Belive

მოდრიჩი: "უკვე 35 წლის ვარ, მაგრამ მგონია, რომ 8 წლით ახალგაზრდა ვარ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ლუკა მოდრიჩმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ბერგამოელთა დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. გარდა იმისა, რომ მოდრიჩი მოედნის ცენტრში მიმდინარე თამაშის კარნახს, ჩვეულებისამებრ, მშვიდად წარმართავდა, მან თამაშის დასაწყისში საგოლე პასიც გააკეთა. მოდრიჩის თამაშით აღფრთოვანებული იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი. ფრანგი სპეციალისტის თქმით, კროოსი-მოდრიჩის წყვილი ფენომენალურ ფეხბურთს თამაშობს და რთულია იმისი თქმა, რომ ხორვატი ფეხბურთელი უკვე 35 წლისაა. თავის მხრივ, თამაში ლუკა მოდრიჩმაც შეაფასა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
"ატალანტას ძლიერი მხარე კარგი პრესინგია - ფეხბურთელები თავს მთელი თამაშის განმავლობაში არ განებებენ. ბენზემამ გოლი მნიშვნელოვან მომენტში გაიტანა - მან ჩვენ თავდაჯერებულობა შეგვმატა. უკვე 35 წლის ვარ, მაგრამ მგონია, რომ 8 წლით ახალგაზრდა ვარ. საერთოდაც, ასაკი მნიშვენლოვანი არაა - მთავარია, თუ რას აკეთებ მოედანზე. მე კვლავ გამარჯვების წყურვილი ვარ და მსურს, რომ უმაღლეს დონეზე დიდი ხნის განმავლობაში ვითამაშო" - აღნიშნა ლუკა მოდრიჩმა.
მოდრიჩი "რეალს" 2012 წელს შეუერთდა. შეიძლება დღეს უცნაურად ჟღერდეს, თუმცა მადრიდული კარიერის სტარტზე, მას ძირითად შემადგენლობაში თამაში რეგულარულად არ უწევდა, თუმცა ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე, მან სასტარტო თერთმეტეულში შეუცვლელი ფეხბურთელის ადგილი დაიმკვიდრა. ხორვატ ფეხბურთელს "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფდულში ეწურება. ესპანური მედიის ცნობით, მადრიდული გრანდი მას 1-წლიან კონტრაქტს ზაფხულამდე გაუფორმებს.

სხვა სტატიები