Belive

22 უიმედო 90 წუთი ჩვენს ცხოვრებაში

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მხოლოდ ამბიციები შეგვრჩა. გვგონია, რომ რაიმეთი განვსხვავდებით ჯუჯა სახელმწიფოების გუნდებისგან და იმისი მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი თაობა რაღაცას შეცვლის: ყენია შალკეშია, მჭედლიძე ბუფონს უტანს, ლორიას რეალისა და ბარსელონას სკაუტები აკვირდებიან, ანანიძე პერსპექტიულია. შეგიძლიათ, ჩამონათვალი გააგრძელოთ და დღევანდელობამდე მოვიდეთ.  სულ ასე ხდება: მარცხს, სადაც გუნდი მოედანზე უძრავად დგას და 90 წუთის შესრულებას ელოდება, მეტწილად მწვრთნელს ვაბრალებთ და ვამბობთ რომ X ფეხბურთელის ნაცვლად, მას ძირითად შემადგენლობაში მეორე X უნდა დაეყენებინა. არადა, მარტივი მათემატიკაა: X=X და აქ სიღრმისეული განხილვის დრო არაა. თუკი მოედანზე დგას ფორვარდი, რომელსაც გოლი არასოდეს გააქვს და მის ნაცვლად შემოდის თავდამსხმელი, რომელსაც გოლი ასევე არასოდეს გააქვს, რა იცვლება? საწყენია, სანერვიულოა, გასაბრაზებელია, დასაღონებელია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ: ძალიან ცუდი გუნდი გვყავს, რომელიც ქვეყანაში არსებული არაერთი პრობლემის ფონზე, დამატებით, უიმედობის შეგრძნებას ქმნის. ქართველმა ჟურნალისტებმა ვლადიმერ ვაისს ობსტრუქცია მოუწყვეს და ჩრდ. მაკედონიასთან უსუსური მარცხი სლოვაკ სპეციალისტს დააბრალეს. ეს შეცდომა იყო. არ ვაღიარეთ ის ფაქტი, რომ საკუთარ მოედანზე მოთამაშე ფეხბურთელებმა, ისტორიულ მატჩში, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში 1 სახიფათო მომენტიც ვერ შექმნეს. პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავარ მწვრთნელს დაეკისრა. ვაისი წავიდა. ჩისკოც წავიდა "დინამო თბილისიდან". ვაისის "ბრატისლავა" სლოვაკეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ჩისკოს "უოტფორდი" კი პრემიერ ლიგაში "ტოტენჰემს" ეჭიდავება. სულ ცოტა ხნის წინ, რატომღაც გვჯეროდა, რომ კოსოვოს ნაკრებს დავამარცხებდით. ალბათ კვარაცხელიას იმედზე. გვეიმედებოდა, რომ კვარა ევროპაში წავიდოდა, მაგრამ "პერეგავორებმა" არ გაამართლა. იქნებ მაინც წავიდეს და გაასწროს, იქნებ გავიხაროთ, მაგრამ ფეხბურთი ხომ გუნდური სპორტია? განა 1 კაცი ყველაფერს ცვლის? კვარას გარეშე, იმედი კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდა. მოგვიგო ქვეყანამ, რომლის სუვერენიტეტს საერთოდ არ ვაღიარებთ. გაიმარჯვა კოსოვომ, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე, ისტორიაში პირველი მატჩი მოიგო. მერე კი, ესპანეთის ნაკრებმა ცალკარა გვეთამაშა და მატჩის ბოლოს, მეკარეც კი შეცვალა. ხვდებით, როგორ დაგვამცირეს? გავაკეთოთ დასკვნები. ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ ცრუ იმედები გვაქვს და პოზიტიური განწყობა აღარ უნდა შევიქმნათ. ან როგორ უნდა ვიყოთ დაიმედებულები, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ 22 მატჩში 1 გამაჯვებაც ვერ მოვიპოვეთ? როდესაც ბოლოს მოვიგეთ, გუნდს ქეცბაია წვრთნიდა. მას შემდეგ, 22-ჯერ, უიმედო 90-მა წუთმა, ჯამში კი 9 წელმა ჩაიარა. ჩვენ, პანდემიის გამო მოედანზე არმყოფი და ტელევიზორის ეკრანს მიჯაჭვული გულშემატკივრები, ნებისმიერ მარცხს შევეგუებით, სადაც ნამდვილ ბრძოლას, გამარჯვების ჟინსა და წყურვილს დავინახავთ. ფეხბურთელებს გავამხნევებთ და მათ გვერდში დავდგებით, მაგრამ ასეთი მარცხი, უბრალოდ, უპატიებელია. უკვე ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ამბიციები, 40 წლის წინ მოგებული თასების თასი დავივიწყოთ და დროა ვთქვათ, რომ დღეს აღარაფერი გამოგვდის და რომ ბოლო 5 წელიწადში დახარჯული 250 მილიონი ლარი მხოლოდ იმაში დაგვეხმარა, რომ უარესი შედეგები არ გვქონოდა. უზომოდ გულდასაწყვეტია, მაგრამ ესაა და ეს.

სხვა სტატიები