Belive

13 მოქმედი ფეხბურთელი, რომელთაც დებიუტი 1990-იან წლებში ჰქონდათ

4 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

ფეხბურთში საშუალო ასაკმა იკლო. 30-წლიანი ნიშნულის მიღწევის შემდეგ, ფეხბურთელების უმეტესობა კარიერის დასრულებასა და სამომავლო გეგმებზე ფიქრს იწყებს, მაგრამ დღემდე არსებობენ ისეთი ფიგურები, რომელთაც სპორტის ამ სახეობასთან აქტიური კავშირის გაწყვეტა უჭირთ, ვისთვისაც ფეხბურთთან გამოთხოვება უმძიმესია. ჯანლუიჯი ბუფონი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სხვები ის ადამიანები არიან, რომლებმაც პროფესიონალურ დონეზე თამაში 1990-იან წლებში დაიწყეს და გულშემატკივრების გახარებას დღემდე ახერხებენ. მოდით, მათ ასაკსა და სატრანსფერო ღირებულებას გადავხედოთ. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 38 წლის - 3.15 მილიონი ევრო  ამერიკის კონტინენტის დაპყრობის შემდეგ, "მილანში" დაბრუნებულმა შვედმა თავდამსხმელმა დიდ გუნდში პირველად 1999 წელს ("მალმიო") ითამაშა და თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად იქცა. მართალია, დღეს მისი ღირებულება 4 მილიონსაც კი არ აღწევს, თუმცა "იბრა" თითქმის 40 წლისაა, თანაც თავის დროზე "ნაპოლის" დიეგო მარადონას შეძენა სულ რაღაც 7 მილიონი დაუჯდა...

