Belive

242 მაყურებლიდან ენფილდამდე - რობერტსონის ტრიუმფის 6-წლიანი გამაოგნებელი გზა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულში" გადასვლიდან 2 წელში ენდი რობერტსონმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შოტლანდიელი მცველი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს "ჰალთან" ერთად პრემიერლიგიდან გავარდა, საოცარ პროგრესს განიცდის. დავიწყოთ წინა სეზონით. რობერტსონი "ენფილდზე" თავის პირველ ჩემპიონთა ლიგურ მატჩს მეოთხედფინალში, "სიტისთან" ატარებს. "ლივერპულის" სტადიონზე დებიუტი წარმატებული გამოდგა, რადგანაც მერსესაიდელებმა მეტოქე სტუმრად 0:3 დაამარცხეს. რაც შეეხება განმეორებით მატჩს, ენდის აღნიშნულ თამაშთან დაკავშირებით ნამდვილად უცნაური მოგონება ექნება. იურგენ კლოპის შეგირდებმა 10 აპრილს "სიტის" საკუთარ მოედანზეც მოუგეს (2:1) და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. ახალგაზრდა მარცხენა მცველმა მწვრთნელისგან კვლავ 90 წუთი მიიღო. საინტერესო კი ისაა, რომ ხსენებულ მატჩამდე ზუსტად 6 წლით ადრე, 10 აპრილს, რობერტსონმა სულ რაღაც 242 ადამიანის წინაშე, "ქუინს პარკის" მაისურით "ანანთან" ითამაშა და 1:2 წააგო. მოგვიანებით, შოტლანდიის მე-3 ლიგაში, კლუბ - "დანდი იუნაიტედში" მოასპარეზე რობერტსონი "ჰალმა" 3 მილიონ ევროდ წაიყვანა. სწორედ "ჰალი" აღმოჩნდა ენდისთვის საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი ტრამპლინი. იქ გატარებული 3 წლის შემდეგ, რობერტსონი "ლივერპულმა" 9 მილიონად გადაიბირა. კლოპის გუნდში გატარებულ სადებიუტო სეზონში 25 წლის ენდიმ 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2017 წლის სეზონის პირველ ნახევარში შოტლანდიის ნაკრების კაპიტანს სათამაშო დრო კი შეუმცირდა, მაგრამ ყველაფერი მალევე გამოსწორდა. ენდი რობერტსონი, რომელიც 2010 წელს სამსახურსა ეძებდა, თანაგუნდელებთან ერთად "ლივერპულის" დაცვის გაუვალ კედელად იქცა. ასევე, შოტლანდიელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგაში ჯამში 11 ასისტი მოაგროვა.

სხვა სტატიები