუნდი, რომელიც „ქალაქელების“ ტრიუმფალურ სვლას შეაჩერებს, ამის დასტურად გუნდების ბოლოდროინდელი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც გამოდგება. სავარაუდოდ, შეხვედრას ისევ პეპ გვარდიოლას ბიჭები მოიგებენ და არაა გამორიცხული, ეს დიდი სხვაობითაც გააკეთონ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ: მატჩს „მანჩესტერ სიტი“ მოიგებს - 1.55 შეხვედრაში სულ მცირე 3 გოლი გავა - 1.80 სავარაუდო ანგარიში 0:3 - 9.80 

სხვა სტატიები