Belive

,,ეს სამარცხვინო იყო'' - როგორ მოხვდა აინტრახტის 30 ათასი ფანი კამპ ნოუზე

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ბარსელონამ'' დაიწყო შიდა გამოძიება, რათა დადგინდეს თუ როგორ მოხვდა ,,აინტრახტის'' 30 ათასი გულშემატკივარი ,,კამპ ნოუზე''. ინფორმაციას Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კატალონიელებმა მოწინააღმდეგე გუნდს ოფიციალურად 5 ათასი ბილეთი გადასცეს, დანარჩენები კი მატჩს, სავარაუდოდ, ტუროპერატორების დახმარებით დაესწრნენ. გარდა ამისა, გერმანელმა ფანებმა ბილეთები გადამყიდველებისგანაც შეიძინეს.

,,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ, ეს სამარცხვინო იყო! აღშფოთებული ვარ, რადგან ასეთი რამ არასდროს უნდა მომხდარიყო. კლუბი არ არის დამნაშავე იმაში თუ როგორ მოხვდა ამდენი ბილეთი გერმანელი ქომაგის ხელში, მაგრამ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება. არ გვინდა, რომ ეს გამეორდეს, ამიტომ შესაბამის ზომებს მივიღებთ - გაყიდული ბილეთის სხვა ადამიანისთვის გადაცემა აიკრძალება. ბარსელონას 35 ათასი ბილეთი გერმანელი გულშემატკივრებისთვის არ მიუყიდია,'' - განაცხადა მატჩის შემდეგ ,,ბარსელონას'' პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ.
,,აინტრახტთან'' მატჩის შესვენებაზე, ,,ბარსელონას'' ფანებმა, პროტესტის ნიშნად, ადგილები დატოვეს და სტადიონზე მეორე ტაიმის დაწყებიდან 10-15 წუთის შემდეგ დაბრუნდნენ. საბოლოოდ, შეხვედრა გერმანული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. შედეგად, ფრანკფურტელები ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.

სხვა სტატიები