Belive

ჩეფერინი ევრო 2020-ის ფორმატის წინააღმდეგია - ,,ამას მხარს აღარ დავუჭერთ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ განაცხადა, რომ ევრო 2020-ის ფორმატი გულშემატკივრებისთვის უსამართლოა. სლოვენიელის თქმით, ის ევროპირველობის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ჩატარების იდეას მხარს არ დაუჭერს:
,,ამას მხარს აღარ დავუჭერ. ასეთი ფორმატი არ არის სამართლიანი გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ერთ დღეს რომში არიან, რამდენიმე დღეში კი გაფრენა ბაქოში უწევთ, რასაც ოთხსაათნახევრიანი მგზავრობა სჭირდება. ბევრი ვიმოგზაურეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც განსხვავებული იურისდიქცია და ეროვნული ვალუტაა, ქვეყნებში, რომელთა ნაწილი ევროკავშირის წევრია, ნაწილი კი - არა, ამიტომ ეს იოლი არ ყოფილა. ჩემპიონატის მსგავსი ფორმატით ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება უეფაში ჩემ მოსვლამდე მიიღეს და ამას პატივს ვცემ. ეს საინტერესო იდეაა, მაგრამ მისი განხორციელება რთულია და არ ვფიქრობ, რომ ამას მხარს ისევ დავუჭერთ,'' - ჩეფერინის სიტყვებს BBC Sport-ი ციტირებს.
პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატს 11-მა ქვეყანამ უმასპინძლა - მატჩები რომში, ლონდონში, ბაქოში, ამსტერდამში, სანქტ-პეტერბურგში, გლაზგოში, მიუნხენში, ბუდაპეშტში, ბუქარესტში, სევილიასა და კოპენჰაგენში გაიმართა. ევრო 2020-ის ფინალში ერთმანეთს იტალია და ინგლისი დაუპირისპირდებიან, შეხვედრა ხვალ, 11 ივლისს, ,,უემბლიზე'' გაიმართება.

სხვა სტატიები