Belive

პოლიციის ყოფილ უფროსს 2 170 წელი მიუსაჯეს - შეთქმულება ფენერბახჩეს წინააღმდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

თურქეთში ,,ფენერბახჩეს'' ხელმძღვანელების წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. 2011 წელს კლუბის პრეზიდენტს, აზიზ ილდირიმს, გარიგებული მატჩების ორგანიზების ბრალდებით 6-წლიანი სასჯელი მიესაჯა, მან ციხეში ერთი წელი გაატარა. იმდროისთვის თურქეთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დიდი სკანდალი იყო და მთავარ ინიციატორად სწორედ ,,ფენერბახჩე'' სახელდებოდა. ილდირიმმა სასამართლოზე ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ საქმე სპეციალურად სტამბოლური გუნდის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელმაც ჩემპიონატი 19-ჯერ მოიგო. გამოძიებით დადგინდა, რომ მაშინდელი ბრალდების მხარე დაკავშირებული იყო ამერიკაში მოღვაწე სასულიერო პირთან - ფეთჰულა გიულენთან, რომელსაც თურქეთი 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ედავებოდა. იმავე წელს პროკურორის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ,,ფენერბახჩეს'' დასჯაში მონაწილე პირები, გიულენის მხარდამჭერები იყვნენ. პარასკევს სასამართლომ მედიაჯგუფ Samanyolu-ს ხელმძღვანელს, ჰიდაეტ კარაჯას, 1406 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კარაჯას ბრალი სატელეფონო ზარების მოსმენისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის წაუყენეს. პოლიციის ყოფილ უფროსს - ნაზმი არდიჩს კი, რომელსაც ასევე დოკუმენტების გაყალბება და გუნდის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა ედება ბრალად, 2 170 წელი მიესაჯა. სასამართლომ განაჩენი კიდევ 25 ბრალდებულს გამოუტანა. ,,ფენერბახჩეს'' ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ალი კოჩის თქმით, სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ სტამბოლური გუნდი გიულენის მომხრეების შეთქმულების მსხვერპლი იყო.



 

სხვა სტატიები