Belive

2018 წლის 15 საუკეთესო თინეიჯერი ფეხბურთელი

5 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
გავლენიანმა სპორტულმა ტაბლოიდმა. Gola.com-მა 1999 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაბადებულ ფეხბურთელთა საუკეთესო თხუთმეტეული გამოაქვეყნა.

#15 სანდრო ტონალი (ბრეშა; იტალია)

18 წლის იტალიელი ფეხბურთელი, სანდრო ტონალი "ბრეშაში" თამაშობს. ის იტალიის 19 წლამდე ნაკრების წევრია. პოზიციით ნახევარმცველია და მას თამაშის სტილით ანდრეა პირლოს ადარებენ. პირლოს მსგავსად, მასაც მომავალში უკავშირებენ იტალიური კლუბების ელიტას: "იუვენტუსს", "მილანს", "ინტერს". სანდრო ტონალი იტალიის "სერია B"-ში ასპარეზობს.
~

#14 ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი; ინგლისი)

18 წლის ინგლისელი ფეხბურთელი, ფილ ფოდენი "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავს. პეპ გუარდიოლა მას სათამაშო დროს აძლევს. ინგლისელ ნახევარმცველს ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. ეროვნულ გუნდში ის ჯერ არ გამოუძახებიათ. გასულ სეზონში ფოდენი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც "პრემიერლიგის" მედალი მოიგო. ესპანელ სპეციალისტს, პეპ გუარდიოლას ფოდენის იმედი აქვს და მას სამომავლოდ მნიშვნელოვან მოთამაშედ მიიჩნევს.

#13 რაიან სესინიონი (ფულემი; ინგლისი)

რაიან სესინიონი 18 წლის ინგლისელი შემტევი ნახევარმცველია. ის "ფულემის" ღირსებას იცავს და ლონდონურ კლუბში 2016 წლიდან თამაშობს. 20 ოქტომბერს ის გახდა 2000 წელს დაბადებული პირველი მოთამაშე, რომელმაც "პრემიერლიგაში" ბურთი გაიტანა. სესინიონს "ფულემის" შემადგენლობაში 100 თამაში აქვს ჩატარებული და 24 ბურთი გატანილი. მას ფოდენის მსგავსად ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

#12 დიეგო ლაინეზი (ამერიკა; მექსიკა)

18 წლის მექსიკელი მოთამაშე, რომელიც მექსიკის ჩემპიონატში, მეხიკოს კლუბ "ამერიკას" ღირსებას იცავს. ის გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. "ამერიკას" შემადგენლობაში 51 თამაში აქვს ჩატარებული და 5 ბურთი აქვს გატანილი. ლაინეზის მექსიკის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები აქვს და ის უკვე მექსიკის ეროვნული გუნდის წევრია. მისი მეტსახელია "მექსიკელი მესი".

#11 მატეო გენდუზი (არსენალი; საფრანგეთი)

19 წლის უნიჭიერესი მოთამაშე, ფრანგი მატეო გენდუზი ლონდონის "არსენალის" ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში ის "მეთოფეებმა" "ლორიენიდან" შეიძინეს. გენდუზი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და მას ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები აქვს. "არსენალმა" მასში 7 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

#10 ალბან ლაფონტი (ფიორენტინა; საფრანგეთი)

ალბან ლაფონტი 19 წლის ფრანგი მეკარეა, რომელიც "ფიორენტინას" ღირსებას იცავს. ფლორენციულ კლუბში ის მიმდინარე სეზონში, "ტულუზადა" გადავიდა, სადაც 2015 წლიდან თამაშობდა. ლაფონტი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც დებიუტი საფრანგეთის "ლიგა 1"-ში ჰქონდა. მაშინ ის 16 წლის და 310 დღის იყო.

#9 ჯასტინ კლიუვერტი (რომა; ჰოლანდია)

რეიტინგის მე-9 ადგილზე ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელის, პატრიკ კლიუვერტის შვილი, ჯასტინ კლიუვერტია. ჯასტინი 19 წლისაა და გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. მან კარიერა ამსტერდამის "აიაქსში" 2016 წელს დაიყო. ჰოლანდიურ კლუბში მან 56 თამაში ჩაატარა და 13 ბურთი გაიტანა. გასულ ზაფხულს კი იტალიაში, "რომაში" გადაბარგდა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მას დებიუტი ჰქონდა. კლიუვერტს ჰოლანდიის ნაკრების ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები აქვს.

#8 როდრიგო (სანტოსი; ბრაზილია)

ბრაზილიელი ფეხბურთელი როდრიგო "სანტოსის" ღირსებას იცავს. ეს მისი პირველი პროფესიონალური კლუბია. როდრიგო მხოლოდ და მხოლოდ 17 წლისაა. როდრიგო თავდამსხმელია და 60 თამაშში 12 ბურთი აქვს გატანილი. 1 მარტს როდრიგო გახდა "სანტოსის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ლიბერტადორესის თასზე უთამაშია. ზუსტად 2 კვირაში კი ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბრაზილიელი, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე ბურთი გაიტანა. როდრიგო ბრაზილიის 20 წლამდე ნაკრების წევრია.

