Belive

2003/04 წლების სეზონის არსენალი - სად არიან პრემიერლიგის წაუგებლად მომგები ფეხბურთელები ახლა?

4 წლის წინ ფეხბურთი
25 წთ
2003/04 წლების სეზონში ლონდონის "არსენალმა" ფურორი მოახდინა და პრემიერლიგა წაუგებლად მოიგო. იმ სეზონში საუკეთესო ბომბარდირი "არსენალის" ლეგენდა ტიერი ანრი გახდა 30 გოლით. ამის შემდეგ ზოგიერთ ფეხბურთელს კარიერა არ აეწყო, ზოგიერთი კი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა. Live.ge გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა მოკლე ბიოგრაფიებს, ვინც პრემიერლიგის იმ სეზონში "არსენალში" 1 მატჩი მაინც ჩაატარა.

იენს ლემანი - 38 მატჩი

გერმანელი მეკარე  "მეთოფეებს" სეზონის დაწყების წინ, "დორტმუნდიდან" შეუერთდა და დევიდ სიმენი ჩაანაცვლა. ლემანი "არსენალში"  უკვე საკმაოდ ტიტულოვანი მოხვდა, მისი ჯილდოების ოთახს უკვე ამშვენებდა უეფას თასის მფლობელის (1997 წელს "შალკეს" შემადგენლობაში), სერია ა-ს  გამარჯვებულის (1999 წელს "მილანის" შემადგენლობაში), ბუნდესლიგის გამარჯვებულის (2002 წელს "დორტმუნდის" შემადგენლობაში) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის (2002 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში), ოქროსა და ვერცხლის მედლები.  ლემანმა იმ სეზონში პრემიერლიგის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 38 შეხვედრაში 26 გოლი გაუშვა. 2006 წელს მან ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა თუმცა მატჩის დაწყებიდან მალევე გააძევეს, საბოლოოდ კი "არსენალი" "ბარსელონასთან" დამარცხდა. გერმანელი მეკარე ლონდონში 2008 წლის ზაფხულამდე დარჩა და შემდეგ "შტუტგარტში" გადავიდა, სადაც ორი წელი გაატარა და ისევ ლონდონში დაბრუნდა, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, 2011 წლის 10 აპრილს, სტუმრად "ბლექპულთან" და გახდა "არსენალის" ისტორიაში უხუცესი ფეხბურთელი ვისაც პრემიერლიგის მატჩში მიუღია მონაწილეობა. ლემანმა კარიერა ამავე წელს დაასრულა, 2018 წლის ზაფხულამდე იგი "მეთოფეთა" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, 2019 წლის 29 იანვარს იგი ბუნდესლიგის "აუგსბურგში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.  

ეშლი კოული - 32 მატჩი

"არსენალის" აღზრდილი დღემდე კლუბის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება.  1999-2006 წლებში კოულმა კლუბის შემადგენლობაში 227 მატჩი ითამაშა და 9 გოლი გაიტანა.  ორჯერ გახდა პრემიერლიგის  ჩემპიონი, სამჯერ კი ასოციაციის თასი მოიგო. ამის შემდეგ კი იყო სკანდალური ტრანსფერი მოურინიოს "ჩელსიში". "არსენალმა" მის სანაცვლოდ 5 მილიონი ფუნტი და უილიამ გალასი მიიღო. კოულმა "სტემფორდ ბრიჯზე" 8 წელი გაატარა და ჯილდოები ნამდვილად არ მოჰკლებია: პრემიერლიგა, ასოციაციის თასი (ოთხჯერ) ლიგის თასი, ევროპა ლიგა, და რაც მთავარია ჩემპიონთა ლიგა - ეს მისი "არისტოკრატული" ტიტულების არასრული ჩამონათვალია. ამის შემდეგ იყო "რომა" და "ლოს ანჯელეს გალაქსი". ამჟამად 38 წლის კოული რომელმაც 2001-2014 წლებში ინგლისის ნაკრებში 107 მატჩი ჩაატარა, "დერბის" ღირსებას იცავს, სადაც მთავარი მწვრთნელი მისი ყოფილი თანაგუნდელი და კაპიტანი ფრენკ ლამპარდია.

