Belive

5 დაუვიწყარი მატჩი: დავით ხარაბაძე

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მაშინ, როცა მსოფლიო აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას მოწყვეტილია, გულშემატკივარს ძველი სპორტული კლასიკის გადასამეორებლად მეტი დროც აქვს და არც სხვა გზა გააჩნია. ჩვენს რუბრიკაში, ვცდილობთ ის მატჩები გაგახსენოთ, რომლებმაც ფეხბურთის ქომაგს ამაღელვებელი ემოციები დაუტოვა. ამჯერად, თავისთვის ხუთ დაუვიწყარ მატჩს "დინამო თბილისის" და საქართველოს ნაკრების ექიმი, დავით ხარაბაძე გაიხსენებს.

ნიგერია-იტალია 1:2 (1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი)

მას მერე, რაც ფეხბურთის გულშემატკივრობა დავიწყე, გააზრებულად მსოფლიო ჩემპიონატს პირველად 1994 წელს ვუყურე. მაშინ 13 წლის ვიქნებოდი. იტალიას ვგულშემატკივრობდი, რომელსაც ნიგერიასთან ურთულესი შეხვედრის ჩატარება მოუწია. აფრიკელები მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ და მხოლოდ 88-ე წუთზე, რობერტო ბაჯოს მიერ გატანილი გოლით აღადგინეს წონასწორობა. ბაჯომ დამატებით დროშიც გაიტანა და აპენინელებს მეოთხედფინალის საგზური მოუპოვა. ამერიკაში გამართულ მუნდიალზე, საყვარელი ნაკრების ტრიუმფამდე ცოტა დამაკლდა, სამწუხაროდ, ხსენებულნა ბაჯომ 11-მეტრიანი გააცუდა და იტალია ვერცხლის მედლებს დასჯერდა.
 

მანჩესტერ სიტი-ქპრ 3:2 (2011/12 წლების სეზონი, პრემიერლიგა)

მინდა გამოვყო ინგლისის პრემიერლიგის 2011/12 წლების სეზონის დრამატული ფინალი. ორი მანჩესტერული გრანდი პარალელურად თამაშობდა, "იუნაიტედმა" "სანდერლენდი" კი დაამარცხა, მაგრამ მათი გამარჯვება თავდაყირა დადგა მას შემდეგ, რაც იმავე ქალაქში აგუერომ სასწაული ჩაიდინა და "ქალაქელებმა" "ქპრ-ს" სძლიეს.  

მადრიდის რეალი-ატლეტიკო 4:1 (2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი)

უცნაურია, მაგრამ იტალიური ფეხბურთის სიყვარულის მიუხედავად, საკლუბო დონეზე მადრიდის "რეალს" ვქომაგობ. ჩემთვის დაუვიწყარია, 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მთელი მატჩის განმავლობაში, "სამეფო კლუბი" აგებდა, მაგრამ 93-ე წუთზე, სერხიო რამოსმა "ატლეტიკოს" კარი საფირმო თავური დარტყმით აიღო და საბოლოოდ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "ბლანკოსებმა" ეს ტურნირი კიდევ ერთხელ მოიგეს.
 

გერმანია-იტალია 0:2 (2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი)

2006 ჩემთვის დაუვიწყარი საფეხბურთო წელიწადია. ამ დროს, მას მერე პირველად, რაც ფეხბურთს ვუყურებ, იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. ამ პერიოდში, ოთხი მუნდიალით მოცდა და წაგებული ფინალის ყურება მომიწია. ნახევარფინალში "სკუადრა აძურამ" მასპინძელ, ბრწყინვალე გერმანიას სძლია, ჯერ გროსოს, მერე კი დელ პიეროს გოლებით ფინალში გავიდა და ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.
 

ესპანეთი-საქართველო 0:1 (2016 წელი, ამხანაგური მატჩი)

დაბოლოს, მინდა გამოვარჩიო შეხვედრა და სიხარული, რომელსაც ვერც იტალიის და ვერც მადრიდის "რეალის" ტრიუმფით გამოწვეული ვერცერთი ემოცია ვერ შეედრება. 2016 წელს, მადრიდში, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის უძლიერესი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში (0:1) დაამარცხა. ვარსკვლავებით გამოჭედილ მოქმედ ევროპის და ექს-მსოფლიო ჩემპიონთან გამარჯვება, ზეიმი გასახდელში თუ აეროპორტის გზაზე არასდროს დამავიწყდება.  

სხვა სტატიები