12 წლის ბავშვი მარიუპოლიდან და მისი ახდენილი ოცნება | VIDEO

12 წლის მარიუპოლელი ბავშვი – დმიტრო კედა, სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა. დმიტრომ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და “შახტარის” მაისურით გოლის გატანა შეძლო.

ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც დმიტრო ძალიან პატარა იყო, მშობლებს “დონბას არენაზე”, “შახტარის” საშინაო მატჩების საყურებლად მუდმივად დაყავდათ. მარიუპოლში გადასვლის შემდეგ, დმიტრო თანატოლებთან ერთად ფეხბურთს ეზოში თამაშობდა და “მარიუპოლის” მატჩებს ესწრებოდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დროს, დმიტრო და მისი მშობლები მარიუპოლის თეატრის შენობას აფარებდნენ თავს, რომელიც 16 მარტს რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს. თეატრის დაბომბვამდე 1 დღით ადრე, ოჯახმა მარიუპოლის დატოვება შეძლო და თავი პოლონეთს შეაფარა.

უკრაინული კლუბი საქველმოქმედო ტურნეს აწარმოებს სახელწოდებით: “შახტარის გლობალური ტური მშვიდობისთვის”, რომლის ფარგლებშიც დონეცკელები “ოლიმპიაკოსს”, “ლეგიას”, “ფენერბახჩესა” და “ჰაიდუკს” დაუპირისპირდებიან. საქველმოქმედო მატჩების შედეგად შეგროვებული თანხა, ომში დაზარალებულ უკრაინელებს მოხმარდება.”ლეგიასა” და “შახტარს” შორის გამართული მატჩის დროს, დმიტროს ოცნება ახდა – ბავშვმა საყვარელი გუნდის მაისური მოირგო და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, რომელიც “შახტარის” ფეხბურთელების გარემოცვაში აღნიშნა.

საქველმოქმედო მატჩის დასრულების შემდეგ, “შახტარის” სპორტულმა დირექტორმა – დარიო სრნამ ემოციური კომენტარი გააკეთა.

“გუნდით ყოველთვის ვამაყობ! ბიჭებმა უკანასკნელად 19 იანვარს ივარჯიშეს. როდესაც ვკითხე იყვნენ თუ არა მზად სათამაშოდ, მათ მიპასუხეს: “ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ”. გუნდში “მარიუპოლის” 7 თუ 8 ფეხბურთელი გვყავს. მატჩის გამართვამდე მხოლოდ ერთხელ მოასწრეს ვარჯიში და ცხოვრებაში პირველად ითამაშეს ერთად. “მარიუპოლის” კაპიტანს – დმიტრო მიშნიოვს აღარაფერი გააჩნია – მან დაკარგა სახლი, ავტომობილი და ყველაფერი რაც გააჩნდა. დმიტრო ჩვენთან მოვიწვიეთ და ჩვენს გუნდში თამაში შევთავაზეთ – ის მარიუპოლის სახეა და გვეამაყება, რომ ჩვენს გვერდითაა”.

 

12 წლის ბავშვი მარიუპოლიდან და მისი ახდენილი ოცნება | VIDEO

სტატიის ავტორი
-