პატრიკ ვიეირა - 29 მატჩი

ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველი იმ სეზონის საოცრების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. 29 მატჩში მან 3 გოლი გაიტანა, თუმცა მისი როლი მოედანზე უფრო დიდი იყო. ვიეირას საფეხბურთო კარიერა 1994 წელს "კანში" დაიწყო სადაც მან წელიწადნახევარი გაატარა და  "მილანში" გადაბარგდა, თუმცა ძირითად გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა "არსენალი" რომელმაც ფრანგი ნახევარმცველი 3.5 მილიონ ფუნტად შეიძინა. როგორც მან მოგვიანებით განაცხადა იგი "მეთოფეებში" არსენ ვენგერის დანიშვნის შესახებ ფლობდა ინფორმაციას და ეს იყო მისი მთავარი მამოტივირებელი ტრანსფერისას. ვიეირამ "არსენალში" 9 წელი გაატარა და 389 მატჩში 33 გოლი გაიტანა. 3-3-ჯერ მოიგო პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და "Community shield". არის მსოფლიო, ევროპის და კონფედერაციის თასების მფლობელი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში. პატრიკმა "ჰაიბერი" 2005 წელს დატოვა და "იუვენტუსში" გადაბარგდა. "ბებერ ქალბატონში" ვიეირამ მხოლოდ 1 სეზონი გაატარა, შემდეგ კი ცნობილი სკანდალის გამო "იუვე" სერია ბ-ში დააქვეითეს, პატრიკმა კი "ინტერს" მიაშურა. აქ ვიეირამ სერია ა 4 -ჯერ მოიგო რასაც 2 სუპერთასი მიაყოლა და იტალიაც ტიტულოვანი ფეხბურთელის რანგში დატოვა. ვიეირას შემდეგი და უკანასკნელი გაჩერება ფეხბურთელის რანგში ნისლიანი ალბიონი, კერძოდ კი "მანჩესტერ სიტი" აღმოჩნდა. "ეტიჰადზე" ვიეირამ 2011 წელს ასოციაციის თასი მოიგო და 34 წლის ასაკში კარიერაც დაასრულა. პატრიკმა 1997-2009 წლებში საფრანგეთის ნაკრებში 107 მატჩი ჩაატარა.  ამჟამად 42 წლის ვიეირა ფრანგული "ნიცას" მთავარი მწვრთნელია.

მარტინ კიოუნი - 10 მატჩი

"არსენალის" აღზრდილისათვის ეს კლუბში ჩატარებული ბოლო სეზონი იყო, კიოუნმა  ოქროს მედლისთვის საჭირო ნორმატივი 10 მატჩი ჩაატარა და კლუბი პრემიერლიგის სამგზის ჩემპიონის რანგში დატოვა. კლუბში მარტინმა ასევე 3-ჯერ ასოციაციის თასი, 3-ჯერ მოიგო Community shield და ერთხელ თასების მფლობელთა თასი მოიგო. კიოუნმა კარიერა 2005 წელს "რედინგში" დაასრულა. 2012 წელს კი ფეხბურთს სამოყვარულო კლუბ "უემბლიში" დაუბრუნდა თუმცა წარუმატებლად. მარტინ კიოუნი ამჟამად სხვადასხვა ინგლისურ და ირლანდიურ არხებზე საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს, მისი შვილი ნილ კიოუნი კი შოტლანდიური "სენტ ჯონსტონში" ასპარეზობს.  

რობერ პირესი - 36 მატჩი

რობერ პირესის შესახებ ფეხბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის. იგი ნამდვილი "მხატვარი" გახლდათ. პირესის კარიერა "მეცში" დაიწყო და 5 წელი გაგრძელდა მშობლიურ კლუბში რობერმა ლიგის თასი მოიგო, შემდეგ იყო ორწლიანი ასპარეზობა "მარსელში" და არსენ ვენგერის "არსენალის" დროც დადგა. "ჰაიბერიზე" პირესი 6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა და მარკ ოვერმარსი ჩაანაცვლა. რობერისადმი ინტერესს "რეალი" და "იუვენტუსიც" იჩენდნენ, მაგრამ პირესი ნისლიან ალბიონზე წავიდა მომავალი  6 წელი იქ გაატარა. "არსენალში" ჩატარებულ 283 მატჩში პირესმა 85 გოლი გაიტანა და 40 საგოლე პასი შეასრულა. ფრანგმა ლონდონი 2006 წელს დატოვა და "ვილიარეალში" გადაბარგდა სადაც 4 წლიან ასპარეზობას ისევ ინგლისი და "ასტონ ვილა" მოჰყვა. პირესმა კარიერა 2015 წელს ინდურ "გოაში" დაასრულა. საფრანგეთის ნაკრებში მისი დებიუტი 1996 წელს შედგა. პირესი გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ორჯერ მოიგო კონფედერაციის თასი. კარიერის დასრულების შემდეგ პირესმა "არსენალში" ერთ-ერთ მწვრთნელად განაგრძო მუშაობა.  

