Belive

2018 წლის ზაფხულის 15 საუკეთესო ტრანსფერი

5 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
გასულ ზაფხულს ბევრი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. ზოგმა გაამართლა, ზოგმაც ვერა. ყველაზე ხმაურიანი კი კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" "იუვენტუსში" გადაბარგება იყო. წარმოგიდგენთ ზაფხულის 15 საუკეთესო ტრანსფერს.

#1 ტომას ლემარი - "მონაკოდან" "ატლეტიკოში"

ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც "მონაკოში" კარგ სეზონებს ატარებდა, ესპანური გრანდის თვალთახედვის არეში მოექცა და ზაფხულში მადრიდს მიაშურა, სადაც "ატლეტიკოს" მაისური მოირგო. ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასმა 65 მილიონი ევრო შეადგინა. ლემარმა მიმდინარე სეზონში "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 22 თამაში ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

#2 დელი ბლინდი - "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "აიაქსში"

ჰოლანდიელი ფეხბურთელი სამშობლოში, კერძოდ "აიაქსში" დაბრუნდა. მანამდე მან 4 სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ითვლებოდა. მიმდინარე სეზონში ბლინდმა უკვე ჩაატარა 31 შეხვედრა. გაიტანა 3 ბურთი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა. მისი სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.

#3 ანდრე სილვა - "მილანიდან" "სევილიაში"

პორტუგალიელი თავდამსხმელი ესპანეთში გადავიდა. მან "მილანი" დატოვა და "სევილიას" მიაშურა. 23 წლის ფეხბურთელმა სეზონი აქტიურად და კარგად დაიწყო. ერთი მომენტი ის "ლა ლიგის" ბომბარდირთა სიასაც ლიდერობდა. მიმდინარე სეზონში ის არენდით თამაშობს "სევილიას" რიგებში. ანდრე სილვამ მიმდინარე სეზონში 23 თამაში ჩაატარა და 9 ბურთის გატანა მოასწრო და 2 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

#4 ჟოაო მოუტინიო - "მონაკოდან" "ვულვჰემპტონში"

პორტუგალიელი გამოცდილი ნახევარმცველი ჟოაო მოუტინიო "პრემიერლიგაში" გადავიდა. "ვულვჰემპტონმა" ზაფხულში გაძლიერება გადაწყვიტა და რამდენიმე მოთამაშე შეიძინა, მათ შორის მოუტინიოც. მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში, "ვულვზის" რიგებში მან 19 თამაში ჩაატარა, 1 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

#5 ანდრე გომეში - "ბარსელონადან" "ევერტონში"

კიდევ ერთი პორტუგალიელი, რომელმაც კლუბი შეიცვალა ანდრე გომეშია. ის "ბარსელონას" ღირსებას იცავდა და "იცავდა" ხმამაღალი ნათქვამია. ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო ესპანურ გრანდში. მიმდინარე სეზონი კი გომეშმა "ევეტონში" დაიწყო. მისი სატრანსფერო ფასი 28 მილიონ ევროს შეადგენს. გომეში "ევერტონში" უკეთესია და მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

#6 კშიშტოფ პიატეკი - "კრაკოვიადან" "ჯენოაში"

პოლონელი თავდამსხმელი, რომელიც "სერია ა"-ში გადმოვიდა და კარგ სეზონს ატარებს. პიატეკი "ჯენოამდე" "კრაკოვიას" ღირსებას იცავდა, სადაც ასევე წარმატებით თამაშობდა. იტალიელებმა პოლონელი 900 ათას ევროდ შეიძინეს და ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ავროა. პიატეკმა მიმდინარე სეზონში 20 თამაში ჩაატარა, 19 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ტრანსფერი წარმატებულია.

#7 არტური - "გრემიოდან" "ბარსელონაში"

ახალგაზრდა, 22 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი კატალონიური გრანდის სამიზნე ჯერ კიდევ გასულ სეზონში გახდა. არტურის შეძენა ესპანელებმა ზაფხულში მოახერხეს. არტური "გრემიოდან" 30 მილიონის სანაცვლოდ წავიდა. ახლა კი მისი სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს. მან შეძლო და მოიპოვა ერნესტო ვალვერდეს ნდობა და ხშირად ძირითადშიც ხვდებოდა. ტრავმა არტურმა ახლახანს მოიშუშა და შემადგენლობას დაუბრუნდა. თამაშის სტილით ხავის ადარებენ. მიმდინარე სეზონში 18 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

