Belive

2008 წლის 10 ამომავალი ინგლისელი ვარსკვლავი - სად არიან ისინი ახლა?

4 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
2008 წელს, გავლენიანმა ინგლისურმა გამოცემა The Guardian-მა ტოპ-10 ინგლისელი ამომავალი ვარსკვლავი გამოავლინა, რომელთაც ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 11 წლის შემდეგ, სად არიან და როგორ განვითარდა ტალანტების კარიერა?

10. ჰენრი ლანსბერი 

Untitled
"არსენალის" აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი. შეიძლება ითქვას, რომ ჰენრი ლანსბერიმ მასზე დამყარებული იმედები და პროგნოზები ვერ გაამართლა. ნახევარმცველი, რომელსაც ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, ჩემპიონშიპის ბინადარი "ნოტინგემის" რიგებში ასპარეზობდა. "ასტონ ვილაში" გადასულ ჰენრი ლანსბერის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება უჭირს.

9. ჯეკ როდველი 

"რიო ფერდინანდთან შედარებით იგი ძლიერი და სწრაფია" - ასე ახასიათებდნენ 17 წლის ასაკში ჯეკ როდველს. იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირებზე "ევერტონის" შემადგენლობაში იასპარეზა. 2012 წელს, "მანჩესტერ სიტისთან" გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, როდველს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა "ქალაქელთა" მაისური მან მხოლოდ 16 შეხვედრაში მოირგო. "მანჩესტერ სიტის" შემდეგ, როდველმა 3 წელი "სანდერლენდის" რიგებში გაატარა, შემდეგ კი "ბლექბერნის" მაისური მოირგო. აღსანიშნავია, რომ ჯეკ როდველმა 2011-13 წლებში ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში სამჯერ იასპარეზა - მისი პერფორმანსი კი სამარცხვინოდ შეფასდა.

8. ჯონ ბოსტოკი

შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ტალანტი, რომელსაც ახასიათებდნენ, როგორც მაღალ, ელეგანტურ და გასაოცარ ფეხბურთელად. ჯონ ბოსტოკი 16 წლის ასაკში შეუერთდა "ტოტენჰემს" თუმცა მისი კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც ნავარაუდევი იყო. წარუმატებელი ინგლისური კარიერის შემდეგ, ჯონ ბოსტოკმა ბედი საფრანგეთში სცადა. 2017 წელს, იგი საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამჟამად იგი "ტულუზას" ღირსებას იცავს.

7. ჯონჯო შელვი

"გოლების გამტანი ნახევარმცველი" - სწორედ ამ მეტსახელით სარგებლობდა ჯონჯო შელვი, როდესაც "ჩარლტონიდან" "ლივერპულში" გადავიდა. მერსისაიდულ გრანდში შელვიმ 3 სეზონი გაატარა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ იგი იმ ტალანტად დარჩა, რომელმაც სრული პოტენციალის გამოვლენა ვერ შეძლო. "სუონსის" შემადგენლობაში გამოჩენამ, შელვის კარიერა კვლავ გააცოცხლა. ამჟამად შელვი "ნიუკასლის" ღირსებას იცავს და საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს. ინგლისის ნაკრების მაისური შელვიმ უკანასკნელად 2015 წეს მოირგო. 2017 წელს, "ნიუკასლში" გატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, არაერთი მიმომხილველი მიიჩნევდა, რომ მას ნაკრებში კვლავ გამოიძახებდნენ - თუმცა ეს არ მომხდარა.

6. ჯეკ უილშირი

ჯეკ უილშირი "არსენალის" აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ტალანტი იყო. უილშირი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში"არსენალის" მაისური მოირგო. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, კი იგი "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ხვდებოდა. სამწუხაროდ, მუდმივმა ტრავმიანობამ უილშირის კარიერას დაღი დაასვა. ჯეკ უილშირი 2018 წლიდან "ვესტ ჰემის" რირსებას იცავს. ინგლისის ნაკრების მაისურით მან 34 შეხვედრის გამართვა შეძლო.

5. დანი დრინქუოთერი

დრინქუოთერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ორივე ფეხით შესანიშნავი პასის გაკეთება შეეძლო. 2016 წელს, "ლესტერის" ჩემპიონობაში დანი დრინქუოთერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რის შემდეგაც 35 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "ჩელსის" შეუერთდა. სამწუხაროდ, "არისტოკრატების" რიგებში დრინქუოთერს თავის დამკვიდრება გაუჭირდა და მხოლოდ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" დრინქუოთერს საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა - შეიძლება ითქვას, რომ იგი საკმაოდ კარგი ნახევარმცველია.

4. ფაბიან დელფი

2008 წელს, "ლიდსის" ამომავალი ვარსკვლავის შეძენა "არსენალს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურდათ. შეიძლება ითქვას, რომ ფაბიან დელფს ბრწყინვალე კარიერა აქვს. 2018 წელს იგი "მანჩესტერ სიტის" რიგებში პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა და ინგლისის ნაკრების განაცხადში იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზა. ფაბიან დელფმა ინგლისის ნაკრებში და "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობაში თავის დამკვიდრება შეძლო.

3. ვიქტორ მოზესი

2007 წელს, "კრისტალ პალასის" აკადემიიდან მოყოლებული ვიქტორ მოზესმა საკმაოდ დიდი გზა განვლო. "უიგანში" გატარებული 4 სეზონის შემდეგ, მოზესმა "ჩელსის" მაისური მოირგო. "ძლიერი, სწრაფი და ტექნიკური" - ასე ახასიათებდნენ ვიქტორ მოზესს. "სტემფორდ ბრიჯზე" ვიქტორ მოზესს საწყის პერიოდში თავის დამკვიდრება გაუჭირდა, თუმცა მოგვიანებით ანტონიო კონტე მას რეგულარულად იყენებდა. ამჟამად მოზესი იჯარის წესით "ფენერბახჩეს" ღირსებას იცავს.

2. დანი უელბეკი  

დანი უელბეკზე საუბრისას შეიძლება ითქვას, რომ მას ურიგო კარიერა ნამდვილად არ აქვს. საკითხავია, როგორ განვითარდებოდა მისი კარიერა რომ არა ტრავმები. უელბეკის კარიერა ინგლისის ორ უდიდეს კლუბში ("მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი") განვითარდა. ინგლისის ნაკრების მაისურით ჩატარებული 42 შეხვედრა და გატანილი 16 გოლი - ნამდვილად არაა ცუდი შედეგი ფეხბურთელისგან, რომელსაც ნვანკო კანუს ადარებდნენ.

1. ჯორდან ჰენდერსონი

შეიძლება ითქვას, რომ ათეულის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. ჯორდან ჰენდერსონმა "ლივერპულში" სტივენ ჯერარდის როლი და გუნდის კაპიტნის სამკლავური მოირგო. მერსისაიდული გრანდის რიგებში ჩატარებული 240 მატჩის შემდეგ, ჯორდან ჰენდერსონი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მიღწეული წარმატების ფონზე, "ლივერპულს" ერთი ნაბიჯი დააკლდა პრემიერ ლიგის სანუკვარი ტიტულის მოპოვებამდე. ბრწყინვალე საკლუბო კარიერის პარალელურად, ჰენდერსონი ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერადაც მოგვევლინა. ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრების მაისური 50 შეხვედრაში მოირგო.

სხვა სტატიები