ფრედი ლიუნგბერგი - 30 მატჩი

"ჰალმშტადის" აღზრდილი "არსენალში" 1998 წელს 3 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ მოხვდა. 21 წლის გარემარბი "მეთოფეებს" თავიდანვე კარგად მოერგო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა. მისი დებიუტი  20 სექტემბერს "მანჩესტერ იუნაიტედთან" 3:0 მოგებულ შეხვედრაში შედგა, სადაც შეცვლაზე შემოვიდა და გოლიც გაიტანა. ლიუნგბერგმა "არსენალში"  2007 წლამდე ითამაშა და "ვესტ ჰემში" გადავიდა, რასაც ამერიკული კარიერა მოჰყვა. ფრედიმ კარიერა 2012 წელს იაპონურ "შიმიძუში" დაასრულა. 2014 წელს მან კარიერის განახლების შესახებ გამოაცხადა და ინდურ "მუმბაის" შეუერთდა, თუმცა მხოლოდ 4 მატჩით. ამჟამად შვედი "არსენალის" 23 წლამდელთა გუნდის მწვრთნელია. ლიუნგბერგმა შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში 1998-2008 წლებში 75 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.  

ხოსე ანტონიო რეიესი - 13 მატჩი

სევილიას აღზრდილი "ჰაიბერიზე" 2004 წლის იანვარში მივიდა და კლუბში სამი წელი გაატარა. რეიესი ყველას სწრაფი და ტექნიკური თამაშის წყალობით დაამახსოვრდა. სამწლიანი კარიერის შემდეგ, საიდანაც 1 წელი მადრიდის "რეალში" იყო განათხოვრენული ხოსე ანტონიო მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდა რასაც მშობლიური "სევილია" მოჰყვა. სევილიას შემადგენლობაში მან ევროპა ლიგა სამჯერ მოიგო და 2015 წელს ევროპის სუპერთასის ფინალში, რომელიც თბილისში გაიმართა "ბარსელონას" გოლიც კი გაუტანა. რეიესი ბოლოს ესპანეთის დაბალლიგელ "ესტრემადურაში" ასპარეზობდა თუმცა 2019 წლის 1 ივნისს, 35 წლის ასაკში, ავტოავარიაში გარდაიცვალა.  

დენის ბერგკამპი - 28 მატჩი

დენის ბერგკამპი 1969 წლის 10 მაისს, ამსტერდამში დაიბადა, 12 წლის ასაკში დენისმა ვარჯიში ამსტერდამის "აიაქსის" შემადგენლობაში დაიწყო რასაც ნელნელა დიდებულ ფეხბურთელად ჩამოყალიბება და მთავარ გუნდში მოხვდერა მოჰყვა. "არამფრინავმა ჰოლანდიელმა" ამსტერდამელთა რიგებში ერედივიზიონი, ორჯერ ჰოლანდიის თასი, თასების მფლობელთა თასი და უეფას თასი მოიგო. კლუბის მაისურით ჩატარებულ 228 მატჩში 117 გოლი გაიტანა და უკვე შემდგარი ფეხბურთელის სახით მილანის "ინტერს " შეუერთდა. მისი მილანური კარიერა ორწლიანი გამოდგა, რა დროსაც მხოლოდ ერთი ტიტული, უეფას თასი მოიგო და 1995 წელს ბრიუს რიოჩის "არსენალს" შეუერთდა 7.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, რის შემდეგ მის კარიერაში ნამდვილი აღმასვლა დაიწყო. პრემიერლიგის სამგზის ჩემპიონი, ასოციაციის თასის ოთხგზის გამარჯვებული, Community shield-ის სამგზის ტრიუმფატორი - ეს ბერგკამპის ტიტულებია ლონდონში. აღსანიშნავია ისიც რომ მან "არსენალთან" ერთად ევროპული ტიტულის მოგება ვერ შეძლო. 2003/04 წლების სეზონის პრემიერლიგაში მან მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო, მიუხედავად ამისა ბერგკამპი გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურა გახლდათ. მან კარიერა სწორედ "არსენალში" 2006 წელს დაასრულა. 11 წლიანი ლონდონური კარიერის მანძილზე დენის ბერგკამპმა ყველა ტურნირზე 400 მატჩი ჩაატარა და 107 გოლი გაიტანა. ეროვნულ ნაკრებში მისი მონაგარი 1990-2000 წლებში 79 მატჩში 37 გოლია. ბერგკამპი ბოლოს "აიაქსში" ერთ-ერთ მწვრთნელად მუშაობდა და თანამდებობა 2017 წელს დატოვა.  