No description available.
ჯანლუიჯი ბუფონი, 41 წლის - 900 000 ევრო  ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის გარშემო, ბოლო წლებში მოვლენები უცნაურად განვითარდა: 17-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ის "იუვენტუსს" გაეყარა და კარიერის სხვა კონტინენტზე გაგრძელების ნაცვლად, თანამედროვე ფეხბურთის გრანდ "პსჟ-ში" გადაბარგდა. რთულია, იმას შეელიო, რისთვისაც შეგნებული ცხოვრების ნახევარზე მეტს ხარჯავ - ჯიჯი საყავრელ კლუბში დაბრუნდა და სათადარიგო მეკარის როლს ირგებს. პირველი პროფესიონალური სეზონი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა 1995 წელს, "პარმას" რიგებში დაიწყო, ბოლოს კი 15 იანვარს, იტალიის თასზე ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.
No description available.
მაქსი როდრიგესი, 39 წლის - 450 000 ევრო არგენტინელ შემტევს, რომელმაც თავისი სამშობლოს გუნდის მაისური 57-ჯერ მოირგო და "ატლეტიკოსა" და "ლივერპულისთვის" გაიტანა, დებიუტი ლიონელ მესის მშობლიურ კლუბ "ნიუელს ოლდ ბოისში" 1999 წელს ჰქონდა. ამჟამად, მაქსი ბავშვობის კლუბშია და კარიერის 21-ე სეზონს ატარებს.
No description available.
კლაუდიო პიზარო, 41 წლის - 450 000 ევრო  სამხრეთ ამერიკაში დაბადებული ფეხბურთელისთვის, რომელიც 41 წლის ასაკში ბუნდესლიგაში თამაშობს, გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში უხუცესი მეგოლეობა, ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. ბრემენის "ვერდერის" თილისმამ უმაღლეს დონეზე პირველად 1996 წელს, მშობლიური პერუს ჩემპიონატში, "დეპორტივო ვანკას" რიგებში ითამაშა.
No description available.
როკე სანტა კრუზი, 38 წლის - 225 000 ევრო კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკელი თავდამსხმელი, რომელმაც კარიერა მშობლიურ პარაგვაიში, "ოლიმპიაში", 1996 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში მან "მანჩესტერ სიტიში", მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელიც იყო. სანტა კრუზი დაბრუნდა იქ, საიდანაც დაიწყო - როკე 2016 წლიდან "ოლიმპიას"  კაპიტნობს.
No description available.
გარეთ ბერი, 38 წლის - 675 000 ევრო  არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერლიგაში უფრო მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ვიდრე ამ ვეტერან ინგლისელს... არც რაიან გიგზი! 38 წლის ფეხბურთელმა კარიერა "ასტონ ვილაში" დაიწყო და იქ 11 წელი გაატარა. "ქალაქელებთან" ერთად პრემიერლიგის მომგები ფეხბურთელი 2017 წელს, საკუთარი ნებით, ჩემპიონშიფში გადაბარგდა, თუმცა "ვესტ ბრომვიჩთან" ერთად ისეთ სეზონს ატარებს, რამდენიმე თვეში უკან დაბრუნება მოუწევს.
No description available.
ემრე ბელოზოღლუ, 39 წლის - 450 000 ევრო  1980 წლის სექტემბერში დაბადებული ფეხბურთელისთვის კარიერის გარიჟრაჟი 17 წლის ასაკში, "გალათასარაი" გამოდგა. შემდეგ იყო, იტალიური, ესპანური და ინგლისური გრანდები, ბოლოს კი სამშობლო და მოსისხლე მტერი - "ფენერბახჩე". 101 ჩატარებული მატჩით, ბელოზოღლუ თურქეთის ნაკრების ისტორიაში მეოთხეა.
No description available.
მილან ბაროში, 38 წლის - 225 000 ევრო  მოგონება წარსულიდან - "ლივერპულისა" და ჩეხეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, რომელმაც თავი ევრო 2004-ზე ბრწყინვალე თამაშით განსაკუთრებით დაგვამახსოვრა. ბაროშმა კარიერა "ოსტრავაში" დაიწყო და ბოლო 3 წელია, მშობლიური კლუბის მაისურის ირგებს. 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი კარიერაში 22-ე სეზონს ატარებს.
No description available.
ჰილტონი, 42 წლის - 90 000 ევრო ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთის ჩემპიონატში გაატარა, 2011 წლიდან კი "მონპელიეს" ერთგულია. ლიგა 1-ში მოთამაშე მცველებს შორის ჰილტონი ისტორიაში ყველაზე ასაკოვანია, მან კარიერა 1996 წელს, "შაპეკოენსეში" დაიწყო.
No description available.
კენი მილერი 40 წლის - 180 000 ევრო  დიახ, შოტლანდიელი თავდამსხმელი ისევ თამაშობს! 22 წლის წინ, კარიერის "ჰიბერნიანში" დამწყები მცველი ამჟამად სამშობლოში, მეორე დივიზიონს გუნდ "პატრიკ თისტლში" თამაშობს და მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 9 გოლიც აქვს გატანილი.
No description available.
ლი დონ-გუკი, 40 წლის - 360 000 ევრო თუ ეს ფეხბურთელი გეცნობათ, მაშინ თქვენი სიყვარული ფეხბურთის მიმართ ღრმაა, ან K ლიგის მატჩებს თვალს ხშირად ადევნებთ. 40 წლის თავდამსხმელს 2006-08 წლებში პრემიერლიგაშიც უთამაშია და 23 შეხვედრაში "მიდლსბროს" მაისურით 1 გოლის გატანაც მოახერხა. 11 წელიწადია ლი სამშობლოში, "ჰიუნდაი იენბუკის" შემადგენლობაში ირიცხება. კარიერის განმავლობაში მას 441 შეხვედრაში 206 გოლი აქვს გატანილი.
No description available.
შუნსუკე ნაკამურა, 41 წლის - 90 000 ევრო  ქუჩის ფეხბურთის მოყვარულმა სპორტსმენმა კარიერა 1997 წელს "იოკოჰამაში" დაიწყო და "სელტიკში" გატარებულ პერიოდში საჯარიმო დარტყმების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად იქცა. 41 წლის ფეხბურთელი წინა წელს მშობლიურ კლუბს შეუერთდა, სადაც ჩვენი სტატიის მომდევნო გმირთან ერთად თამაშობს.
No description available.
კაზუიოში მიურა, 52 წლის - 90 000 ევრო და აი ისიც, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი. უხუცესი იაპონელი, რომელმაც ბრაზილიის ჩემპიონატიც მოიარა, ბედი ევროპაშიც სცადა და ბოლო 15 წელიწადია "იოკოჰამას" ღირსებას იცავს. ფეხბურთელმა, რომელიც თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელზე უფროსია, პირველად პროფესიონალურ დონეზე 1982 წელს ითამაშა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იაპონიის ნაკრების ვეტერანმა, რამდენიმე დღის წინ, კლუბთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები