Belive

,,მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ'' - ჩეფერინი გრანდებს აფრთხილებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, ევროპის სუპერლიგაში მონაწილე გუნდების შესაძლო სანქციებზე ისაუბრა:
,,ჩვენ ჯერჯერობით იურისტებს დასკვნებს ველოდებით, შემდეგ კი სანქციების შესახებ გამოვაცხადებთ. თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებების გამო პასუხი ყველას გაეცემა და მათ ეს იციან. ჩემთვის ამ გუნდებს შორის განსხვავებული სიტუაციებია - არსებობს კლუბები, რომლებმაც შეცდომა აღიარეს და თქვეს: ,,ჩვენ ვტოვებთ პროექტს.'' სხვებმა იციან, რომ ტურნირი განწირულია, მაგრამ ამის დაჯერება არ სურთ. უეფას აღმასკომის სხდომაზე შევთანხმდით, რომ ეროვნულ ფედერაციებსა და ლიგებს დავუკვშირდებით და ერთად გადავწყვეტთ, სასჯელის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეგვიძლია.''
ჩეფერინმა, ასევე, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გუნდები, რომლებიც ევროპის სუპერლიგაში დარჩებიან, ევროტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
,,ცალსახაა, რომ ამ გუნდებმა უნდა გადაწყვიტონ, თავს სუპერლიგის ნაწილად მიიჩნევენ თუ ევროპულ კლუბებად. თუ ისინი სუპერლიგას აირჩევენ, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ,'' - ჩეფერინის სიტყვებს The Associated Press-ი ციტირებს.
2018 წელს Football Leaks-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც წამყვანი ევროპული კლუბები ახალი 20-გუნდიანი ტურნირის - ევროპის სუპერლიგის შექმნას აპირებდნენ. მასში მონაწილეობა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გრანდებს უნდა მიეღოთ. ახალ პროექტს ჩემპიონთა ლიგა სრულად უნდა ჩაენაცვლებინა. ერთი კვირის წინ, არაერთმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ახლა პროექტს მხარს მხოლოდ ,,რეალი'', ,,ბარსელონა'', ,,იუვენტუსი'' და ,,მილანი'' უჭერენ.

სხვა სტატიები