სილვენ ვილტორი - 12 მატჩი

მას შემდეგ რაც 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვილტორმა იტალიას 93-ე წუთზე გაუთანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა სადაც ტრეზეგემ ფრანგებს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა სულ რამდენიმე კვირა იყო გასული როდესაც არსენ ვენგერმა ვილტორი 13 მილიონ ფუნტად შეიძინა. "რენის" აღზრდილი ამ დროისთვის "ბორდოში" ასპარეზობდა და საკმაო წარმატებითაც. 1999 წელს იგი საფრანგეთის პირველი დივიზიონის (ამჟამად ლიგა 1-ის) გამარჯვებული გახდა. ვილტორმა "არსენალში" 4 წელი გაატარა და ამ დროის მანძილზე 174 მატჩი ჩააატარა და 48 გოლი გაიტანა. წაუგებელი სეზონის შემდეგ ვილტორმა "ჰაიბერი" დატოვა და "ლიონს" შეუერთდა. ფრანგი ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონი კიდევ სამჯერ გახდა კარიერა კი 2010 წელს მშობლიურ "მეცში" დაასრულა. 1 წლის შემდეგ მან თამაში "ნანტში" განაახლა და 34 მატჩში 8 გოლი გაიტანა. საბოლოოდ კი ბუცები ლურსმანზე 2012 წელს ჩამოკიდა. 2015 წელს ვილტორი ერთ-ერთ რეალითი შოუში მონაწილეობდა. იგი შოუს გამოეთიშა, ამ მოვლენიდან მეორე დღეს შოუს მონაწილეებით და გადამღები ჯგუფის წევრებით სავსე ვერტმფრენი ჩამოვარდა და სამი მონაწილე იმსხვერპლა. ვილტორი ამ ფაქტს ტვიტერზე გამოეხმაურა: "მე ვწუხვარ ჩემი მეგობრების გამო, მეშინია და სიტყვები არ მაქვს, მეტი არაფრის თქმა არ მსურს" 1999-2006 წლებში საფრანგეთის ნაკრებში მან 92 მატჩში 26 გოლი გაიტანა, მოიგო ევროპის ჩემპიონატი და დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალს, ასევე ორჯერ მოიგო კონფედერაციათა თასი.  

ლორენი - 32 მატჩი

ლორენი "არსენალში" 2000 წელს "მალიორკადან" მივიდა და კლუბში 7 წელი გაატარა. 2003/04 წლების სეზონში ლორენმა 30 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში და დამსახურებული ოქროს მედალიც მიიღო. 2007 წლის ზამთარში კამერუნელი მცველი "პორტსმუტში" გადავიდა და კლუბში ორი წელი გაატარა. კარიერა კი 2010 წელს "კორდობაში" დაასრულა. ლორენი ამჟამად სევილიაში ცხოვრობს.    

ტიერი ანრი - 37 მატჩი

თუ შეგვიძლია ვინმეზე "არსენალის" ლეგენდა ვთქვათ, ეს სწორედ ანრია. "ტიტიზე" ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ანრიმ პროფესიონალური კარიერა "მონაკოში" დაიწყო და კლუბში 5 სეზონი გაატარა.  1997 წელს ტიერი საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. შემდეგ იყო წარუმატებელი ასპარეზობა "იუვენტუსში" და ლონდონის "არსენალი". კლუბში გატარებული 8 სეზონი, 375 მატჩში გატანილი 228 გოლი, პრემიერლიგის ორგზის ჩემპიონი, ასოციაციის თასის ორგზის გამარჯვებული, Community shield-ის ორგზის გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი, პრემიერლიგის ოთხგზის საუკეთესო ბომბარდირი, "არსენალის" ყველა დროის საუკეთესო მეგოლე, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტიტულებისა რაც ანრიმ "არსენალში" მოიპოვა. ამის შემდეგ იყო "ბარსელონა" და "ნიუ იორკ რედ ბულზი" საიდანაც ანრი "არსენალში" იჯარით დაბრუნდა და 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა. კარიერა "ტიტიმ" ნიუ-იორკში დაამთავრა, რასაც მოჰყვა ბელგიის მთავარი მწვრთნელის ასისტენტობა და ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე. ამის შემდეგ ანრი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ გაათავისუფლეს. საფრანგეთის ნაკრების რიგებში ანრი 1997-2010 წლებში გამოდიოდა და 123 მატჩში 51 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით საუკეთესოა ქვეყნის ისტორიაში, გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. ამჟამად ტიერი სხვადასხვა არხზე საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს.

რეი პარლოუ - 22 მატჩი

რეი პარლოუ "მეთოფეთა" კიდევ ერთი ლეგენდაა, რომელმაც იმ წელს კლუბში ბოლო სეზონი გაატარა. პარლოუ "არსენალის" აღზრდილი იყო და თითქმის მთელი კარიერა ამ კლუბში გაატარა 1992-დან 2004 წლამდე. ჩაატარა 379 მატჩი და გაიტანა 21 გოლი. ამის შემდეგ კი იყო სამწლიანი კარიერა "მიდლსბროში" და კარიერის დასასრული "ჰალ სიტიში". პარლოუმ კარიერა 2007 წელს დაასრულა. რეის ანგარიშზე ინგლისის ნაკრებში ჩატარებული 10 მატჩია.  

ედუ - 29 მატჩი

ედუ გასპარი "არსენალს" 2001 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "კორინთიანსიდან" შეუერთდა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ 6 მილიონი ფუნტი შეადგინა. ცენტრალურმა ნახევარმცველმა ლონდონში 4 წელი გაატარა, ხოლო წაუგებელ სეზონში მოედანზე 29-ჯერ გავიდა, აქედან 12-ჯერ ძირითად შემადგენლობაში. 4 სეზონის მანძილზე მან "არსენალში" 127 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ კი "ვალენსიას" შეუერთდა. ესპანეთში მან 4 სეზონი გაატარა და მშობლიურ "კორინთიანსს" დაუბრუნდა. ბრაზილიაში 2 წლიანი ასპარეზობის შემდეგ მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ედუ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში კოპა ამერიკისა და კონფედერაციათა თასის გამარჯვებულია. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი კარლოს კეირუშის ასისტენტი იყო ირანის ნაკრებში.  

პასკალ სიგანი - 18 მატჩი

ფრანგი მცველი "არსენალს" "ლილიდან" 2002 წლის ზაფხულში 2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. იგი არ იყო ძირითადის ფეხბურთელი თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. სიგანმა "ჰაიბერი" 2006 წელს დატოვა და "ვილიარეალში" რობერ პირესს შეუერთდა. კარიერა კი 2011 წელს, 37 წლის ასაკში სეგუნდადივიზიონის "კარტახენაში" დაასრულა.  

ჟილბერტო სილვა - 32 მატჩი

ჟილბერტო 2003/04 წლების სეზონში "მეთოფეთა" ნახევარდაცვის ნამდვილი ლიდერი იყო. 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი ასპარეზობის შემდეგ სილვა ევროპული კლუბების თვალთახედვის არეალში მოექცა.  საბოლოოდ კი იგი 2002 წლის 7 აგვისტოს "არსენალმა" 4.5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. "მას თამაში ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე შეუძლია, თუმცა მე მას მცველების წინ, საყრდენად ვხედავ." - განაცხადა მისი შეძენის შემდეგ არსენ ვენგერმა. ჟილბერტომ "მეთოფეებში" 6 წელი იასპარეზა. რის შემდეგაც "პანათინაიკოსში" გადაინაცვლა და ბერძნულ კლუბში სამი სეზონის მანძილზე იასპარეზა. ბერძნული კლუბის შემადგენლობაში ერთ-ერთი პირველი მატჩი სილვას უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში "დინამოს" წინააღმდეგ ჰქონდა. იგი მოედანზე 50-ე წუთზე სოტირის ნინისის ნაცვლად გამოჩნდა. ჟილბერტომ კარიერა 2013 წელს "ატლეტიკო მინეიროში" დაასრულა. ბრაზილიის ნაკრებში იგი მსოფლიო ჩემპიონი, ორგზის კონფედერაციათა თასის გამარჯვებული და კოპა ამერიკის ოქროსმედალოსანია. 2001 - 2010 წლებში მან "პენტაკამპეონების" შემადგენლობაში 93 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ჟილბერტო ამჟამად მისივე დაარსებული ქუჩის ფეხბურთის ლიგას ხელმძღვანელობს ლონდონში. მას უყვარს გიტარაზე და მანდოლინაზე დაკვრა. როდესაც იგი ლონდონში გადავიდა დროდადრო ადგილობრივ პაბში მანდოლინაზე უკრავდა. სილვას საპატივცემულოდ ლონდონის ზოოპარაკში ჭიანჭველაჭამიას მისი სახელი დაარქვეს.

გაელ კლიში - 12 მატჩი

არსენ ვენგერი კლიშის ჯერ კიდევ 16 წლის ასაკიდან აკვირდებოდა, 2003 წლის ივნისში ფრანგი სპეციალისტი კლიშის საკუთარ სახლში ესტუმრა და კონტრაქტი შესთავაზა. "შენ ითამაშებ" - ეს ორი სიტყვა საკმარისი იყო "კანის" განაპირა მცველისათვის და მისი ოჯახისათვის რათა ლონდონში გადასვლის სიკეთეებში დარწმუნებულიყვნენ. კლიში პირველი სეზონის მანძილზე ეშლი კოულის შემცვლელი იყო. საკლუბო დებიუტი სესკ ფაბრეგასთან ერთად შედგა, 2003 წლის 28 ოქტომბერს ასოციაციის თასზე "როტერჰემის" წინააღმდეგ. ის მატჩი ლონდონელებმა პენალტებში 9:8 მოიგეს, კლიშიმ პენალტი ზუსტად შეასრულა. კლიშიმ ლონდონში 8 სეზონი გაატარა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 264 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 2011 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლიში 7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა. კლიშიმ "ეტიჰადზე" პრემიერლიგა კიდევ ორჯერ მოიგო და კლუბი 2017 წელს დატოვა. ამჟამად 32 წლის ფრანგი მცველი სტამბოლის "ბასაქშეჰირის"  ღირსებას იცავს. 2008-2014 წლებში კლიშიმ საფრანგეთის ნაკრებში 22 მატჩი ჩაატარა.

სოლ კემპბელი - 35 მატჩი

სოლ კემპბელი "არსენალში" "ტოტენჰემიდან" 27 წლის ასაკში გადავიდა და დაცვის ლიდერად უმალვე იქცა. არსენ ვენგერმა სოლი მას შემდეგ შეიძნა რაც აღმოაჩინა რომ მისი შემტევები კემპბელის წინააღმდეგ უძლურნი იყვნენ. "მისგან იმხელა ძალა მოდიოდა რომ უბრალოდ შეურყეველი იყო" - განაცხადა მოგვიანებით ვენგერმა. 2003/04 წლების სეზონში კემპბელმა 35 მატჩი ითამაშა და ყველა მათგანი ძირითადში. 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კემპბელმა "ბარსელონასთან" ანგარიში გახსნა, თუმცა "მეთოფეები" 2:1 დამარცხდნენ. 2006 წელს "იუვენტუსთან" ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ კემპბელი 1.7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "პორტსმუტში" გადავიდა სადაც სამი სეზონი ითამაშა. შემდეგ იყო "ნოთს ქაუნთი" და დაბრუნება "არსენალში" სადაც სოლმა მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, კარიერა კი 2011 წელს "ნიუკასლში" დაასრულა. კემპბელი ამჟამად "მაკლსფილდის" მთავარი მწვრთნელია.  

ნვანკვო კანუ - 10 მატჩი

ნიგერიელი ფორვარდი "ჰაიბერიზე" 1999 წელს "ინტერიდან" მივიდა და წაუგებელად მოგებული პრემიერლიგა მისი ლონდონური კარიერის ბოლო სეზონის გამონათება იყო.  "მეთოფეთა" რიგებში ჩატარებულ 195 მატჩში კანუმ 43 გოლი გაიტანა და 23 საგოლე  პასი გააკეთა. 2004 წელს კანუ "ვესტ ბრომვიჩში" გადავიდა რასაც 2 წლის შემდეგ "პორტსმუტში" გადაბარგება და კლუბში 6 წლიანი კარიერა მოჰყვა. "ფრატონ პარკის" ბინადართა რიგებში კანუმ 168 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა, 2012 წელს კი კარიერა დაასრულა. კანუ ამჟამად მშობლიურ ნიგერიაში ტელევიზიას ფლობს რომელსაც Kanu Sports TV ჰქვია.  

კოლო ტურე - 37 მატჩი

  კემპბელთან ერთად ტურემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. კოლო ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც დიდ ევროპულ ფეხბურთში პირდაპირ აფრიკიდან მოხვდა, მშობლიური "ასეკ მიმოსადან". მისმა გამოსასყიდმა თანხმა მხოლოდ 150 000 ფუნტი შეადგინა და ეს ყველაფერი 2002 წლის თებერვალში მოხდა. თუმცა სამუშაო ვიზის მიღების პროცედურების გაჭიმვის გამო ტურეს დებიუტი "არსენალში" მხოლოდ მომდევნო სეზონში შედგა. კოლო ტურემ ლონდონში  7 წელი გაატარა და 329 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან მოიგო პრემიერლიგა და ასოციაციის თასი (ორჯერ). ამის შემდეგ კი "მანჩესტერ სიტის " ჯერი დადგა სადაც ტურემ 3 სეზონი ითამაშა და პრემიერლიგა კიდევ ერთხელ მოიგო.  2013 წელს ტურე თავისუფალი აგენტის სტატუსით კიდევ ერთ გრანდს "ლივერპულს" შეუერთდა, კარიერა კი 2017 წელს "სელტიკში" დაასრულა. ამჟამად ტურე "ლესტერში" ბრენდან როჯერსის თანამშემწედ მუშაობს.  

ჟერემი ალიადიერი - 10 მატჩი

ჟერემი "არსენალის" აკადემიის პროდუქტი იყო, თუმცა მისი ლონდონური კარიერა წარმატებული ვერ გამოდგა. 6 წლის მანძილზე როცა ალიადიერი "არსენალს" ეკუთვნოდა იგი სამ კლუბში იყო განათხოვრებული და ლონდონელთა რიგებში სულ 50 მატჩი ჩაატარა სადაც 9 გოლი გაიტანა, კლუბი კი 2007 წელს დატოვა და  "მიდლსბროს" შეუერთდა. "რივერსაიდზე" ფრანგმა სამი წელი გაატარა და 86 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ალიადიერემ კარიერა 2017 წელს "ლორიანში" დაასრულა.

დევიდ ბენტლი - 1 მატჩი

  ბენტლიმ რომელიც სწორედ "არსენალის" აღზრდილი იყო იმ სეზონშიც და ზოგადად 5 წლიან ლონდონურ კარიერაშიც მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ბენტლიმ კარიერა 2013 წელს 29 წლის ასაკში დაასრულა, მან განაცხადა რომ "ფულმა და სოციალურმა მედიამ" იგი რობოტად აქცია და გადაწყვიტა მეტი დრო შვილებისთვის დაეთმო. ბენტლიმ ინგლისის ნაკრებში 7 მატჩი ჩაატარა. ბენტლი ამჟამად საპლაჟო კლუბების ბიზნესს ფლობს.  

ჯასტინ ჰოიტი - 1 მატჩი 

ჰოიტი "არსენალის" აკადემიის აღზრდილია. თუმცა იმ ლეგენდარულ სეზონში ის მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მოედანზე, ისიც შეცვლაზე. ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშის შემდეგ იგი უშედეგოდ ელოდება ინგლისელთა ეროვნული ნაკრებიდან გამოძახებას რის გამოც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტრინიდადისა და ტობაგოს სახელით გამოსვლაზე უარი თქვა. საბოლოოდ მას თამაში მაინც ტრინიდადში მოუწია  სადაც 2013-2016 წლებში 18 მატჩი ჩაატარა. ჯასტინმა ლონდონი 2008 წელს დატოვა, საკლუბო კარიერის მანძილზე კი ყველაზე მეტი მატჩი "მიდლსბროში" ითამაშა ( 162 მატჩი, 2 გოლი). ამჟამად 34 წლის ჰოიტი MLS-ს "ცინცინატის" ღირსებას იცავს.     საბოლოო ჯამში "არსენალმა" იმ სეზონში 26 მატჩი მოიგო და 12 ფრე ითამაშა და პრემიერლიგა დაუმარცხებლად მოიგო. ეს ლონდონელთათვის რიგით მე-13 და ჯერჯერობით უკანასკნელი საჩემპიონო ტიტული იყო.

სხვა სტატიები