Belive

მამუკა ჯუღელი: ,,კვარაცხელიას ტრანსფერზე იუვენტუსი და რუბინი შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა''

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის ,,რუბინის'' ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას, საფეხბურთო აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:
,,კვარაცხელია იყო 15 წლის, როცა ჩემთან მოვიდა, წამოვიყვანეთ ლოკომოტივში. ხვიჩათი მაშინ სპორტინგის 19-წლამდელთა გუნდიც ინტერესდებოდა, მაგრამ ჩვენ ლოკომოტივი ავირჩიეთ. შემდეგ დაინტერესდა რუბინი, წავიდა რუბინში, რომელიც ფინანსურადაც და პროფესიონალურადაც ძალიან კარგი კლუბია - ბავშმა კონტრაქტს ხელი 2024 წლამდე მოაწერა. რა თქმა უნდა, ოჯახის, ჩემი, კვარაცხელიას სურვილი არის, რომ მოხვდეს ევროპის საუკეთესო გუნდში. არის ძალიან ბევრი დაკვირვება ბავშვზე, ეს სერიოზული თემაა ჩემთვისაც და მისი ოჯახისთვისაც. პირდაპირ ვამბობ ქართველი ხალხის გასაგონად - ყველა წაიყვანს კვარაცხელიას 5 და 10 მილიონად, აიაქსიც წაიყვანს, ნაპოლიც, ტოტენჰემიც, ვესტ ჰემიც, ძალიან ბევრი გუნდი. პირადად მქონდა საუბარი ტოტენჰემთან და ნაპოლისთან. თამამად ვამბობ, რომ რუბინი 10 მილიონზე მეტს ითხოვს. ჩათვალეთ, რომ ფეხბურთში ხვიჩას მამა ვარ, მამამისი ჩემი მეგობარია და ოჯახმა ბავშვი მე მომანდო. არ იცით, რამხელა ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოვიყვანეთ... ასეთი რამ არ შეიძლება - ვიღაცა რაღაცას წერს და ამ დროს არავინ არაფერი არ იცის. პირველად ახალ ინფორმაციას იგებს გუნდი, შემდეგ კი მე. არ ვმალავ, პირდაპირი შეხება მქონდა იუვენტუსთან, პარატიჩისთან (სპორტულ დირექტორთან), მოვილაპარაკეთ წინასწარ კონტრაქტზე, მოხდა ისეთი რამ, რაც არ ხდება, ეს იყო აპრილის თვე, გაუშვეს მწვრთნელი, გაუშვეს პარატიჩი, რომელიც ახლა ტოტენჰემშია. ეს ხო მე არ გამიკეთებია?! მართლა დაინტერესებული იყო იუვენტუსი, რუბინთანაც დავლაგდით, ყველაფერი იყო ხუთიანზე, მაგრამ მოხდა ისეთი რაღაც, რომ ,,იუვენტუსი, რომელიც ყოველ წელს ჩემპიონი ხდებოდა, მე-3 თუ მე-4 ადგილზე გავიდა და ყველაფერი ჩაიშალა. ხვიჩას სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მისთვის ესპანეთს ვარჩევდი. კვარაცხელიას ევროპაში გაყვანაც არ უნდა, ისეთი ფეხბურთელია, მის შესახებ ყველამ იცის და თვითონ გავა. ხვიჩას რაც შემეძლო გავუკეთე, ახლა თვითონ უნდა გამიკეთოს რეკლამა (იცინის)'' - განაცხადა მამუკა ჯუღელმა მთავარი არხის ეთერში.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ყაზანის ,,რუბინის'' მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები