Belive

იტალიური მედია: ,,კვარაცხელიას ჩამოსვლა ახლოვდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
,,დინამო ბათუმის'' შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც ,,ნაპოლის'' უკავშირებენ, გუშინ ,,გაგრასთან'' მატჩში დუბლი გაიფორმა და იტალიური მედია კიდევ ერთხელ აალაპარაკა:
,,21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გოლები გაიტანა და ბათუმის დინამოს მოაგებინა, თუმცა აშკარაა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს. აურელიო დე ლაურენტისი ერთ ნაბიჯშია და სპალეტის შეუძლია, ინსინიე თავისუფლად გაუშვას. რომასთან ფრემ, დიდი ალბათობით, ნაპოლი საჩემპიონო ბრძოლას ჩამოაშორა, თუმცა ეს საშუალებას აძლევს გუნდს, სამომავლო გეგმებს უფრო დიდი დრო დაუთმოს. სწორედ ამას აკეთებს სპალეტი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ნახა. ფორვარდი, რომელიც ინსინიეს შემკვიდრე იქნება, გუშინ გაგრასთან მოგებული მატჩის მთავარი ვარსკვლავი იყო. დუბლი სანახაობრივ შეხვედრაში და ნიჭის ნამდვილი განსახიერება. ამგვარად, ბათუმის დინამო სატურნირო ცხრილის სათავეშია, თუმცა მალე საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე დარჩება. ნაპოლი კვარაცხელიათი ჯერ კიდევ რუბინში თამაშის დროს დაინტერესდა, სადაც ხვიჩა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად ჩამოყალიბდა. ჯუნტოლიმ მოლაპარაკებებისთვის პირობები მოამზადა, სატრანსფერო ფასი დაახლოებით 15 მილიონი ევრო იყო. თუმცა, უკრაინაში ომის დაწყებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ქართველმა კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა და რუბინიდან სამშობლოში დაბრუნდა. ახლა ნაპოლიმ ფეხბურთელი, შესაძლოა, უფრო იაფად იყიდოს, გუნდს კომპენსაციის გადახდა ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, მაგრამ იმაზე ნაკლების, ვიდრე რუსები მოელიან. ხვიჩასთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია - ხუთწლიანი ხელშეკრულება და 1.5 მილიონი ხელფასის სახით. მისი ჩამოსვლა ახლოვდება და ამას რამდენიმე დღის წინ ნაპოლის სპორტული დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს, რომელშიც მან თქვა, რომ კვარაცხელია კლუბს სრულად შეეფერება,'' - წერს La Gazzetta dello Sport-ი.
კვარაცხელიას ანგარიშზე ,,დინამო ბათუმის'' მაისურით ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. სერია ა-ს 33 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 67 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა და ლიდერ ,,მილანს'' 4 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები