Belive

2 მიზეზი, რის გამოც ჰოლანდმა მანჩესტერ სიტიში გადასვლა გადაწყვიტა

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

არსებობს ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ერლინგ ჰოლანდმა ევროპული გრანდების წინადადება უარყო და "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა გადაწყვიტა. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების სპეკულაციის ფონზე, "მანჩესტერ სიტიმ" მედიაში გავრცელებულ ჭორებს წერტილი დაუსვა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ჰოლანდის ტრანსფერის თაობაზე პრინციპული შეთანხმებაა მიღწეული. წყაროს მტკიცებით, ჰოლანდმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებს და კევინ დე ბრუინესთან ერთად, მანჩესტერული კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. აღსანიშნავია, რომ კოლოსალური ანაზღაურება არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც 21 წლის ვარსკვლავმა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა გადაწყვიტა. მადრიდის "რეალი", "ბაიერნი" და "პარი სენ-ჟერმენი" ნორვეგიელ ვარსკვლავს პრაქტიკულად იდენტურ ანაზღაურებას სთავაზობდნენ, თუმცა ჰოლანდმა პრემიერ ლიგის გრანდში გადასვლა "ემოციური და საფეხბურთო" მიზეზებიდან გამომდინარე გადაწყვიტა. ნორვეგიელს "მანჩესტერ სიტისთან" პირდაპირი კავშირი აქვს. ერლინგ ჰოლანდის მამამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, "მანჩესტერ სიტის" მაისური პრემიერ ლიგის 35 შეხვედრაში მოირგო. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჰოლანდის ფოტოები, რომლებშიც ჯერ კიდევ ბავშვობის დროიდან, "ქალაქელთა" მაისურშია გამოწყობილი და მათ მატჩებს ესწრება. სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჰოლანდი "დორტმუნდელ" თანაგუნდელთან ერთად, "მანჩესტერ სიტის" სტადიონის სილამაზეს აღნიშნავს და მოედანზე გასვლისას "ქალაქელთა" გერბს ფეხს არ აბიჯებს.

მჭიდრო ემოციური კავშირის ფონზე, არსებობს საფეხბურთო მიზეზიც, რის გამოც ჰოლანდი "მანჩეტერ სიტის" გვერდს ვერ აუვლიდა. ახალგაზრდა ნორვეგიელი შემტევი ხელიდან ვერ გაუშვებდა პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას - ესპანელი სპეციალისტის გვერდით, ჰოლანდს საკუთარი უნარებისა და თამაშის კიდევ უფრო მეტად განვითარება სურს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჰოლანდი უკვე მომაკვდინებელი ფინიშერია - ნორვეგიელმა "დორტმუნდის" მაისურით ჩატარებულ 88 შეხვედრაში 85 გოლის გატანა შეძლო. ჰოლანდის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის 19 მატჩში გატანილი 23 გოლიცაა, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ "მანჩესტერ სიტის" რიგებში, ჰოლანდი კიდევ უფრო ძლევამოსილი ვარსკვლავი გახდება. ჰოლანდი თვლის რომ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ გუნდში, კევინ დე ბრუინეს, ფილ ფოდენისა და სხვა ვარსკვლავების გვერდით თამაში, მას ინდივიდუალური და გუნდური ტიტულების მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. "დორტმუნდის" გულშემატკივრებს ჰოლანდი ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში, "ჰერტას" წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის დასრულების შემდეგ დაემშვიდობება. ახალგაზრდა შემტევი UEFA-ს ერთა ლიგაზე, ნორვეგიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დაეხმარება და ივლისში, წინასასეზონო შეკრების დროს "მანჩესტერ სიტის" შეუერთდება. ამ დროისათვის უცნობია, თუ რა ნომერს აირჩევს ჰოლანდი, რადგან მისი საყვარელი 9-ნომრიანი მაისური გაბრიელ ჟესუსს ეკუთვნის.

სხვა სტატიები