#8 ჯერდან შაჩირი - "სტოკიდან" "ლივერპულში"

შვეიცარიის ნაკრების ლიდერი "სტოკიდან" "ლივერპულში" გადავიდა. "სტოკმა" გასული სეზონში საშინლად ჩაატარა და "ჩემპიონშიპში" დაქვეითდა. შაჩირის დონისა და კლასის ფეხბურთელს დაბალ დივიზიონში არაფერი ესაქმებოდა. "ლივერპულმა" ეს შანსი გამოიყენა და შვეიცარიელი საკუთარ რიგებში გადაიყვანა. შაქირი მერსესაიდულ გრანდში 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში რამდენიმე კარგი თამაში ჩაატარა. მაგალითად "მანჩესტერ იუნაიტედთან", სადაც შეცვლაზე შემოვიდა და დუბლი გაიფორმა. 18 თამაშში 6 ბურთი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

#9 როდრიგო - "ვილიარეალიდან" "ატლეტიკოში"

22 წლის ესპანელი ფეხბურთელი, როდრი, როგორც მას ეძახიან, ზაფხულში "ატლეტიკოში" გადავიდა. მანამდე ის "ვილიარეალის" ღირსებას იცავდა. მადრიდელებმა როდრიში 20 მილიონი ევრო გადაიხადეს. მიმდინარე სეზონში მან 23 თამაში ჩაატარა და 2 ბურთი გაიტანა.

#10 ფელიპე ანდერსონი - "ლაციოდან" "ვესტ ჰემში"

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც "ლაციოს" ლიდერად ჩამოყალიბდა, ზაფხულში "პრემიერლიგაში" გადავიდა და "ვესტ ჰემის" მაისური მოირგო. ლონდონურ კლუბში მან ადვილად გაიარა ადაპტაცია და იქაც ლიდერად იქცა. მისი სატრანსფერო ფასი 38 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ფელიპე ანდერსონმა 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

#11 პაკო ალკასერი - "ბარსელონადან" "ბორუსიაში"

ესპანელი თავდამსხმელი, პაკო ალკასერი საოცრად კარგად თამაშობს "ბორუსიას" შემადგენლობაში. ის გერმანიაში "ბარსელონადან" გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა. მიმდინარე სეზონში პაკომ 16 თამაში ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

#12 კრიშტიანუ რონალდუ - "რეალიდან" "იუვენტუსში"

ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი "იუვენტუსს" ეკუთვნის. გუნდმა საკუთარ რიგებში მადრიდის "რეალიდან" მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ გადაიყვანა. ტურინელებმა პორტუგალიელში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს. რონალდუ სეზონის სტარტზე მძიმედ გამოიყურებოდა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, მალევე გაიხსნა და დღეს კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა. მიმდინარე სეზონში რონალდუმ 23 თამაში ჩაატრა, 13 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

#13 ლუკას ტორეირა - "სამპდორიადან" "არსენალში"

ურუგვაელი ნახევარმცველი, ლუკას ტორეირა "სერია ა"-დან "პრემიერლიგაში" გადაბარგდა. მან უნაი ემერის ნდობა მოიპოვა და კარგადაც გამოიყურება. მისი სატრანსფერი ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ტორეირამ 25 თამაში ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

#14 ჟოაო კანსელო - "ვალენსიადან" "იუვენტუსში"

პორტუგალიელი მარჯვენა მცველი, ჟოაო კანსელო "იუვენტუსის" შეუცვლელ ფიგურად იქცა. გასულ ზაფხულს ის "ვალენსიადან" შეიძინეს. კანსელოს სატრანსფერო ფასი 55 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი მაღალ დონეზე თამაშობს და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მან 15 თამაში ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

#15 ალისონი - "რომადან" "ლივერპულში"

ბრაზილიელი მეკარე, ალისონ ბეკერი საოცარ სეზონს ატარებს. მან თავი "რომაში" თამაშით დაგვამახსოვრა. მისი კარგი თამაში "ლივერპულს" შეუმჩნეველი არ დარჩა და ალისონი თავის რიგებში გადაივანა. ის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე იყო, მანამ, სანამ "ჩელსი" კეპას შეიძენდა. ბრაზილიელი მეკარე მერსესაიდელებმა 60 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში "პრემიერლიგაში" ალისონს ყველაზე ნაკლები ბურთი აქვს გაშვებული. ალისონის ტრანსფერმა გაამართლა.

სხვა სტატიები