#7 ვინიციუს ჟუნიორი (მადრიდის რეალი; ბრაზილია)

ვინიციუს ჟუნიორი 18 წლის ბრაზილიელი მოთამაშეა, რომელიც მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავს. მან პროფესიონალური კარიერა 2017 წელს "ფლამენგოში" დაიწყო. ვინიციუსს სათამაშო დრო ბოლო პერიოდში ეძლევა და 9 თამაშში 2 ბურთის გატანა უკვე მოახერხა.

#6 ჟედსონ ფერნანდეში (ბენფიკა; პორტუგალია)

19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი, ჟედსონ ფერნანდეში "ბენფიკას" ფეხბურთელია. ის პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს. ჟედსონს პორტუგალიის ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნათამაშები. ასევე, ეროვნული ნაკრების წევრია.

#5 რეის ნელსონი (ჰოფენჰაიმი; ინგლისი)

19 წლის ინგლისელი გარემარბი, რეის ნელსონია, რომელიც "არსენალის" საკუთრებაა, თუმცა "მეთოფეებმა" ის "ჰოფენჰაიმში" გაანათხოვრეს. გერმანულ კლუბში მან 17 თამაში ჩაატარა და 6 ბურთი გაიტანა. თავად ნელსონს კი არაერთხელ აღუნიშნავს, რომ "არსენალის" ლეგენდობა მისი ოცნებაა. ნელსონი ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ასევე მას ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები აქვს.

#4 ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი; იტალია)

ჯიჯი დონარუმა ასაკის მიუხედავად საკმაოდ გამოცდილი მეკარეა. ის ჯერ 19 წლისაა, თუმცა 2015 წლიდან "მილანის" ღირსებას იცავს და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. იტალიური კლუბის შემადგენლობაში მას უკვე 141 თამაში დაუგროვდა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, იტალიის ნაკრებში ჯიჯი სტაბილურად განაცხადშია. მას მუდმივად აქებს მისი ლეგენდარული წინამორბედი, ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც აღნიშნავს, რომ დონარუმა კარიერის პიკში მსოფლიოს საუკეთესო კიპერი იქნება.

#3 ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდის ბორუსია; ინგლისი)

სანჩო 18 წლის ინგლისელი გარემარბია, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს და დორტმუნდის "ბორუსიას" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. სანჩოს გერმანულ კლუბში 34 თამაში აქვს ჩატარებული და 7 ბურთი აქვს გატანილი. ამასთან ის შედეგიანი საგოლე გადაცემებით გამოირჩევა. ეროვნულ ნაკრებში სანჩოს დებიუტი ერთა ლიგაზე შედგა. მან 3 თამაში ჩაატარა. სანჩო ერთ-ერთ ყველაზე იმედმომცემ ინგლისელ მოთამაშედ ითვლება.

#2 კაი ჰავერტცი (ლევერკუზენი; გერმანია)

კაი ჰავერტცი 19 წლის გერმანელი ნახევარმცველია, რომელიც ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას იცავს. მისი კარიერა 2016 წელს დაიწყო. "ბაიერის" მაისური მან 84-ჯერ მოირგო და 15 ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა და 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გერმანიაში მას მიხაელ ბალაკსა და ტონი კროსს ადარებენ. ლარს ბენდერის განცხადებით, მას 19 წლის ასაკში ასეთი დაღვინებული მოთამაშე ჯერ არ უნახავს. მიმდინარე წლის აპრილში, ჰავერტცი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც "ბუნდესლიგაში" 50 თამაში ჩაატარა.

#1 მატიას დე ლიხტი (აიაქსი; ჰოლანდია)

რეიტინგის პირველი ადგილი 19 წლის ცენტრალურმა მცველმა, მატიას დე ლიხტმა დაიკავა. დე ლიხტი 2016 წლიდან "აიაქსის" ღირსებას იცავს. 86 თამაშში 9 ბურთი აქვს გატანილი. ის ეროვნული ნაკრების შეუცვლელი ფიგურა გახდა. სულ რამდენიმე დღის წინ კი ოქროს ბიჭის წოდება მიიღო. ლეგენდარული ჰოლანდიელი მეკარის, ედვინ ვან დერ საარის განცხადებით, დე ლიხტი იმდენად საიმედო და გაწონასწორებულია, რომ შთაბეჭდილება იქმნება ის რამდენიმე წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს. მატიასით "ბარსელონა" არის დაინტერესებული ჰოლანდიელი ფეხბურთელი შესაძლოა "ნოუ კამპზე" ვიხილოთ.

სხვა სტატიები