Belive

ფრანკ დე ბური: "საქართველოს სათამაშო სქემამ გამაკვირვა" 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, "ტვენტეს" სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს - 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, სადაც ჩვენი გუნდის ძალებზეც ისაუბრა. "ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან რამდენიმე ნათელი წერტილი დავინახე, როგორც ბურთის ფლობისას, ისე მის გარეშე ყოფნის დროს. კარგია ისიც, რომ ფლანგებზე დროულად გადავდიოდით და მათ ვინგერებს წინსვლის შესაძლებლობას არ ვაძლევდით. საქართველოს ნაკრები ჩვეულებრივ 4-3-3 სქემით თამაშობს, დღეს კი მათ 5-3-2 აირჩიეს, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მიმდინარეობას, მათი სქემა მეტწილად 5-2-3-ზე გადადიოდა და თავდამსხმელების რაოდენობა იმატებდა. ვფიქრობდი, რომ ფლანგები უფრო აქტიურად უნდა დაგვეტვირთა და სივრცეები გამოგვეყენებინა, რაც მეორე ტაიმში მოვახერხეთ და საბოლოოდ, გავიმარჯვეთ", - თქვა 51 წლის სპეციალისტმა. ნიდერლანდების ნაკრების მხრიდან ვილი სანიოლის გუნდის კარში გოლის გატანა მემფის დეპაიმ, ვოუტ ვეგჰორსტმა და რაიან გრავენბერხმა შეძლეს. "ჯვაროსნებმა" ივნისის შეკრება ამხანაგურ შეხვედრებში თითო გამარჯვებითა (რუმინეთთან - 2:1) და მარცხით დაასრულეს. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკვე ოფიციალური ტურნირის ეგიდით, 2 სექტემბერს, ბათუმში, ახალ, ცენტრალურ სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები