Belive

2 მოგება და 7 გოლი კონკურენტებთან - პაუზის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი გალიდერდა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მეორე სათამაშო დღის ერთადერთი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე გაიმართა. თბილისურ დერბიში ერთმანეთს "დინამო" და "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა სეზონი ცუდად დაიწყეს, თუმცა წინა ტურში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ "საბურთალოს" 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და ამით კიდევ ერთ ქართულ გუნდთან დაპირისპირებას თავდაჯერებულები შეხვდნენ. მატჩს სატურნირო მოტივაციაც უდიდესი ჰქონდა, "ლოკო" 7 ქულით ლიდერი გახლდათ, მოქმედ ჩემპიონს კი 5 ჰქონდა და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას გაინაღდებდა. შეხვედრის პირველი ნახევარი "ლურჯ-თეთრების" უპირატესობით წარიმართა. პირველ 45 წუთში, "დინამომ" 6 რეალური მომენტი შექმნა, აქედან ოთხჯერ ანგარიშის გახსნა გიორგი კუციას შეეძლო, ვინც ბრაზილიელ პერნამბუკოსთან ერთად, ყველაზე აქტიური იყო, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველს მიზანმა უმტყუნა. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ გოლის გატანის ორი, საკმაოდ კარგი შანსი ტაიმის ბოლოს მიიღეს, თუმცა პირველ ჯერზე როინ კვასხვაძემ იყოჩაღა, მეორედ კი ირაკლი სიხარულიძემ ბურთი მეტოქის კარს ააცილა. მართალია მეორე ტაიმის წინ ტაბლოზე ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ "დინამოს" რიცხვობრივი უპირატესობა შეექმნა - 42-ე წუთზე, უწყინარ სიტუაციაში უხეშობისთვის, "ლოკომოტივის" კაპიტანმა დავით უბილავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. მეორე ნახევარი "დინამოს" ბენეფისი გამოდგა. აქ მასპინძლებმა კაცნაკლული მეტოქის კარი 4-ჯერ აიღეს. ანგარიში 61-ე წუთზე, დავით კობოურმა შორეული გასროლით გახსნა. 11 წუთში, თორნიკე კაპანაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა, 79-ზე გიორგი ქიმაძის ჩაწოდებას კირკიტაძის მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი მოჰყვა, მატჩის უკანასკნელ წუთზე კი საბოლოო წერტილი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვიტორ პერნამბუკომ სადებიუტო გოლით დასვა - 4:0. თბილისური დერბის მოგების შემდეგ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 8 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა ორ უშუალო კონკურენტს ჯამში 7 გოლი გაუტანა და 6 ქულა აიღო. შემდეგ ტურში, "დინამო" "ტორპედოს", ხოლო "ლოკომოტივი" ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება. "დინამო": კვასხვაძე - ტრუბოჩკინი (იაშვილი, 46), კობოური, ლოჩოშვილი, ქიმაძე - პაპავა, მექვაბიშვილი (დაფე, 78) - პერნამბუკო, კუცია, ბუღრიძე (ქავთარაძე, 60), კაპანაძე. მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი. "ლოკომოტივი": შეროზია, გაბაძე, ჭანტურია, გურეშიძე, უბილავა (გაძევება, 42) - შონია, ძებნიაური, სამურკასოვი (არველაძე, 73) - კობახიძე, სიხარულიძე, თორნიკე კირკიტაძე (დავით კირკიტაძე, 60). მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

სხვა სტატიები